მიგრანტების დაცვა და დახმარება

ნებაყოფლობით დაბრუნებასა და რეინტეგრაციაში დახმარების (AVRR) პროგრამების მეშვეობით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მიზნად ისახავს იმ მიგრანტების მოწესრიგებულ, ჰუმანურ და ეკონომიკურად ხელსაყრელ დაბრუნებასა და რეინტეგრაციას, რომლებსაც არ შეუძლიათ ან არ სურთ მასპინძელ ქვეყნებში დარჩენა და უნდათ თავიანთ სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნება. AVRR პროგრამების ბენეფიციარებს შორის არიან თავშესაფრის მაძიებლები, რომლებსაც უარი თქვათ თავშესაფრის მიღებაზე, ან პირები, ვისაც, სავარაუდოდ, ემუქრება ამგვარი შუამავლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფრთხე, არალეგალური მიგრანტები, ქვეყანაში იძულებით ჩარჩენილი მიგრანტები, ტრეფიკინგის მსხვერპლნი და სხვა მოწყვლადი ჯგუფები, მათ შორის, თანმხლები პირების გარეშე დარჩენილი არასრულწლოვნები, მოხუცები ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები.

საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ახორციელებს ხსენებულ AVRR პროგრამას როგორც ევროპაში არსებული დანიშნულების ქვეყნებიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისათვის, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები უცხოელებისათვის, რათა დაეხმაროს მათ თავიანთ სამშობლოში დაბრუნებაში.

საქართველოში ნებაყოფლობითი დაბრუნების მხარდაჭერა

დაბრუნებისა და რეინტეგრაციის პაკეტი, როგორც წესი, მოიცავს უფასო მგზავრობას, აეროპორტში დახმარებასა და მეორად ტრანსპორტირებას, პროფესიულ მომზადებას, დროებითი საცხოვრებლისა და სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას კონკრეტული ქვეყნებიდან დაბრუნებული რეპატრიანტებისათვის, ისევე როგორც შემოსავლის მომტანი საქმიანობის წამოწყებაში ხელშეწყობას. AVRR პროგრამების ძირითადი მიზანია, უპირველეს ყოვლისა, იმ მიზეზების მინიმუმამდე დაყვანა, რომელთა გამოც რეპატრიანტებს მოუწიათ საზღვარგარეთ წასვლა (დასაქმებისა და შემოსავლების არარსებობა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ.), რათა სამომავალოდ მათთვის მიგრაცია იქცეს არჩევნად და არა აუცილებლობად.

ბოლო 10 წლის განმავლობაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გაწეული იქნა დახმარება უცხოეთის 30 ქვეყნიდან საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნების 7993 საქმეში (საქართველოს 9926 მოქალაქე). ძირითადი ქვეყნები, საიდანაც ხდებოდა დაბრუნება, იყო: საბერძნეთი, გერმანია, ბელგია, პოლონეთი და შვეიცარია. იმავე პერიოდის განმავლობაში, 3695 შემთხვევაში საქართველოში გაწეულ იქნა დაბრუნების შემდგომი დახმარება. მოხდა შემოსავლის მომტანი 2083 საქმიანობის დაფინანსება სოფლის მეურნეობის, მეცხოველეობის, სხვადასხვა საქონელით ვაჭრობის, საცხობების, ტექნიკური მომსახურებისა და სხვა   დარგებში. 165-მა ბენეფიციარმა წარმატებით გაიარა სხვადასხვა სახის ტრენინგი - ძირითადად, მომსახურების სექტორში (სილამაზის სალონები, IT-ტექნოლოგიები), საბუღალტრო საქმესა და უცხო ენებში. დასაქმდა 166 ადამიანი. 522 ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარება. 274 ოჯახი დაკმაყოფილდა დროებითი საცხოვრებლით და 365 შემთხვევაში მოხდა დახმარების გაწევა საარსებო წყაროს უზრუნველყოფისა და საყოფაცხოვრებო ნივთების მიწოდების გზით.  მიღება და მეორადი ტრანსპორტირება საბოლოო დანიშნულების ადგილამდე საქართველოს მასშტაბით განხორციელდა 324 შემთხვევაში. 

2017 წლის მარტში ვიზა-ლიბერალიზაციის შემოღების შემდეგ გაიზარდა საზღვარგარეთ გამგზავრებული საქართველოს მოქალაქეების რიცხვი და შესაბამისად, მატულობს იმ ადამიანთა რიცხვიც, რომლებიც სხვადასხვა გზით ბრუნდებიან - მათ შორის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით.  

 

საქართველოდან ნებაყოფლობითი დაბრუნების ხელშეწყობა

2013 წლიდან მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი ახორციელებს კომპლექსურ AVRR პროგრამას საქართველოში მცხოვრები უცხოელებისათვის, რომლებიც შინ დაბრუნების სურვილს გამოთქვამენ, მაგრამ საამისო რესურსები არ გააჩნიათ. ეს პროგრამა მოიცავს გამგზავრებამდე გასაწევ კონსულტაციასა და ჰუმანიტარულ დახმარებას, მგზავრობის ორგანიზებასა და ხელშეწყობას შემდგომ რეინტეგრაციაში მათ მშობლიურ საზოგადოებრივ ჯგუფებში, რაც მიიღწევა მათ მშობლიურ ქვეყნებში განლაგებული მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისების ჩართულობით.

ამ ცალკეული პირების მიმოსვლის ორგანიზების გარდა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ხელს უწყობს საქართველოს ხელისუფლებას დაბრუნების მართვის მაღალი სტანდარტების შემუშავებაში, მათ შორის, დროებითი განთავსების ცენტრში დაბინავებული მიგრანტებისათვის, იმ პრინციპზე დაყრდნობით, რომ ნებაყოფლობით დაბრუნებას უნდა ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა იძულებითი დაბრუნების ალტერნატივასთან შედარებით.

უკანასკნელი 6.5 წლის განმავლობაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია 531 მიგრანტს დაეხმარა შინ ღირსეულად დაბრუნებაში.