მიგრაციის პოლიტიკა და კანონმდებლობა

მიგრაციის მონაცემთა შეგროვების, მართვისა და პრაქტიკაში გამოყენების ეფექტურობა მიგრაციის მართვის მზარდი სფეროა. დღესდღეობით მას სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. მიგრაციის მონაცემებისადმი ინტერესი განაპირობა მიგრაციის ფენომენის მზარდმა პოლიტიზებამ, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობამ და მონაცემთა ახალმა წყაროებმა, რომლებსაც გააჩნია მიგრაციის იმ ასპექტებზე სინათლის მოფენის პოტენციალი, რომლებიც აქამდე ნაკლებად შეისწავლებოდა. ახალმა პოლიტიკურმა და ტექნოლოგიურმა რეალობებმა შეუქმნა ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები ორგანიზაციებს, რომლებსაც აკისრიათ მიგრაციის მონაცემთა მართვის დავალება. აქედან გამომდინარე, საჭიროა არსებული მდგომარეობისა და სამომავლო შესაძლებლობების განახლებული ხედვა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა მიგრაციის საკითხთა სახელმწიფო კომისიის სამდივნოსთან (SCMI) მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანიცაა მიგრაციის მონაცემთა ანალიზის საკითხებში საქართველოს ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერება. პროექტის ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მიგრაციის მონაცემთა მართვის სტრუქტურის შექმნას. ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანი წინაპირობა, მიგრაციის მონაცემთა ანალიზის თანამედროვე ეროვნული ინფრასტრუქტურა, უკვე შემუშავებულია მთავრობის მიერ. 2016-17 წლებში საქართველოში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ (PSDA) მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით შექმნა მიგრაციის ერთიანი ანალიტიკური სისტემა, იგივე UMAS-ი. UMAS-ი შემუშავებულ იქნა სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციის შეგროვების, კონსოლიდაციისა და გაანალიზების  მიზნით, რათა დახმარებოდა მიგრაციასთან დაკავშირებული პოლიტიკის უფრო ეფექტურ და თანმიმდევრულ მხარდაჭერას ყველა შესაბამის სამთავრობო სამინისტროში. UMAS-ი მუშაობს ტესტირების რეჟიმში და მას დაცული, მიღებული და დამუშავებული აქვს მონაცემების მრავალი პაკეტი ქვეყანაში არსებული ადმინისტრაციული მონაცემების ძირითადი წყაროებიდან. მიუხედავად თანამედროვე ტექნიკური გადაწყვეტებისა, ანალიტიკური შესაძლებლობების არარსებობა ხელს უშლის სისტემის ძირითადი მიზნის შესრულებას, რომელიც მიგრაციის ტექნიკურად დახარისხებული და დამუშავებული მონაცემების ფაქტიურ ანალიზში მდგომარეობს.

საქართველოს მთავრობამ დააფინანსა სისტემისათვის საჭირო ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება. ახლა უკვე არსებობს ფუნქციონალურობა PSDA-სათვის ხელმისაწვდომ მონაცემებთან ერთად. საქართველოს მთავრობამ თხოვნით მიმართა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, დახმარებოდა მას შესაძლებლობების გაძლიერებაში მის მიერ დამუშავებული კონსოლიდირებული მონაცემების ანალიზის კუთხით. ზოგადად, საქართველოს მთავრობაში არსებობს მნიშვნელოვანი დეფიციტი კვალიფიციური კადრებისა, რომლებსაც გააჩნიათ საჭირო უნარ-ჩვევები იმისათვის, რომ დახვეწონ, გაანალიზონ და აწარმოონ მნიშვნელოვანი პროდუქტები ამჟამად მათ ხელთ არსებული ინფორმაციის გამოყენებით. უნარ-ჩვევების ეს დეფიციტი ასევე ნიშნავდა იმას, რომ საქართველოს მთავრობამ ვერ შეძლო თანმიმდევრული სტრატეგიის შემუშავება ამ მონაცემების გამოსაყენებლად და საერთო მეთოდოლოგიისა და პროცესების ჩამოყალიბება სახელმწიფოს მასშტაბით მონაცემთა სამართავად და გასაზიარებლად, რაც ხელს უშლის პროგრესს მონაცემების ჯეროვანი ანალიზისა და ინფორმაციაზე დაფუძნებული  პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების გზაზე.