საქართველოს მისიის მიმოხილვა

საქართველოში IOM 1993 წლიდან მოღვაწეობს. გასული ორნახევარი ათწლეულის განმავლობაში IOM საქართველოს მთავრობას დაეხმარა მიგრაციის მართვის ეფექტიანი სისტემის შემუშავებაში, რომელსაც შეუძლია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კომპლექსური რეაგირების მოხდენა მზარდ მიგრაციულ გამოწვევებზე. IOM-მა საქართველოს გაუზიარა თავისი გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა მოქმედება საგანგებო სიტუაციებში და კრიზისის შემდგომი რეაგირება, მიგრანტთა ჯანდაცვა, იმიგრაცია და საზღვრის მართვა, ადამიანით ვაჭრობის და საზღვრის კვეთის წესების დარღვევის თავიდან აცილება და მათთან ბრძოლა, მიგრაციის პოლიტიკა და კვლევა. მიგრაციის სფეროსთან კავშირში მყოფ ყველა სტრუქტურაში განხორციელდა ორგანიზაციული გაძლიერების ღონისძიებები. საქართველოში IOM-ის მთავარი ოფისი არის თბილისში. ორგანიზაციას აქვს აგრეთვე ოთხი ოფისი ბათუმში, ქუთაისში, ფოთსა და თელავში.    

IOM მუშაობს საქართველოს მთავრობასთან იმ მიმართულებით, რომ მიგრაციის მართვა შესაბამისობაში იყოს საერთაშრისო სტანდარტებთან და ეფუძნებოდეს კანონის უზენაესობას და მიგრანტთა უფლებებს. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან კოორდინაციით IOM მხარდაჭერას უწევს მიგრაციის ეროვნული სტრატეგიის შესრულებას, რისთვისაც ის ხელს უწყობს რეგიონულ და საერთაშორისო თანამშრომლობას. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიასთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად IOM-ს წვლილი შეაქვს საქართველო-ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაში და საქართველოს ეხმარება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებაში, მიგრაციის მართვის სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა მექანიზმების მეშვეობით. საქართველოსთან მუშაობის და თანამშრომლობის ფარგლებში IOM მხარს უჭერს გლობალური კომპაქტის შესრულებას, რომელსაც საქართველოს მთავრობამ ხმა მისცა 2018 წლის დეკემბერში. როგორც გაეროს საქართველოში წარმომადგენლობის ნაწილი, IOM ასევე აქტიურად უწყობს ხელს "მდგრადი განვითარების მიზნების" (SDGs) მიღწევისკენ მიმართულ ღონისძიებებს.