შრომის მობილურობა და ადამიანის განვითარება

შრომითი მიგრაცია

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ხელს უწყობს ორგანიზებული დროებითი შრომითი მიგრაციის სქემების განვითარებას, რაც არაორგანიზებული და უკანონო მიგრაციის ყველაზე ეფექტიანი ალტერნატიული გზაა.

 

2016-2017 წლებში IOM საქართველოს მისიამ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განვითარების ფონდის (IDF) მიერ დაფინანსებული პილოტური პროექტის “დროებითი შრომითი მიგრაცია პოლონეთსა და ესტონეთში“ ფარგლებში, განახორციელა მთელი რიგი აქტივობები საქართველოს ხელისუფლების პოტენციალის განსავითარებლად დროებითი შრომითი მიგრაციის მართვის სფეროში; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, შეიმუშავა და პრაქტიკაში განახორციელა საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ ორგანიზებული დროებითი დასაქმების  სქემა, რომლის გამოყენებითაც პოლონეთის რესპუბლიკაში კანონიერად დასაქმდა რამდენიმე ათეული საქართველოს მოქალაქე.

2017 წლის ნოემბრიდან დღემდე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)" ფარგლებში, IOM აგრძელებს შრომითი მიგრაციის მართვისა და სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის სფეროში საქართველოს მთავრობის პოტენციალის განვითარებას, ასევე კონკრეტულ პარტნიორ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების დროებით კანონიერ დასაქმებას. ეს უკანასკნელი გულისხმობს უცხოელი დამსაქმებლის მიერ მოწოდებული ვაკანსიის შესაბამისი პროფილის, გამოცდილებისა და უნარების მქონე პოტენციური შრომითი მიგრანტების დახმარებას დამსაქმებელთან დაკავშირებაში, საზღვარგარეთ გამგზავრებისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში, გამგზავრების ორგანიზებაში.  ყველა შრომით მიგრანტს საზღვარგარეთ გამგზავრებამდე უტარდებათ გამგზავრებისწინა ორიენტაციის ტრენინგი.

 

მიგრაცია და განვითარება

საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების საკითხებზე 2006 წლის 14-15 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს წევრ-სახელმწიფოებს შორის უმაღლეს დონეზე შემდგარი დიალოგი გადამწყვეტი მომენტი გახდა გაეროს წევრი-სახელმწიფოების მიერ იმ გზებისა და საშუალებების განსახილველად, რომლებიც უზრუნველყოფენ საერთაშორისო მიგრაციის განვითარებისთვის  გამოყენებას და მიგრაციის თანმდევი რისკებისა და ნეგატიური შედეგების მინიმუმამდე შემცირებას. იგივე მიდგომებია ასახული გაერო-ს "მდგრადი განვითარების დღის წესრიგი - 2030"-ის მიზნებში  (მიზანი 10.7).

მიგრაციის დადებითი პოტენციალის გამოყენება მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური განვითარების დაჩქარების, საინვესტიციო რესურსების მოზიდვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, ინფრასტრუქტურის განვითარების, ისე სოციალური პრობლემების შერბილების მიზნით.

IOM საქართველოს მისია 2010 წლიდან ახორციელებს აქტივობებს საქართველოს განვითარებისთვის მიგრაციის პოტენციალის გამოსაყენებლად. მაგალითად,  2010-2011 წლებში განხორციელდა პროგრამა  „მაღალკვალიფიცირებული ქართველი დიასპორელების დროებითი მივლინებები საქართველოში"  (TRQN). ამ პროგრამის ორი ფაზის განმავლობაში საზღვარგარეთ მომუშავე მაღალკვალიფიციური 29 დიასპორელის 60-მდე მივლინება იქნა განხორციელებული საქართველოს საჯარო და კერძო ორგანიზაციებში, სამოქალაქო სექტორში, ეკონომიკის, განათლების, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროებში. დიასპორის წარმომადგენლები რამდენიმე თვის განმავლობაში უშუალოდ იყვნენ ჩართულნი კონკრეტული ორგანიზაციების საქმიანობაში და უფასოდ უწევდნენ პროფესიულ კონსულტირებას.

„მიგრაციისა და განვითარების“ (M&D) მიმართულებით IOM საქართველოს მისიის აქტივობები არსებითად გაფართოვდა და კომპლექსური გახდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)" ფარგლებში. ეს აქტივობები ხორციელდება 2 ძირითადი მიმართულებით: 1. საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, მიგრანტებისა და დიასპორული ორგანიზაციების ცნობიერების ამაღლება M&D-ის საკითხებზე მიზნობრივი ტრენინგებისა და საინფორმაციო შეხვედრების გზით; 2. მიგრაციის ასახვა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პოლიტიკაში (ადგილობრივი განვითარების სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმები, მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამები, საინვესტიციო პროექტები, სოციალური პროექტები, ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების განვითარების ხელშეწყობა და ა.შ.). 

LHD monthly brief