თბილისმა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მოქმედ საერთაშორისო ექსპერტებს და მოლდოვას, უკრაინისა და ბელარუსის სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს უმასპინძლა


 

ორშაბათი, ოქტომბერი 28, 2019

2019 წლის 24-25 ოქტომბერს, თბილისში, IOM-ის და იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა რეგიონული კონფერენცია „შრომითი ექსპლუატაციის მიზნით ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლა და პრევენცია: გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკა“. კონფერენციის ფარგლებში სამთავრობო სტრუქტურების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და საერთაშორისო ექსპერტებს საშუალება ჰქონდათ განეხილათ შრომითი ექსპლუატაციის მიზნით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სფეროში იდენტიფიცირების, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის და პრევენციის მიმართულებით არსებული გამოწვევები, გაეზიარებინათ საუკეთესო პრაქტიკა და დაეგეგმათ კოორდინირებული საპასუხო მიდგომები. IOM აქტიურად თანამშრომლობს სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორთან რეკრუტირების პროცესებში არსებული შესაძლო ხარვეზების აღმოფხვრის და იმ მიგრანტთა უფლებების დაცვის მიმართულებით, რომლებიც უკეთესი ეკონომიკური პირობების ძიებაში არიან. 

 

საქართველომ, უკრაინამ, მოლდოვამ და ბელარუსმა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით პროგრესს მიაღწიეს, მიიღეს კონკრეტული კანონმდებლობა და განავითარეს ეროვნული მაკოორდინირებელი მექანიზმები და ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეფერალური სისტემები. მიღწევების მიუხედავად, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. შრომითი ექსპლუატაცია რეგიონში ადამიანით ვაჭრობის მთავარ მიზნად რჩება. შესაბამისად, აღნიშნული ქვეყნებისთვის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა შრომის ინსპექტორების შესაძლებლობების გაძლიერება, რომ მათ უკეთ შეძლონ ადამიანით ვაჭრობის დანაშაულის იდენტიფიცირება და მის შესახებ შეტყობინება. რეგიონში არსებული ტენდენციები და ხარვეზები ხაზს უსვამს ერთობლივი ეროვნული ძალისხმევის, სტრატეგიის გაცვლის და მონაწილე მხარებს შორის სინერგიის მნიშვნელობას. მონაწილე ქვეყნების სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებმა გამოთქვეს გაძლიერებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ინტერესი, მოუწოდეს პოლიტიკოსებს, სამართალდამცავ სტრუქტურებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის გაღრმავებისკენ. 

კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ესტუმრენ და მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარეს ეუთოს (OSCE), დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) და ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) წარმომადგენლებმა.

კონფერენცია გახსნეს გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ, საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ელჩმა ჰელენე სანდ ანდერსენმა და მიგრაციის საერთშორისო ორგანიზაციის (IOM) გაეროს მიგრაციის სააგენტოს საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა. კონფერენციის მონაწილეებს შორის იყო უკრაინის ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მაკოორდინირებელი სტრუქტურის, სოციალური პოლიტიკის სამინისტროს მინისტრის მოადგილე სერგეი ნიჟინსკი, რომელმაც უკრაინის ეროვნულ რეფერალურ მექანიზმზე ისაუბრა.

 

ორი დღის მანძილზე, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მოქმედ სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს საქართველოდან, მოლდოვადან, უკრაინიდან და ბელარუსიდან საშუალება ჰქონდათ წარედგინათ საკუთარი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა, ერთობლივად ემსჯელათ მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე და შეემუშავებინათ რეკომენდაციები.

ღონისძიება გაიმართება IOM-ის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის მჭიდრო თანამშრომლობით, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის რეგიონული პროგრამის ფარგლებში. პროგრამის მიზანია საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინასა და ბელარუსში ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერება.