IOM-მა საქართველოში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღე აღნიშნა


 

შაბათი, ოქტომბერი 19, 2019

18 ოქტომბერს IOM-მა, პარტნიორებთან და კოლეგებთან ერთად, საქართველოში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის დღე აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე ქალაქ თელავში აღნიშნა. ღონისძიება დაიწყო სამუშაო შეხვედრით ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან, რომლის ფარგლებშიც მოხდა IOM-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში გამოვლენილი, ადამიანით ვაჭრობის სხვადასხვა ფორმების განხილვა, მათ შორის ქუჩაში მომუშავე ბავშვთა შრომითი ექსპლუატაცია და ინტენსიური შრომა. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა აღნიშნა "დღეს ქალაქ თელავში ჩვენი შეკრების მიზანია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ჩვენი ხედვის გაზიარება და მრავალ პროფილიანი საქმიანობით ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის ეფექტიანობის ზრდა". 

 

 

 

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო თელავში ერეკლე II-ის სასახლის გალავანთან "უხილავნი ჩვენს შორის" გამოფენის გახსნას. კამპანიას "უხილავნი ჩვენს შორის" IOM ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან და იუსტიციის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. ეს არის არტ-ინსტალაცია, რომლის ფარგლებშიც ხის ფიგურებზე წარმოდგენილია ტრეფიკინგის მსხვერპლი პირების, ქალების, მამაკაცების და ბავშვების, რეალური ისტორიები. კამპანია პირველად IOM-მა 2014 წელს უკრაინაში, შემდეგ ბელარუსში და მოლდოვაში ჩაატარა. საქართველომ კამპანიას პირველად 2018 წელს უმასპინძლა.    

 

 

 

ბოლო 10 წლის მანძილზე, ევროკავშირი და IOM მუშაობენ ტრეფიკიორების სისხლის სამართლებრივი დევნის, ტრეფიკინგის მსხვერპლ პირთა დაცვის და დახმარების და ტრეფიკინგის დანაშაულის პრევენციის მიმართულებით. ევროკავშირის მდგრადი მხარდაჭერა შესაძლებლობას გვაძლევს მომავალშიც გავაგრძელოთ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მიმართული საქმიანობა.