„ჩემი უმთავრესი მიზანი, პირველ რიგში ბავშვების ფეხზე დაყენებაა და მეორეს მხრივ, ჩემი საქმიანობის გაგრძელება, რათა შევძლო ფინანსური სტაბილურობის და დამოუკიდებლობის მიღწევა."

ია სულაშვილი, 41 წლის ოთხი-შვილის მარტოხელა დედაა, რომელმაც ცხოვრებაში ბევრი მძიმე განსაცდელი გამოიარა. მისი მიგრაციის ისტორია ათწლეულზე მეტ დროს ითვლის. ამ დროის განმავლობაში მისი ცხოვრება სავსე იყო გულუბრყვილო იმედებით, სასოწარკვეთით  და წარმოუდგინელი დანაკარგის მომენტებით. დღეს ის საქართველოში IOM-ის დახმარებით დაბრუნდა და ცდილობს ცხოვრება თავიდან დაიწყოს და თავის შვილებთან ერთად მათ უკეთეს მომავალზე კონცენტრირდეს. 

„ნამდვილად რომ არ მქონოდა პრობლემები 2013 წელს, საქართველოს არასოდეს არ დავტოვებდი და ამ ტკივილს და გაორებას ჩემს შვილებს არ მივაყენებდი, რასაც ახლა განიცდიან“ , - აცხადებს ია მისი რთული საემიგრაციო ისტორიის გახსნებისას. 

ია თბილისში მოსიყვარულე ოჯახში დაიბადა და ორ დასთან ერთად ბედნიერი ბავშვობა გაატარა. მან გერმანული ენის ბაკალავრის ხარისხი მიიღო და მომავალ პროფესიად მასწავლებლობა წარმოედგინა. ყველაფერზე მეტად კი ია დიდ და ბედნიერ ოჯახზე ოცნებობდა. თუმცა, მისი ქორწინების შემდეგ ცხოვრება სხვა გზით წარიმართა. მისი ყოფილი ქმრის ოჯახში კონფლიქტებმა, აგრეთვე ახალშობილი ქალიშვილის ტრაგიკული დაკარგვით გამოწვეულმა იმედგაცრუებამ, ია და მისი ყოფილი მეუღლე სასოწარკვეთაში ჩააგდო და გადაწყვეტეს დაეტოვებინათ საქართველო და უკეთესი ცხოვრება ევროპაში ეძიათ.

მათი მოგზაურობა საფრანგეთში დაიწყო, სადაც 2014 წელს მისი უფროსი ვაჟი, ვასილი დაიბადა. იურიდიული სტატუსის გარეშე ცხოვრება რთული აღმოჩნდა, ზოგჯერ საჭმლის გარეშე საკუთარ მანქანაში ძილიც კი უწევდათ. უკეთესი შესაძლებლობების ძიებაში ისინი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდნენ, სადაც მისი მეორე ვაჟი, ჯემალი დაიბადა, მაგრამ სტაბილური საცხოვრებლისა და მხარდაჭერის გარეშე, ორი მცირეწლოვანი შვილის აღზრდა ძალიან რთული იყო. 2016 წელს სტაბილურობისთვის საქართველოში დაბრუნება დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან მის მესამე შვილს, გაბრიელს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნა. ხარისხიანი ჯანდაცვის მისაღებად, მათ თავშესაფარი შვეიცარიაში ითხოვეს. თუმცა, მათი განაცხადი თავშესაფრის თაობაზე უარყოფილი იქნა. შვეიცარიაში რთული შვიდი წლის თავზე, იამ ვერ შეძლო ფინანსური სტაბილურობის დემონსტრირება, რის შემდეგაც მისი შვილები სოციალურ თავშესაფარში მოათავსეს. 
 

ია, მის ოთხ შვილთან ერთად, საკუთარ სახლში, საქართველოში. ფოტო: IOM Georgia/2025

“შვეიცარიაში, ჩემთვის ყველაზე რთული პერიოდი იყო როდესაც შვილები თავშესაფარში ცხოვრობდნენ, იმიტომ რომ ჩემი შვილები ჩემთვის ყველაფერია“, - იხსენებს ია თვალცრემლიანი.  

ეს აღმოჩნდა იასთვის გარდამტეხი და მან გადაწყვიტა მეტი აღარ გაერისკა. როგორც კი სასამართლომ მას შვილები დაუბრუნა, იამ ნებაყოფლობით დაბრუნების თხოვნით მიგრაციის საერთაშიროსო ორგანიზაციას (IOM) მიმართა. 2024 წლის სექტემბერში ია ოთხ შვილთან ერთად საქართველოში დაბრუნდა - ამჯერად დარჩენის გადაწყვეტილებით.

ია IOM საქართველოს მისიას ჯერ კიდევ შვეიცარიიდან დაუკავშირდა და მიიღო კონსულტაცია საქართველოში დაბრუნებასა და რეინტეგრაციის დახმარებასთან დაკავშირებით. შვეიცარიის დაფინანსებით, იამ მცირე რეინტეგრაციის გრანტი მიიღო, რომლის დახმარებით მან სპეციალური საკლასო ოთახი მოაწყო და საჭირო მასალებითა და წიგნებით აღჭურვა, რათა დაბრუნებისთანავე გერმანული ენის კურსების შეთავაზება დაეწყო. იასთვის მთავარი საზრუნავი მისი შვილების კეთილდღეობაზე ზრუნვააა და ის იმედოვნებს, რომ ენის კურსები ფინანსურ სტაბილურობას მოუტანს.

„ჩემი უმთავრესი მიზანი, პირველ რიგში ბავშვების ფეხზე დაყენებაა და მეორეს მხრივ, ჩემი საქმიანობის გაგრძელება, რათა შევძლო ფინანსური სტაბილურობის და დამოუკიდებლობის მიღწევა,“ - ამბობს ია. იგი იმედოვნებს, რომ IOM-ის მიერ გაწეული მხარდაჭერა მას ამ მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

იას ისტორია გამონაკლისი არ არის. ბოლო წლებში, ქართველების დიდი რაოდენობა ითხოვდა თავშესაფარს შვეიცარიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, უკეთესი მომავლის საძიებლად. თუმცა, წარმატების მაჩვენებელი საოცრად დაბალია. ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის 99%-ზე მეტი საქმე უარყოფილია, რადგანაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაშია შესული. შესაბამისად, ქართველი განმცხადებლების უმეტესობას დეპორტაცია ემუქრება ან ისინი ნებაყოფლობით დაბრუნებას ირჩევენ.

„არარეგულირებადი მიგრაციის გზები ძალიან რთულია, განსაკუთრებით ბავშვების მქონე ოჯახებისთვის, რადგან ისინი ხშირად აწყდებიან დიდ გამოწვევებს და გაჭირვებას ამ გზებზე. რეინტეგრაცია არასოდეს არის ადვილი, მაგრამ სწორი მხარდაჭერით, დაბრუნებულებს შეუძლიათ ღირსეულად აღადგინონ თავიანთი ცხოვრება. იას ისტორიაც ოჯახის სიძლიერისა და ადამიანის სულის გამძლეობის დასტურია“, - აღნიშნავს ლარს იოჰან ლოუნბეკი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი. 

ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართველი მიგრანტების დაბრუნების მაჩვენებელი საქართველოში, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებიდან. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში საქართველოში 2003 წლიდან ახორციელებს ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის (AVRR) პროგრამებს. ამ დროის განმავლობაში, IOM-მა 20 ათასზე მეტ მიგრანტს დაეხმარა დაბრუნებაში და 6 ათასზე მეტ დაბრუნებულს გაუწია რეინტეგრაციის მხარდაჭერა.

მართალია იას ოცნებები უკეთეს ცხოვრებაზე საზღვარგარეთ დაიმსხვრა, თუმცა მან ძალა სახლში დაბრუნებაში იპოვა. ახლა ის კონცენტრირებულია ცხოვრება ხელახლა დაიწყოს და შვილებისთვის დამსახურებული სიყვარული და უსაფრთხოება უზრუნველყოს - ერთად, იმ ადგილას, რომელსაც ისინი სახლს უწოდებენ.