საქართველოში IOM-ის საინფორმაციო კამპანიის ძირითადი ამოცანებია:

  • უსაფრთხო მიგრაციის ხელშეწყობა;
  • პოტენციური მიგრანტების მხარდაჭერა მიგრაციის შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.

უსაფრთხო მიგრაცია ხდება ყველა მიგრანტის უფლებების პატივისცემის, დაცვისა და შესრულების კონტექსტში, მიუხედავად მათი მიგრაციის სტატუსისა, მიგრაციის ციკლის ყველა ეტაპზე. უსაფრთხო მიგრაცია გამორიცხავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, მათ შორის რასიზმს, ქსენოფობიასა და შეუწყნარებლობას მიგრანტებისა და მათი ოჯახების მიმართ.

უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის/შენგენის ზონაში

საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის/შენგენის ზონის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლა მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით, ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში, მხოლოდ 90 დღე შეუძლიათ. ჩამოტვირთე Schengen/EU APP მობილური აპლიკაცია Google და App Store-იდან, რომელიც საშუალებას მოგცემს გამოთვალო შენგენის ზონაში გატარებული და უვიზო მიმოსვლის წესების შესაბამისად, დარჩენილი დღეების რაოდენობა.

ევროკავშირის/შენგენის ზონის ტერიტორიაზე ცხოვრების ნებართვის ან გრძელვადიანი ვიზის გარეშე, 90 დღეზე მეტი დროით დარჩენა არის უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევა, რასაც შესაძლოა მოჰყვეს გაძევება ან/და ფულადი ჯარიმა ან/და შესვლის აკრძალვა რამდენიმე წლით.

დარწმუნდით, რომ არ აჭარბებთ შენგენის ზონაში უვიზოდ გატარებული დღეების რაოდენობას, გამოიყენეთ შენგენის ზონაში გატარებული და უვიზო მიმოსვლის წესების შესაბამისად დარჩენილი დღეების გამომთვლელი. უვიზო მიმოსვლის ფარგლებში დასაქმება დაუშვებელია!

როგორც წესი, ევროკავშირის ქვეყნებში არ არის დაშვებული უვიზოდ ყოფნის მიზნის შეცვლა და გრძელვადიანი ვიზის აღების პრაქტიკა. თუ გსურთ შეცვალოთ ევროკავშირის/შენგენის ზონაში ყოფნის მიზანი, უნდა დაბრუნდეთ საქართველოში და გრძელვადიანი ვიზის (სასწავლო ან სამუშაო ვიზიტი, ოჯახის გაერთიანება და ა.შ) მისაღებად განაცხადი გააკეთოთ.

გაწევრიანდი IOM-ის FB ჯგუფში "უვიზოდ ევროპაში", მიიღე ინფორმაცია ამ და მიგრაციასთან დაკავშირებულ სხვა თემებზე და გაეცანი პასუხებს ხშირად დასმულ კითხვებზე.

მუშაობა საზღვარგარეთ

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ხელს უწყობს კანონიერი დროებითი შრომითი მიგრაციის სქემების განვითარებას, რაც უკანონო მიგრაციის ალტერნატიული გზაა. ევროკავშრის მხარდაჭერით IOM-ი მუშაობს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერებაზე შრომითი მიგრაციის მართვისა და სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის სფეროში, ასევე კონკრეტულ პარტნიორ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების დროებით კანონიერ დასაქმებაზე. ეს უკანასკნელი გულისხმობს, უცხოელი დამსაქმებლის მიერ მოწოდებული ვაკანსიის შესაბამისი პროფილის, გამოცდილებისა და უნარების მქონე პოტენციური შრომითი მიგრანტების დახმარებას დამსაქმებელთან დაკავშირებაში, საზღვარგარეთ გამგზავრებისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებაში და გამგზავრების ორგანიზებაში.
 

გამგზავრებისწინა ორიენტაციის ტრენინგები შრომითი მიგრანტებისთვის

შრომით მიგრანტებს საზღვარგარეთ გამგზავრებამდე უტარდებათ სპეციალური ტრენინგი, რომლის ფარგლებშიც, მიეწოდებათ ინფორმაცია მიმღებ ქვეყანაში შრომითი მიგრანტების დროებითი კანონიერი დასაქმების შესაძლებლობების, მიგრანტების შრომითი და სოციალური უფლებების შესახებ, ასევე იღებენ ინფორმაციას მიმღები ქვეყნის ისტორიისა და ტრადიციების, გამგზავრების, ჩასვლის და ცხოვრების პირობების, ეროვნული კულტურისა და ეტიკეტის შესახებ, რომელთა ცოდნა მათ დაეხმარება წარმატებულ შრომით საქმიანობასა და ახალ გარემოსთან ადაპტაციაში.

გაწევრიანდი ჩვენს FB ჯგუფში "უვიზოდ ევროპაში" და მიიღე ყველა შესაბამისი ინფორმაცია ერთ სივრცეში.

სწავლა საზღვარგარეთ

საზღვარგარეთ სწავლა საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს მიიღონ დამატებითი ცოდნა და ცხოვრებისეული გამოცდილება. შესაძლებლობები ბევრია, მაგრამ მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი ინფორმაციის კრიტიკული შეფასება იმის გადასაწყვეტად, თუ რა არის უკეთესი შენთვის, საქართველოში არსებული შესაძლებლობების გამოყენება, თუ საზღვარგარეთ სწავლა.

თუ უმაღლესი განათლების მიღებას ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში გეგმავ, ეწვიე ევროკომისიის ვებ-პორტალს Study in Europe და მიიღე სასარგებლო ინფორმაცია 30-ზე მეტი ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის და სტიპენდიების მოპოვების შესახებ.

თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნა

ბოლო 10 წლის მანძილზე საქართველომ სტაბილური პროგრესი განიცადა და საერთაშორისო საზოგადოებამ ის უსაფრთხო ქვეყნად აღიარა.საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის კუთხით ეს ნიშნავს იმას, რომ, როგორც წესი, საქართველოს მოქალაქეები იმის საფუძველზე, რომ მათ სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე ან ხდება მათი დევნა, უცხო ქვეყნებში თავშესაფარს ვერ მიიღებენ. უმეტეს შემთხვევაში, ევროკავშირის რომელიმე წევრ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის მიერ თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადი სწრაფ ვადებში განიხილება და უსაფუძვლოდ ჩაითვლება.

უსაფუძვლო განაცხადის შემთხვევაში, სავარაუდოდ მოხდება პიროვნების საქართველოში დაბრუნება. თუ პიროვნება უარს იტყვის ნებაყოფლობით დაბრუნებაზე, ევროპის ქვეყნები მას იძულებით დააბრუნებენ (დეპორტი). დეპორტის შემთხვევაში, ხშირად ადგილი აქვს ხელახალი შესვლის აკრძალვას და მიუხედავად უვიზო რეჟიმის ხელმისაწვდომობისა, პიროვნებას რამდენიმე წლის მანძილზე აღარ ექნება უფლება გადაკვეთოს ევროკავშირის ქვეყნის საზღვარი.

უსაფუძვლო თავშესაფრის მოთხოვნა ჩიხში შეგიყვანს! ერთად დავიცვათ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესები!

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდი IOM-ს და გაწევრიანდი ჩვენს FB ჯგუფში "უვიზოდ ევროპაში".

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენცია

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) საქართველოში 2000 წლიდან მუშაობს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით და ეყრდნობა 4P პრინციპს: დაცვა (protection), ეფექტიანი სისხლის სამართლის დევნის უზრუნველსაყოფად შესაძლებლობების გაძლიერება (prosecution), პრევენცია (prevention) და NGO-ებთან და საერთაშორისო საზოგადოების სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობა (partnership).

პრევენცია გამოსწორებაზე უკეთესია - ამ მიდგომით IOM-ი ატარებს საინფორმაციო კამპანიებს საქართველოში მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად, მოუწოდებს მოსახლეობას შეატყობინოს შესაბამის სამსახურებს საეჭვო შემთხვევების შესახებ და აძლიერებს დაუცველ ჯგუფებს ინფორმაციის მიწოდებით იმის შესახებ, თუ როგორ დაიცვან თავი ადამიანით მოვაჭრეების რეკრუტირების ტაქტიკისგან.

თუ მიგრანტები არარეგულარულად მიემგზავრებიან საზღვარგარეთ სამუშაოდ, ყოველთვის არის რისკი, რომ ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი დამსაქმებელი ამ სიტუაციას გამოიყენებს საკუთარი დანაშაულებრივი სარგებლისთვის.

შრომის ეს ექსპლუატაცია შეიძლება გულისხმობდეს შეზღუდულ თავისუფლებას, გადაადგილებასა და არჩევანს, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, ჯანდაცვისა და სხვა მნიშვნელოვანი სერვისების შეზღუდულ ხელმისაწვდომობას.

შრომითი ექსპლუატაციის კიდევ ერთი საერთო მახასიათებელია ის, რომ ადამიანები მუშაობენ სახიფათო პირობებში არაადეკვატური ანაზღაურებით და ზოგჯერ ანაზღაურების გარეშეც კი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, სამუშაო პირობების შესახებ ინფორმაციის მოგროვება მოხდეს საზღვარგარეთ გამგზავრებამდე.

დახმარების მისაღებად დარეკეთ შემდეგ ნომრებზე:

  • IOM-ის ცხელი ხაზი: (+995) 577 22 05 06
  • სახელმწიფო ფონდი: 116 006
  • კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი: (+995) 032 2411 714

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ქვემოთ მოცემული ვიდეო.