საქართველოს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში, დალი თეთრაშვილის ისტორია ნათელი მაგალითია თუ როგორ შეიძლება მონდომებით და ძლიერი ნებისყოფით, ოცნების ასრულება. საზღვარგარეთ 15 წლის გატარების შემდეგ, დალი სამშობლოში ახლის დაწყების ოცნებით დაბრუნდა.

დალიმ შეძლო თავისი ოცნება საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ აერსულებინა და IOM საქართველოს პროექტის დახმარებით, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განვითარების ფონდის თანადაფინანსებით (IDF) ხორციელდება, მცირე სამკერვალო ბიზნესი წამოიწყო, რომელიც არამხოლოდ შემოსავლის მიღების საშუალება გახდა, არამედ ბევრისთვის შთაგონების წყაროც.  

15 წლის წინ, დალი, ისევე როგორც ბევრი სხვა, საქართველოდან საბერძნეთში გაემგზავრა  უკეთესი შესაძლებლობების საძიებლად, რათა საკუთარი ოჯახისთვის უკეთესი პირობები შეექმნა და თავი დაეღწია სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისგან. დაბრუნებული მიგრანტები ხშირად მცირე კაპიტალით ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას, რასაც მრავალწლიანი განშორების შემდეგ, ოჯახთან თუ ადგილობრივ თემთან სიცივის და გარიყულობის გრძნობაც ემატება. IOM-ის ინტეგრირებული მიდგომა გულისხმობს დახმარების გაწევას ინდივიდუალურ, სათემო და სტრუქტურულ დონეზე, რათა ხელი შეუწყოს დაბრუნებულთა მდგრად რეინტეგრაციას და ადგილობრივი თემების განვითარებას.

როგორც კი დალის დაბრუნების დრო დადგა, მან მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენა მშობლიურ ქალაქში სოციალური საწარმოს გასახსნელად. IOM-ის განვითარების ფონდის მხარდაჭერით, მან შეიძინა რამდენიმე საკერავი მანქანა და საჭირო მასალა და დაიწყო ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა პროდუქციის წარმოება, მათ შორის საავადმყოფოებისა და საბავშვო ბაღებისთვის თეთრეული, ფორმები და ინდივიდუალური შეკვეთები.

„მე მიყვარს ჩემი საქმე და მჯერა, რომ შემიძლია დავეხმარო სხვა ქალებს, იპოვონ გზა აქ - სახლში, ვიდრე სხვაგან ეძებონ შესაძლებლობები“, - ამბობს დალი.

დალის წარმატება მხოლოდ მის ინდივიდუალურ მიღწევას არ გულისხმობს, მას აგრეთვე პოზიტიური წვლილი შეაქვს ადგილობრივი საზოგადოების გასაძლიერებლად. მან სასწავლო პროგრამა დაიწყო და სხვა დიასახლისებს, ახალგაზრდებს, დაბრუნებულ მიგრანტებს და ყველა ასაკისა და სქესის სტუდენტებს, სთავაზობს კერვის კურსებს. მასწავლებლის მრავალწლიანი სტაჟით, დალის არ ეშინია კონკურენციის. პირიქით, მას სწამს რომ თანამშრომლობით შეძლებენ ბევრ საერთო პროექტებზე მუშაობას.

”ვცდილობთ, ჩვენი მხარდაჭერით, გავაძლიეროთ არამხოლოდ დაბრუნებული მიგრანტები, ისეთები როგორიც დალია, არამედ ასევე ვაჩვენოთ ის წვლილი და სარგებელი, რაც მათ ადგილობრივ საზოგადოებისთვის მოაქვთ, თავიანთი მდიდარი ადამიანური კაპიტალისა და გამოცდილების გაზიარებით,” - აცხადებს IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი. 

2016 წლიდან 2020 წლამდე, 110,000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში და მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. შეზღუდული რესურსების გამო, ყველას არ აქვს წვდომა საქართველოს სახელმწიფო რეინტეგრაციის პროგრამის სერვისებზე თუ IOM-ის და სხვა სერვისების მიმწოდებლების პროგრამებზე. შედეგად, ბევრი დაბრუნებული მიგრანტი რჩება ისეთი გამოწვევების წინაში, როგორიცაა უმუშევრობა, უნარების ნაკლებობა, სოციალური სტიგმა და ფსიქოლოგიური სტრესი. 

IOM ზრუნავს ადგილობრივი ინფრასტრუქტურისა და ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, როგორც ეროვნულ, აგრეთვე ადგილობრივ დონეზე, რათა გააუმჯობესოს დაბრუნებული მიგრანტების წვდომა ინფორმაციასა და საჭირო კონსულტაციაზე თუ სერვისებზე. მუნიციპალური სერვის ჰაბები, რომლებიც დაარსდა IOM-ის მიერ ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, წარმოადგენენ საკონსულტაციო ცენტრებს, რომლებიც ემსახურებიან ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის დაბრუნებულ მიგრანტებს და მათ, რომლებიც ჯერ კიდევ განიხილავენ დაბრუნებას.

დღეს, დალის სახელოსნო წარმატებულად აგრძელებს განვითარებას და დაარსებიდან ერთი წლის თავზე, რეგულარულად იღებს შეკვეთებს სხვადასხვა კლინიკებიდან და საბავშვო ბაღებიდან, როგორც მშობლიური, ასევე მეზობელი სოფლებიდან. მას უკვე ჰყავს სამი შეგირდი, რომელსაც ასწავლის ხელობას და ახლო მომავალში, კიდევ უფრო მეტი მოსწავლის მიღებას გეგმავს.

დალის ხედვა კიდევ უფრო შორს მიდის. ის აპირებს ნულოვანი ნარჩენების პოლიტიკა დანერგოს თავის საწარმოში, და მისი გამოცდილება სხვა სოციალურ საწარმოებსაც გაუზიაროს. 
 

დალი თეთრაშვილი თავის მოსწავლესთან ერთად სოფელ გავაზში. IOM Georgia/2024