ისტორია
By:
  • Tatia KHUBULAVA | Media & Communications, IOM Georgia

2018 წელს სოფიო გოგოლაძემ რთული არჩევანი გააკეთა - მისი ოჯახის უკეთესი მომავლისთვის მან ერაყში გამგზავრება გადაწყვიტა. ოჯახის ეკონომიკურმა სიძნელეებმა ეს გადაწყვეტილება აუცილებლობად აქცია. ერაყში სოფიო დაუღალავად შრომობდა ორ სამსახურში - დამლაგებლად სასტუმროში და სტილისტად სილამაზის სალონში. მისი მთავარი მიზანი ფულის დაგროვება იყო, რათა საქართველოში დაბრუნებისას საკუთარი მცირე ბიზნესი წამოეწყო.

„ძალიან რთული იყო შვილებისგან ასე შორს ყოფნა და უცხო ქვეყანაში მუშაობა. ჩემი ერთადერთი მიზანი იყო, საკმარისი თანხა დამეზოგა ჩემი ოცნების ასასრულებლად და ოჯახის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად,” - იხსენებს სოფიო მისი მიგრაციის ამბავს, რომელიც ასე ჰგავს უამრავი სხვა შრომითი მიგრანტის ისტორიას.

ოთხი რთული წლის შემდეგ სოფიო საქართველოში დაბრუნდა. თავისი დანაზოგის და ერაყში შეძენილი გამოცდილების იმედით სურდა თავისი ოცნება აეხდინა და საკუთარი სილამაზის სალონი გაეხსნა, თუმცა, ეს დანაზოგი საკმარისი არ აღმოჩნდა. 
 

სოფიოს სალონი ვერტყვიჭალაში (Paul Choy / IOM Georgia 2024)

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის პროექტის - „მიგრაციის პოტენციალის გაზრდა სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის საქართველოსა და სომხეთში“ დახმარებით, რომელიც დაფინანსებულია IOM-ის განვითარების ფონდისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ, სოფიომ მცირე გრანტი მოიპოვა და მის მშობლიურ სოფელ ვერტყვიჭალაში სილამაზის სალონი გახნა. სოფიოს სალონი სწრაფად იქცა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ადგილად სოფელ ვერტყვიჭალისა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები დაახლოებით 7,500 ადამიანისთვის, რომლებსაც ადრე მსგავსი მომსახურებისთვის 45 კილომეტრის გავლა უწევდათ ახლომდებარე ქალაქში ჩასასვლელად.

უკანასკნელი წლების მანძილზე მკვედრად იზრდება ქართველი მიგრანტების დაბრუნების მაჩვენებელი. ყოველწლიურად ათასობით ადამიანი ბრუნდება სამშობლოში. მხოლოდ 2023 წელს, IOM-ის დახმარებით 5,000 ადამიანმა ისარგებლა ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის (AVRR) პროგრამით. IOM-ის მონაცემები ასევე მიუთითებს, რომ იზრდება ქალი მიგრანტების რიცხვი, რომელთა უმრავლესობა ოჯახების ძირითადი მარჩენალია. მათ შორის არიან მარტოხელა დედები, ქვრივები, და ქალები, რომლებიც ზრუნავენ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ოჯახის წევრებზე.
 

„მსგავსი ხელშეწყობის პროგრამები აუცილებელია დაბრუნებულთა მდგრადი რეინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. უამრავი მაგალითი აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია მსგავს პროგრამებს შეცვალოს ადამიანების ცხოვრება, დაეხმაროს სოფიოს მსგავს მიგრანტებს არა მხოლოდ თავიდან დაიმკვიდრონ თავი სამშობლოში, არამედ თავიანთი წვლილი შეიტანონ საზოგადოების განვითარებაში, გამოიყენონ ის უნარები და რესურსები, რაც მიგრაციის დროს დააგროვეს და ამით სარგებელი მოუტანონ სხვებსაც მათ ირგვლივ,“ - აცხადებს ლარს იოჰან ლოუნბეკი, IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელი.

სამწუხაროდ, ასეთი რეინტეგრაციის დახმარების პროგრამები ცოტაა. არასაკმარისი ხელშეწყობა კი დაბრუნებულებთა შორის რე-მიგრაციის ინტერესს ზრდის. რეინტეგრაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი არასაკმარისია და სხვა მსგავსი სერვისის მომწოდებლეთა შეზღუდული რესურსების გამო, მხოლოდ დაბრუნებულთა მცირე ჯგუფი იღებს სპეციალიზებულ დახმარებას.

IOM-ის პროექტის მიზანი დაბრუნებული მიგრანტების მეწარმეობის უნარების განვითარებით მათი კეთილდღეობისა და მდგრადი რეინტეგრაცისთვის ხელშეწყობაა. პროექტი ხელს უწყობს მიგრაციის გლობალური კომპაქტის, 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნებისა და IOM-ის მიგრაციის მმართველობის ჩარჩო დოკუმენტის ამოცანების შესრულებას, რომელიც მიმართულია მიგრანტთა და საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე. ეს ინიციატივა ასევე პასუხობს საქართველოს მიგრაციის 2021-2030 წლების სტრატეგიას, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს მიგრანტთა მგდრად რეინტეგრაციას.
 

სოფიომ სალონი საქართველოში დაბრუნების შემდეგ გახსნა თავისი დანაზოგითა და IOM საქართველოს მისიის დახმარებით (Paul Choy / IOM Georgia 2024).

„დაბრუნებული მიგრანტების მიერ თავიანთი რესურსების ეფექტურად გამოყენებითა და მათი დასაქმების უნარების გაუმჯობესებით, პროექტი დიდ გავლენას ახდენს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების სწრაფ რეინტეგრაციაზე. ჩვენ ვხედავთ პროექტის დადებით გავლენას და სრულად ვუჭერთ მხარს მის განხორციელებას“, - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა,  სოფიოს მშობლიური ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა.

სოფიო თვლის, რომ ძალიან გაუმართლა, რადგანაც მან შეძლო IOM-სგან დახმარების მიღება. მის გარეშე იგი ვერ შეძლებდა ოჯახის რჩენას და შესაძლოა, კვლავ იძულებული გამხდარიყო ბედი მიგრაციაში ეძია.

„IOM-ის დახმარების წყალობით, არა მხოლოდ ჩემი ცხოვრების გამართვა მოვახერხე, არამედ შევძელი ამ სალონში სხვებიც დამესაქმებინა. ისინი წარმოუდგენლად მადლობლები არიან. ჩვენ ვემსახურებით ოთხ მეზობელ სოფელს და მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დამეხმარა“, - განაცხადა სოფიომ.

მისი სალონი, სახელად "სოფიო", მომხმარებლებს სთავაზობს თავის მოვლის მრავალფეროვან სერვისებს. სალონში დასაქმებულია დამატებით ორი ქალი, რომლებმაც ვერ იპოვეს სამუშაო მშობლიურ სოფელში და ფიქრობდნენ მიგრაციაზე. სოფიოს სალონთან ერთად IOM საქართველომ მხარი დაუჭირა დაახლოებით 11 ბიზნეს ინიციატივის და საზოგადოებრივი პროექტის განხორციელებას, მათ შორის, ავეჯის მცირე საწარმოებს, ავტო სახელოსნოებს, აგრო სათბურს, აგროტურისტულ სივრცეს და რკინის ნაკეთობათა სახელოსნოს.

IOM აქტიურად მუშაობს ადგილობრივი ინფრასტრუქტურისა და სერვისების გაძლიერებაზე, როგორც ეროვნულ, ასეთვე ადგილობრივ დონეზე, რათა გააუმჯობესოს დაბრუნებული მიგრანტების წვდომა სერვისებზე,ინფორმაციასა და საჭირო კონსულტაციაზე მათი რეინტეგრაციის პერსპექტივების გასაუმჯობესებლად. მუნიციპალური სერვის ჰაბები, რომლებიც დაარსდა IOM-ის მიერ ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, წარმოადგენენ საკონსულტაციო ცენტრებს, რომლებიც ემსახურებიან დაბრუნებულ მიგრანტებს და მათ, რომლებიც ჯერ კიდევ განიხილავენ დაბრუნებას. ეს ცენტრები ეხმარება ადგილობრივ მაცხოვრებლებისთვის საჭირო  ინფორმაციისა და სერვისების მიღებაში და აუმჯობესებს საზოგადოების სოციალურ ინფრასტრუქტურას.