"ჩვენი მიზანი აქ არის დავეხმაროთ მათი დაბრუნების გზა იყოს უსაფრთხო და ღირსეული,"- აცხადებს ლარს იოჰან ლოუნბეკი, IOM საქართველოს მისიის უფროსი.

41 წლის ანემ* აფრიკაში მდებარე საკუთარი სამშობლო ორი წლის წინ თავის მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც ოჯახის ახლო წევრს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საფრთხეების გამო ქვეყნიდან გაქცევა მოუწია. უსაფრთხოებაზე არსებული შიშების გამო მან თავისი ბოლო დანაზოგი გამოიყენა ბილეთებისა და ელექტრონული ვიზის შესაძენად და საქართველოში წამოსასვლელად - იმის იმედად, რომ აქ თავშესაფარს მიიღებდა. მაგრამ უცხო ქვეყანაში ჩასვლისას, ენისა და აქაური კონტექსტის არცოდნის გარეშე, ანემ მალევე გააცნობიერა, თუ რამდენად რთული იქნებოდა გზა საქართველოში დასამკვიდრებლად. 

ორწლიანი გაურკვევლობის შემდეგ ანემ გააცნობიერა, რომ მისი მომავალი საქართველოში ჩიხში იყო შესული. იმის გათვალისწინებით, რომ ქართულად საუბარი კვლავ უჭირდა და არც საარსებო წყაროები ჰქონდა იმისთვის, რომ თავშესაფრის გარეთ ცხოვრება შეძლებოდა, მან მიიღო მისთვის რთული გადაწყვეტილება დაბრუნებულიყო სამშობლოში. მისმა ქალიშვილმა, ერთწლიანი პაუზის შემდეგ, შეძლო ადგილობრივ სკოლაში ჩარიცხვა, ქართული ენის სწავლა და კლასგარეშე აქტივობებშიც კი მონაწილეობდა. მაგრამ, მიუხედავად მათი ძალისხმევისა, ანემ ვერ შეძლო საქართველოში სტაბილური ცხოვრების შექმნა. 

„ორი წლის შემდეგ ისევ თავშესაფარში ვცხოვრობ და უკეთესი ცხოვრების პერსპექტივას ვერ ვხედავ. ამიტომ გადავწყვიტე, ჯობია დავბრუნდე სამშობლოში. ჩემი ოჯახი ამბობს, რომ იქ ახლა უსაფრთხოა და მეც ვფიქრობ, რომ ჩემი ადგილი ჩემს ქვეყანაშია, ჩემი ხალხის გვერდით. ჩემი ქალიშვილისთვისაც ასე აჯობებს“, - აღნიშნავს ანე.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) საქართველოში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ანეს მსგავს სიტუაციაში მყოფი ადამიანების დასახმარებლად, ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის (AVRR) პროგრამის მეშვეობით. ეს პროგრამა ეხმარება მიგრანტებს, რომელთაც ამის საშუალება არ აქვთ ნებაყოფლობით დაბრუნდნენ სამშობლოში. IOM ასეთ ადამიანებს სთავაზობს ყოვლისმომცველ დახმარებას, მათ შორის გამგზავრების ორგანიზებას, სარეინტეგრაციო დახმარებას და საჭირო დოკუმენტების მოპოვებაში მხარდაჭერას. ამ დახმარების მიზანია, ხელი შეუწყოს საკუთარ ქვეყნებში დაბრუნებულებს უკეთესი მომავლის იმედით განაგრძონ ღირსეულად ცხოვრება.

"თუ ჩვენი ორგანიზაცია რაიმეზე აკეთებს აქცენტს, ეს არის გავიგოთ ის მრავალმხრივი გამოწვევები და საფრთხეები, რასაც მიგრანტები აწყდებიან. ჩვენი მიზანი აქ არის დავეხმაროთ მათი დაბრუნების გზა იყოს უსაფრთხო და ღირსეული. მათთვის მრავალმხრივი დახმარების მიწოდებით, გამგზავრების დაორგანიზებიდან რეინტეგრაციის დახმარების შეთავაზების ჩათვლით, ჩვენი საბოლოო მიზანია მხარი დავუჭიროთ მათ ცხოვრება ხელახლა დაიწყონ საკუთარ ქვეყანაში“, - აცხადებს ლარს იოჰან ლოუნბეკი, IOM საქართველოს მისიის უფროსი. 

ანემ მცირე რეინტეგრაციის გრანტი მიიღო IOM საქართველოსგან საწყისი ხარჯების დასაფარად დაბრუნების შემდეგ. ის ამბობს, რომ დარჩენილი თანხა მისი ქალიშვილის განათლებას მოხმარდება და აღიარებს, რომ IOM-ის დახმარების გარეშე, ის ვერ შეძლებდა სამშობლოში დაბრუნებას. 

ანალოგიურად, 37 წლის ალი*, რომელიც სამი შვილის მამაა, ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ქვეყნიდან  საქართველოში ხუთი წლის წინ ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც იქ  სამსახური დაკარგა. ალის არასოდეს უცხოვრია თავის რეალურ სამშობლოში, რომელიც სამხრეთ აზიაში მდებარეობს. მთელი თავის ცხოვრება მან ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში გაატარა ოჯახთან ერთად.

„მას შემდეგ რაც ბინადრობის უფლება არ გამიხანგრძლივეს, გადავწყვიტე საცხოვრებლად საქართველოში გადმოვსულიყავი, ჩემი ოჯახისთვის უკეთესი მომავლის იმედით“, - იხსენებს ის.

საქართველოში ალიმ ტურიზმის სფეროში დაიწყო მუშაობა და მესამე შვილიც აქ შეეძინა. მაგრამ საქართველოში ცხოვრება მისთვის არ აღმოჩნდა ისეთი მარტივი, როგორსაც თავიდან იმედოვნებდა. არაერთი წარუმატებლობის და  მისთვის თავშესაფარზე უარის თქმის შემდეგ ალის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. სხვა გამოსავლის არქონის გამო, მან დახმარებისთვის IOM საქართველოს მიმართა. IOM დაეხმარა ალის და მის ოჯახს საჭირო საბუთების მოპოვებაში და შეუძინა ბილეთები მშობლიურ ქვეყანაში დასაბრუნებლად, სადაც ის იმედოვნებს, რომ ცხოვრებას თავიდან დაიწყებს.

ალისთვის მომავალი გაურკვეველია, მაგრამ ის იმედოვნებს, რომ ეს ახალი დასაწყისი უფრო სასიკეთო იქნება მისი ოჯახისთვის.

2013 წლიდან, IOM საქართველო ნებაყოფლობითი დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშემწყობი პროგრამის მეშვეობით 1100-ზე მეტ მიგრანტს დაეხმარა სამშობლოში დაბრუნებაში. ანეს და ალის ისტორიები ასახავს IOM-ის იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ის ასრულებს  რთულ სიტუაციებში მყოფი მიგრანტების დასახმარებლად. 

მეტი ინფორმაციისთვის IOM-ის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ გთხოვთ, დაუკავშირდეთ IOM საქართველოს მისამართზე: iomtbilisi@iom.int.

*სახელები შეცვლილია ბენეფიციარების კონფიდენციალურობის დასაცავად. 
IOM-ის საქართველოს ოფისში თანამშრომლები ესაუბრებიან საქართველოში ჩარჩენილ უცხოელ მიგრანტებს. ფოტო: IOM Georgia/2004