52 წლის ბაჰრამი ირანიდან საქართველოში 2011 წელს მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად ჩამოვიდა. ის ბიზნესმენია, ფლობს საავტომობილო ზეთის მცირე საწარმოს რუსთავში და ახორციელებს საპოხი მასალების იმპორტს ირანიდან. ის საბითუმო მოვაჭრეა და საქართველოში არაერთ კომპანიასთან თანამშრომლობს.

ბაჰრამი ფლობს ქართულ ენას, ასევე საუბრობს აზერბაიჯანულ, თურქულ, არაბულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. ამბობს, რომ ენების სწავლაში პროფესიონალი სპორტსმენის კარიერა დაეხმარა. 15 წლის განმავლობაში ის ბადმინტონით იყო დაკავებული, იღებდა მონაწილეობას საერთაშორისო შეჯიბრებებში, მიღებული აქვს პროფესიონალი მწვრთნელის კვალიფიკაციაც. სპორტის ამ სახეობას მცირე დროს ბაჰრამი ახლაც უთმობს. ხანდახან თამაშობს ხოლმე საქართველოს ბადმინტონის ფედერაციასთან არსებულ ბაზაზე, რომელიც ავლაბარში მდებარეობს.

როგორც ყველა საქმიანი ადამიანი, ბაჰრამიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყანაში ხელსაყრელი ბიზნესგარემოს არსებობას. საქართველოზე არჩევანიც სწორედ ამიტომ შეაჩერა. მოსწონს ის, რომ საქართველოში მუშაობს კანონი; ბიზნესის კეთება და გადასახადების გადახდა მარტივია. ბაჰრამი ამბობს, რომ ირანში დარჩენის შემთხვევაში, შესაძლოა ორჯერ მეტი მოგება ენახა, თუმცა საქართველოში არსებული გარემო მისთვის უფრო მიმზიდველია.

ირანელი ბიზნესმენი  საქართველოში თავს უსაფრთხოდ გრძნობს. აღნიშნავს, რომ თბილისში ხალხი ღამითაც მშვიდად გადაადგილდება, რაც, მისი თქმით, ბევრ ქვეყანაში ძნელი წარმოსადგენია. საქართველოში ცხოვრება ბიზნესმენის ოჯახსაც მოსწონს. მისი ქალიშვილი, რომელმაც სკოლაც აქ დაასრულა, წელს თბილისის ერთ-ერთი უნივერსიტეტში ჩაბარებას გეგმავს.

თუმცა უმაღლეს სასაწავლებელში მისაღები გამოცდების ჩაბარება ერთადერთი გამოწვევა არაა, რასაც ბაჰრამის ოჯახი წელს წააწყდა. ბაჰრამი ამ ეტაპზე ცდილობს გაარგძელოს შეჩერებული ბინადრობის ნებართვა.

ბინადრობის ნებართვის შეჩერებას მალე კოვიდ-19-ის სახით გაჩენილი გლობალური პრობლემაც დაერთო. ბაჰრამის საწარმო, სადაც საქართველოს ოთხი და ირანის ორი მოქალაქე იყო დასაქმებული, დღეს დახურულია. ირანიდან ყველა სახის საქონლის იმპორტი, გარდა საკვები პროდუქტისა და ხილ-ბოსტნეულისა, შეჩერებულია.

იმის მიუხედავად, რომ წლევანდელი წელი ბაჰრამისთვის რთული აღმოჩნდა, ის საქართველოდან წასვლას არ გეგმავს. არ კარგავს იმედს, რომ საზღვრები მალე გაიხსნება და ქვეყნებს შორის საერთაშორისო ვაჭრობა სრული მოცულობით აღდგება და იგი შეძლებს ხელახლა გახსნას თავისი საწარმო რუსთავში და დაუმტკიცოს სასამართლოს, რომ იმსახურებს ბინადრობის ნებართვას, რადგან კანონმორჩილი და კეთილსინდისიერი ბიზნესმენია.

კორონავირუსის პანდემია პირველ რიგში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კრიზისია. საფრთხე არც ადამიანებში და არც მიგრანტებში, არამედ თვითონ ვირუსშია. პანდემიას საზღვრები არ აქვს, ის თანაბრად ეხება ყველა ადამიანს, ეროვნების, ეთიკურობის, რელიგიის თუ რაიმე სხვა სტატუსის მიუხედავად.

მიგრანტები არ არიან ვირუსის წინაშე უფრო დაუცველნი და არც ინფექციის მაღალ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ. ხშირად რისკის შემცველია მათი გადაადგილების, ცხოვრების და მუშაობის პირობები და შეზღუდული წვდომა ჯანდაცვაზე.

მიგრანტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და უმეტესად წარმოდგენილნი არიან ისეთ ძირითად სექტორებში, როგორიცაა ჯანდაცვა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა, ტურიზმი, სატრანსპორტო მომსახურება, ვაჭრობა და კიდევ ბევრ სხვა სექტორში, რომელიც განსაკუთრებით დააზარალა პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა. ამავდროულად COVID-19 თან ბრძოლაში მიგრანტები წარმოადგენენ უმნიშვნელოვანეს ძალას ექიმების, ექთნების, მომვლელების და სხვა სახის დამხმარე პერსონალის სახით. საქტორები, სადაც მიგრანტები წარმოადგენენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშაო ძალას, განიცდიან დიდ პრობლემებს წარმოებაში. მაგალითად ხეხილის დაკრეფა ვერ ესწრება და ლპება, რაც ზრდის კვების პროდუქტების წარმოების კრიზისის რისკებს გლობალურ დონეზე.

ზოგადად, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ხელს უწყობს მიგრანტთა სოციალურ ინკლუზიას და ჩართულობას, შიშებისა და სირთულეების გადალახვისთვის ცოდნაზე დაფუძნებული მსჯელობის, კომუნიკაციისა და საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით.

პანდემიამ აჩვენა, რომ არავინ არის დაცული, სანამდე ყველა არ იქნება უსაფრთხოდ. ამისთვის ყველამ უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა საერთო უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
 

ფოტო:ერიკ გურლანი

ინტერვიუს ავტორი - NGO უფლებები საქართველო