ბელა პროფესიით იურისტია. ორი წელი თბილისის მერიაში, ექვსი წელი კი თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა. მას უყვარს თავისი პროფესია. მაგრამ ოჯახის დასახმარებლად და მამის მკურნალობისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად 2012 წელს ბელა სამუშაოდ იტალიაში წავიდა. იქ შესვენების გარეშე ორი წელი მოხუცის მომვლელად იმუშავა და უკეთესად ანაზღაურებადი სამსახურის პოვნის იმედით ბელგიაში გადავიდა. ექვსი წელი ანტვერპენში გაატარა. ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე თავშესაფარი მოითხოვა, მაგრამ უარი მიიღო. მაინც გადაწყვიტა ბინა ექირავებინა და მუშაობა დიასახლისად დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ვიზა არ ჰქონდა, ბელამ მაინც მოახერხა ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროში დასაქმება. კიდევ რამდენიმე სასტუმროში მუშაობის შემდეგ ის დააწინაურეს და დიასახლისების ზედამხედველად დაიწყო მუშაობა. პატარა გოგონას, ვივიანის, გაჩენიდან ორ თვეში ბელა სამსახურს დაუბრუნდა, შვილს კი დღის ცენტრში ტოვებდა ხოლმე.

დოკუმენტების გარეშე ბელამ დიდხანს ვერ იმუშავა და 2020 წლის თებერვალში 2.5 წლის ქალიშვილთან ერთად თბილისში დაბრუნდა. მისი მშობლების სახლში, რომელიც ოჯახისთვის ისედაც ძალიან პატარა იყო, ბელასთვის და მისი შვილისთვის საკმარისი ადგილი ნამდვილად არ მოიძებნებოდა. მეგობარმა ბელას პატარა ბინა შესთავაზა. კარგი პირობები არ იყო, მაგრამ სამაგიეროდ უფასოდ იცხოვრებდნენ. ბელასთვის ნებისმიერი დახმარება მისაღები იყო.

IOM-ის სარეინტეგრაციო დახმარებით ბელამ შვილისთვის, რომელსაც ჩამოსვლისთანავე ბრონქიტი განუვითარდა, წამლები შეიძინა და სამედიცინო შემოწმების ხარჯები დაფარა. ბიძაშვილთან ერთად მესაქონლეობასაც მიჰყო ხელი. IOM-ის დახმარებით ბელამ მუშაობაც დაიწყო. სასტუმრო ამბასადორში დამსაქმებელი იმდენად აღფრთოვანდა ბელას უნარებით, რომ მას დიასახლისის პოზიცია შესთავაზა, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში არც გეგმავდნენ ახალი თანამშრომლის აყვანას. სამწუხაროდ, COVID-19-ის გამო სასტუმრო დაიხურა და თანამშრომლებიც დაითხოვეს. მათ შორის იყო ბელაც. მაგრამ ის არ დანებდა - მალე სხვა სამსახურიც იშოვა - ჰიპერმარკეტში. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ეს სამსახურიც დროებით შეჩერდა, გარკვეული დროის შემდეგ მუშაობა აღსდგა. IOM-ის დახმარებით ბელამ საცხოვრებელი პირობებიც შედარებით გააუმჯობესა. მაგრამ, ის შვილზე მაინც დარდობს - მთელი დღე მუშაობს და ბავშვს მეგობართან ან ბებიასთან ტოვებს, რომელსაც ვივიანი oma-ს ეძახის. ბელა განიცდის, რომ გოგონას ქართველი მეგობრები არ ჰყავს, იმიტომ რომ მან ენა არ იცის და ბავშვები არ ეთამაშებიან. მარტოხელა დედისთვის, რომელსაც საკმაოდ დაბალი ანაზღაურება აქვს, არ არის ადვილი პანდემიის პირობებში დღის მანძილზე ბავშვზე ზრუნვა - ბაღები დაკეტილია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი არ მოძრაობს. ბელა ახალ სამსახურს ეძებს, რომ მეტი შემოსავალი ჰქონდეს. გეგმაც აქვს - საკუთარი ბიზნესის დაწყება სურს - კლიენტებს ხელმისაწვდომ ფასად მაღალი სტანდარტის დასუფთავების სერვისი უნდა შესთავაზოს. იმედი აქვს, რომ იურისტის ცოდნა და ახლანდელ სამუშაოზე შეძენილი გამოცდილება ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში, საშუალებას მისცემს თავად მოაგვაროს საკუთარი ბიზნესის ადმინისტრაციული და იურიდიული მხარეები.

მიგრანტი მშობლები, რომლებსაც ხშირად მხოლოდ მცირე დანაზოგი აქვთ და ჯანმრთელობის დაზღვევაც არ აქვთ, პანდემიის დროსაც იძულებულნი არიან იმუშაონ. როგორც ჩანს, ზრდასრულებთან შედარებით COVID-19 ნაკლებად მწვავედ მოქმედებს ბავშვებზე, ბევრი მათგან ასიმპტომატურია ან მხოლოდ მცირე ან საშუალო სიმძლავრის სიმპტომებს განიცდის. თუმცა, პანდემია მაინც უარყოფითად მოქმედებს ბევშვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით იმ ბავშვებზე, რომლებიც ისეთ დაუცველ ჯგუფებს მიეკუთვნებიან, როგორებიც არიან მიგრანტები და იძულებით გადაადგილებული პირები.

მიგრანტებისთვის ხელმისაწვდომ დასაქმების სექტორებში გაზრდილი უმუშევრობა მსოფლიოს მასშტაბით და გლობალური რეცესიით გამოწვეული შემცირებული შემოსავლები, ხშირად აიძულებს მიგრანტ მშობლებს ოჯახის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იმუშაონ სარისკო გარემოში. ეს შეიძლება ასევე შეეხოს იმ მშობლებსაც, რომლებიც სამუშაოდ უცხო ქვეყნებში გაემგზავრნენ, მაგრამ შვილებს და ოჯახებს, რომლებიც სახლში ელოდებიან, ფულს ვეღარ უგზავნიან, რის გამოც საკუთარ ქვეყნებში დაბრუნება უწევთ.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში IOM ეხმარება ათასობით მიგრანტს, რომლებიც გადაადგილების აკრძალვის გამო ვერ მუშაობენ ან სამშობლოში ვერ ბრუნდებიან.
 

ფოტოების ავტორი ერიკ გურლანი