ელგუჯა სოფელ თეთრიწყლებში (კახეთის რეგიონი) ქალიშვილთან და 84 წლის დედასთან, მაროსთან, ერთად ცხოვრობს. მრავალი წლის მანძილზე ის მშენებლობაზე მუშაობდა, მაგრამ მისი ოჯახისთვის ეს სამუშაო საკმარის შემოსავალს არ იძლეოდა, რის გამოც ორი წლის წინ ელგუჯამ მიიღო რთული გადაწყვეტილება - დატოვა მასზე დამოკიდებული ოჯახი და სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა. ბევრი იფიქრა, რომელ ქვეყანაში წასულიყო და ბოლოს არჩევანი საბერძნეთზე შეაჩერა. მან ჩათვალა, რომ საბერძნეთში ცხოვრება უფრო გაუადვილდებოდა, რადგან საბერძნეთი და საქართველო მსგავსი კულტურის და ტრადიციების ქვეყნებია.

ელგუჯამ ათენში რთული პერიოდი - 2 წელი და 6 თვე გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ იქ ცხოვრება საქართველოში ცხოვრებისგან დიდად არ განსხვავდებოდა, ბერძნული ენის ცოდნის გარეშე სამუშაოს შოვნა რთული იყო. წელიწადზე მეტი დასჭირდა ელგუჯას მუშაობის უფლების მისაღებად და ხორცის ქარხანაში მუშაობის დასაწყებად. მაგრამ, მას შემდეგ რაც სამსახური იპოვა, საქართველოში დაბრუნება მალევე მოუწია. 2020 წლის მარტში ის სახლში IOM-ის დახმარებით დაბრუნდა. ელგუჯას დედას მოვლა სჭირდებოდა, ქალიშვილი კი უკვე სკოლას ამთავრებდა. IOM-ის სარეინტეგრაციო დახმარებით ოჯახმა რძის პროდუქტების წარმოება დაიწყო. ელგუჯა ძროხებს უვლის, მარო ყველს აკეთებს, რომელსაც ოჯახი ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.

ელგუჯა გეგმავს, დარჩეს საქართველოში და დაუბრუნდეს სამუშაოს სამშენებლო სფეროში. თუმცა, ის რძის მეურნეობის გაფართოებასაც აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-მა ოჯახის საქმიანობა არ შეაფერხა, მათთვის სირთულეს წარმოადგენს ის, რომ სოფელი, სადაც ცხოვრობენ, თელავიდან 20 კმ-შია და ყოველდღიური საჭიროებებისთვის თავისუფლად გადაადგილება რთულია.

ამ ეტაპზე ოჯახს სტაბილური შემოსავალი აქვს და ელგუჯა სამუშაოდ საზღვარგარეთ წასვლას არ გეგმავს.

მიგრანტებისთვის ხელმისაწვდომ დასაქმების სექტორებში გაზრდილი უმუშევრობა მსოფლიოს მასშტაბით და გლობალური რეცესიით გამოწვეული შემცირებული შემოსავლები, ხშირად აიძულებს მიგრანტ მშობლებს ოჯახის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იმუშაონ სარისკო გარემოში. ეს შეიძლება ასევე შეეხოს იმ მშობლებსაც, რომლებიც სამუშაოდ უცხო ქვეყნებში გაემგზავრნენ, მაგრამ შვილებს და ოჯახებს, რომლებიც სახლში ელოდებიან, ფულს ვეღარ უგზავნიან, რის გამოც საკუთარ ქვეყნებში დაბრუნება უწევთ.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში IOM ეხმარება ათასობით მიგრანტს, რომლებიც გადაადგილების აკრძალვის გამო ვერ მუშაობენ ან სამშობლოში ვერ ბრუნდებიან.
 

ფოტოების ავტორი ერიკ გურლანი