ჯამბულის და მასზე თითქმის სამჯერ უმცროსი, 20 წლის ახალგაზრდა ქალის სიყვარული მიუღებელი აღმოჩნდა მათი ნათესავებისთვის ფოთში. ახალდაქორწინებულმა წყვილმა ვერ გაუძლო საზოგადოების ზეწოლას და ოჯახის წევრების მტრულ დამოკიდებულებას და თბილისში გადასვლა გადაწყვიტა. თბილისში ცხოვრებაც სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ნათესავებისგან ზეწოლა გრძელდებოდა. წყვილი დაქირავებულ ბინაში ცხოვრობდა. ჯამბული ტაქსის მძღოლად მუშაობდა. ახალგაზრდა ქალს სახლში მარტო დარჩენა ეშინოდა და ქმარს გვერდზე ეჯდა მანქანაში, სანამ ის მგზავრებს ემსახურებოდა.

ოჯახმა საბოლოოდ საქართველოდან წასვლა გადაწყვიტა. ისინი მათთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაში, ნიდერლანდებში გადავიდნენ, სადაც თავშესაფარზე განაცხადი შეიტანეს. ოჯახი დენ ჰელდერის თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მათ ნიდერლანდებში ცხოვრების მთელი ათი თვე გაატარეს. ამ ათი თვის მანძილზე მათ სავშესაფარზე განაცხადი სამჯერ შეიტანეს და პირველი ორი უარყოფითი პასუხიც გაასაჩივრეს. ერთ-ერთი სამედიცინო შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ ცოლ-ქმარი ბავშვს ელოდა.

პატარა გოგოს დაბადების შემდეგ წყვილმა თავშესაფრის განაცხადზე მესამე უარყოფითი პასუხი მიიღო - საფუძვლად დასახელდა ის, რომ საქართველო წარმოშობის უსაფრთხო ქვეყანაა. ცენტრის სოცმუშაკმა ოჯახს IOM-ის პროგრამით დაბრუნება შესთავაზა, რაც სარეინტეგრაციო დახმარებასაც მოიცავდა - ჯამბულის შემთხვევაში ეს დახმარება დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას და სამედიცინო დახმარებას გულისხმობდა. ოჯახმა გადაწყვიტა დახმარებით ესარგებლა. პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი დახმარება ჯამბულს საშუალებას მისცემდა შეეძინა სამედიცინო დაზღვევის პაკეტი და ჩაეტარებინა სტრესისგან გამოწვეული გულის გართულებების რეგულარული მონიტორინგი. ამასთან, ოჯახს ბინის ქირის თანხაც ექნებოდა.

2019 წლის ნოემბერში ოჯახი საქართველოში დაბრუნდა და თბილისში ბინა იქირავა. ჯამბულს იმედი ჰქონდა, რომ თბილისში სამედიცინო მომსახურებაზე და სამუშაოზე უკეთესი წვდომა ექნებოდა. გარკვეული პერიოდი ოჯახი სარეინტეგრაციო პროგრამის და მეგობრების დახმარებით ცხოვრობდა. 2020 წლის მარტში ერთ-ერთმა მეგობარმა ჯამბულს სარემონტო სამუშაოს შესრულებისთვის ანაზღაურება შესთავაზა, თუმცა მეორე დღესვე COVID-19-ის გამო შეკვეთა გაუქმდა და ოჯახი ისევ შემოსავლის გარეშე დარჩა.

Jambuli and his wife

შვიდ თვეში IOM-ის მიერ ქირისთვის გამოყოფილი სარეინტეგრაციო თანხაც ამოიწურა და ოჯახი ბინის ფულსაც ვეღარ გადაიხდიდა. კიდევ ერთმა მეგობარმა მათ თბილისიდან შორს, დასავლეთ საქართველოში მდებარე სოფელში სახლი შესთავაზა. მაგრამ პანდემიის გამო ქალაქი ჩაიკეტა და სხვა ქალაქში გადასვლაც შეუძლებელი გახდა. ჯამბული გულის მონიტორინგის მიზნით სამედიცინო შემოწმებაზეც ვეღარ დადიოდა, რადგან COVID-19-ის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტიც შეჩერდა, ტაქსის ფული კი არ ჰქონდა. პანდემიის დროს დახმარების მიზნით IOM-მა ოჯახისთვის დამატებითი დახმარების სახით ორი თვის ქირის თანხა გამოყო. ჯამბულმა სარეინტეგრაციო დახმარების გამოყენებით ბავშვისთვის საკვები და საფენებიც შეიძინა. მან არ იცის მომავალში რა როგორ იქნება. ნერვიულობს ოჯახზე და ცდილობს იპოვოს სამსახური, რომ შეძლოს ოჯახის ხარჯების დაფარვა.

COVID-19-მა ბევრი მიგრანტის ცხოვრებაზე მოახდინა გავლენა - საზღვარგარეთ მცოხვრებმა საქართველოს ბევრმა მოქალაქემ დაკარგა სამსახური ქვეყანაში დაბრუნებამდე ან დაბრუნების შემდეგ.

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ დააწესა მგზავრობის / გადაადგილების აკრძალვა COVID-19-ის შესაჩერებლად. ისეთ ზომებს, როგორიც არის საზღვრების ჩაკეტვა, კომენდანტის საათი და შიდა გადაადგილების აკრძალვა, ფართო გავლენა აქვს როგორც ადგილობრივ მოსახლეობაზე, ასევე მესამე ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებიც ვერ ბრუნდებიან საკუთარ ქვეყნებში / წარმოშობის ქვეყნებში ან ვერ აღწევენ დანიშნულების ადგილამდე. პანდემიამ თავშესაფრის მაძიებლებზე განსაკუთრებით უარყოფითად იმოქმედა, რადგან ბევრმა ქვეყანამ შეაჩერა უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის თავშესაფრის მაძიებლების მიღება.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში IOM ეხმარება ათასობით მიგრანტს, რომლებიც გადაადგილების აკრძალვის გამო ვერ მუშაობენ ან სამშობლოში ვერ ბრუნდებიან.
 

ფოტოების ავტორი ერიკ გურლანი