მარიამი ბავშვობიდან მონაწილეობდა მუსიკალურ კონკურსებში. ის 5 წლიდან მღერის. საზღვარგარეთ ბედის ცდა იმ ქართველი მომღერლების თავგადასავლებით შთაგონებულმა გადაწყვიტა, რომლებმაც წარმატებას საბერძნეთში მიაღწიეს.

2018 წელს საბერძნეთში მეგობართან ერთად გაემგზავრა. ქართული რესტორნები სათითაოდ შემოიარა, მაგრამ ვერსად იპოვა ის, რასაც ეძებდა და რისთვისაც საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტა. სამუშაო ნებართვის გარეშე ადვილი არ იყო კარგად ანაზღაურებადი სამსახურის პოვნა. თავის სარჩენად სხვადასხვა სამსახურშიც უწევდა მუშაობა. თუმცა, საბოლოოდ მიაგნო ისეთ რესტორანს, სადაც ერთდროულად მღეროდა და მუშაობდა, რაც მისთვის დამღლელი და სტრესული აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ საბერძნეთში გატარებული ერთი წლისა და ექვსი თვის შემდეგ მარიამმა შინ დაბრუნება გადაწყვიტა.

IOM-ის ხელშეწყობით მარიამი საქართველოში 2020 წლის მარტში ჩამოვიდა. ზუსტად ამ პერიოდიდან დაიწყო COVID-19-ით გამოწვეული შეზღუდვების დაწესება. მარიამმა მიღებული დახმარებით მუსიკალური აპარატურა შეიძინა და ახლა მომღერლად მუშაობას სხვადასხვა დაწესებულებაში აპირებს. მიზნად დასახული აქვს რომ კონცერტებსა და საქველმოქმედო ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა. პანდემიამ მარიამი დატვირთული რეჟიმისგან გაათავისუფლა. მან კი ეს დრო საკუთარ მიზნებსა და გეგმებზე კონცენტრირებისთვის გამოიყენა.

ამბობს, რომ საბერძნეთში მიღებულმა გამოცდილებამ გაააძლიერა. ახლა სჯერა რომ ცხოვრების გზაზე ნებისმიერი სირთულისა თუ დაბრკოლების გადალახვას შეძლებს. მარიამი დარწმუნებულია საკუთარ ძალებში და იცის რომ აისრულებს ოცნებას და სამშობლოში წარმატებული გახდება.

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ დააწესა მგზავრობის / გადაადგილების აკრძალვა COVID-19-ის შესაჩერებლად. ისეთ ზომებს, როგორიც არის საზღვრების ჩაკეტვა, კომენდანტის საათი და შიდა გადაადგილების აკრძალვა, ფართო გავლენა აქვს როგორც ადგილობრივ მოსახლეობაზე, ასევე მესამე ქვეყნების მოქალაქეებზე, რომლებიც ვერ ბრუნდებიან საკუთარ ქვეყნებში / წარმოშობის ქვეყნებში ან ვერ აღწევენ დანიშნულების ადგილამდე.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში IOM ათასობით მიგრანტს ეხმარება, რომლებიც გადაადგილების აკრძალვის გამო ვერ მუშაობენ ან სამშობლოში ვერ ბრუნდებიან.
 

ფოტოების ავტორი ერიკ გურლანი