მაშენკა და ვედანგი თბილისის ღია უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები არიან. ისინი საქართველოში სულ რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდნენ.

მაშენკა დედისერთაა. წელს პირველად მოუწია ოჯახის დატოვება და უცხოეთში ცხოვრება. ამბობს, რომ საქართველოში გატარებული პირველი კვირა მისთვის განსაკუთრებით რთული იყო, მშობლები ძალიან ენატრებოდა და გამუდმებით ტიროდა. თუმცა ღია უნივერსიტეტში სწავლის დაწყებამ, იქ არსებულმა გარემომ, ახალმა მეგობრებმა და საინტერესო სასწავლო პროცესმა მას მოწყენისათვის დრო არ დაუტოვა. ის მთელი მონდომებით საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩაება.

მაშენკა მომავალი კარდიოქირურგია. ის ამ პროფესიის დაუფლებაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. ამბობს, რომ დედაც სამედიცინო მუშაკია და შესაძლოა მისი პროფესიული ინტერესიც ამ გარემოებამ განსაზღვრა. მაშენკა კარგად აცნობიერებს თავისი მომავალი პროფესიის სირთულეს, რადგან იცის, რომ ქირურგის თუნდაც ერთმა მცირე შეცდომამ შესაძლოა ადამიანის სიცოცხლე იმსხვეროპლოს. ამიტომ ის მთლიანად ფოკუსირებულია სწავლაზე.

ორივე სტუდენტს ძალიან მოსწონს ლექციები, ამბობენ, რომ ლექტორები მეგობრულები არიან და ყოველთვის დაუზარებლად პასუხობენ სტუდენტების კითხვებს.

ვედანგს შესასწავლი საგნებიდან ყველაზე მეტად ანატომია იტაცებს. დიდი ინტერესით ესწრება პრაქტიკულ მეცადინეობებსაც თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც პაციენტებთან კომუნიკაციისა და პრაქტიკოსი მედიკოსებისგან გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ეძლევა. გოგოები ამბობენ, რომ კლინიკაში ყველაფერი მაღალ დონეზეა მოწესრიგებული. ისინი აქვე ეცნობიან სხვადასხვა სამედიცინო პროცედურასა და აღჭურვილობას. მაშენკას თქმით, კლინიკაში ყოველი ვიზიტი ბევრი ახალი ინფორმაციის მიღებით სრულდება.

COVID-19-ის პანდემიამ  სასწავლო პროცესი საგრძნობლად შეცვალა. გოგოების თქმით, ონლაინ ლექციები ძალიან ორგანიზებულად ტარდება, თუმცა მაინც იმ დროს ამჯობინებინებენ, როდესაც უნივერსიტეტის აუდიტორიაში, ცოცხალ გარემოში ლექტორთან უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობა ჰქონდათ.

სასწავლო პროცესის გარდა, COVID-19-მა მაშენკას ყოველდღიური ცხოვრებაც შეცვალა. სახლში დარჩენა და სოციალური დისტაციის დაცვა მისთვის საკმაოდ სტრესული აღმოჩნდა. ენატრება ის დრო, როდესაც თავის ქართველ და ინდოელ მეგობრებთან ერთად კალათბურთის სათამაშოდ დადიოდა.

მაშენკასგან განსხვავებით, საყოველთაო კარანტინის დროს ვედანგს სოციალური დისტანციის დაცვა და სახლში ყოფნა არ გასჭირვებია. ესწრებოდა ონლაინ ლექციებს და მეგობრებსაც ნახულობდა, რადგან მათი უმრავლესობა ვედანგთან ერთად იმავე ჰოსტელში ცხოვრობს.

ვედანგი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ვირუსის გავრცელების საფრთხეს კარგად გაუმკლავდა, თუმცა, მიიჩნევს, რომ ადამიანები COVID-19-ს სერიოზულად უნდა მიუდგნენ. მაშენკას კი სჯერა, რომ პოზიტიური განწყობის შენარჩუნებით ადამიანები შეძლებენ ცხოვრების იმ რეჟიმს დაუბრუნდნენ, რომელიც COVID-19-ის გავრცელებამდე არსებობდა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ადამიანები მთავრობასთან და ეპიდემიოლოგებთან კოორდინირებით მოქმედებდნენ, უფრთხილდებოდნენ საკუთარ თავსა და სხვებს.

ორივე სტუდენტს საქართველოში ცხოვრება და სწავლა ძალიან მოსწონთ. ამბობენ, რომ ინდოეთში ყოფნისას, სწავლის გასაგრძელებლად სხვადასხვა ქვეყანას სთავაზობდნენ, თუმცა მათ საქართველო აირჩია. ეს არჩევანი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის იმან, რომ საქართველოში სწავლა - შედარებით იაფი, განათლების სტანდარტები კი საკმაოდ მაღალია.

მაშენკას თქმით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, ხოლო მოსახლეობის უმრავლესობა მასსავით ქრისტიანია.

გოგოები ძალზე მიზანმიმართულები არიან და ამბობენ, რომ საქართველოში სწავლის დასრულების შემდეგ აპირებენ სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარებას, რათა კიდევ უფრო კვალიფიციურ ექიმებად ჩამოყალიბდნენ.

კორონავირუსის პანდემია პირველ რიგში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კრიზისია. საფრთხე არც ადამიანებში და არც მიგრანტებში, არამედ თვითონ ვირუსშია. პანდემიას საზღვრები არ აქვს, ის თანაბრად ეხება ყველა ადამიანს, ეროვნების, ეთიკურობის, რელიგიის თუ რაიმე სხვა სტატუსის მიუხედავად.

მიგრანტები არ არიან ვირუსის წინაშე უფრო დაუცველნი და არც ინფექციის მაღალ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ. ხშირად რისკის შემცველია მათი გადაადგილების, ცხოვრების და მუშაობის პირობები და შეზღუდული წვდომა ჯანდაცვაზე.

მიგრანტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და უმეტესად წარმოდგენილნი არიან ისეთ ძირითად სექტორებში, როგორიცაა ჯანდაცვა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა, ტურიზმი, სატრანსპორტო მომსახურება, ვაჭრობა და კიდევ ბევრ სხვა სექტორში, რომელიც განსაკუთრებით დააზარალა პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა. ამავდროულად COVID-19 თან ბრძოლაში მიგრანტები წარმოადგენენ უმნიშვნელოვანეს ძალას ექიმების, ექთნების, მომვლელების და სხვა სახის დამხმარე პერსონალის სახით. საქტორები, სადაც მიგრანტები წარმოადგენენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშაო ძალას, განიცდიან დიდ პრობლემებს წარმოებაში. მაგალითად ხეხილის დაკრეფა ვერ ესწრება და ლპება, რაც ზრდის კვების პროდუქტების წარმოების კრიზისის რისკებს გლობალურ დონეზე.

ზოგადად, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ხელს უწყობს მიგრანტთა სოციალურ ინკლუზიას და ჩართულობას, შიშებისა და სირთულეების გადალახვისთვის ცოდნაზე დაფუძნებული მსჯელობის, კომუნიკაციისა და საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით.

პანდემიამ აჩვენა, რომ არავინ არის დაცული, სანამდე ყველა არ იქნება უსაფრთხოდ. ამისთვის ყველამ უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა საერთო უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
 

ფოტოების ავტორი - ერიკ გურლანი

ინტერვიუს ავტორი - NGO უფლებები საქართველო