ფოლაბი 42 წილს არის. ის საქართველოში თავის ცოლთან, ფრიდასთან ერთად, რვა წელია ცხოვრობს. ფოლაბი თბილისში ნიგერიული პროტესტანტული ეკლესიის “დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესიის” პასტორია. ფრიდა ექიმია და სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს.

ფოლაბი საქართველოში სასწავლებლად ჩამოვიდა. ნიგერიიდან ის თავიდან დიდ ბრიტანეტში გაემგზავრა. რამდენიმე წლის შემდეგ კი საქართველოში ჩამოვიდა. აქ ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ფოლაბისთვის საქართველო მეორე სახლად იქცა. ის სიამოვნებით მოგზაურობს საქართველოს ზღვისპირა და მთიან მხარეებში.

ფოლადმა სწავლის პარალელურად, ეკლესიაში მსახურობა დაიწყო. მის მიერ დაარსებული ეკლესია თბილისში მცხოვრები აფრიკული წარმოშობის მიგრანტებისთვის, მათ შორის, სტუდენტებისთვის, სულიერი და მატერიალური მხარდაჭერის ადგილად იქცა. ხუთშაბათობით და კვირაობით ეკლესიაში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. ხუთშაბათობით იქ ბიბლიას ასწავლიან. კვირაობით კი, როდესაც ეკლესიაში თავს ასამდე მორწმუნე მოიყრის, პასტორი ფოლაბი მრევლს ქადაგებით მიმართავს. ისინი ერთად ლოცულობენ და ასრულებენ სიმღერებს. სწამთ, რომ ეკლესიაში მისულმა მორწმუნეებმა ბედნიერება და სიხარული უნდა გამოხატონ და ამით გამოავლინონ ღვთისადმი მადლიერება და სიყვარული.

მოულოდნელად გავრცელებულმა COVID-19-ის პანდემიამ პასტორი ფოლაბის და მისი ეკლესიის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. სხვა რელიგიური ორგანიზაციების მსგავსად, მორწმუნეებისათვის “დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესიის” კარიც დაიხურა, ყოველკვირეულმა წირვებმა კი რეალური სივრციდან ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა. პასტორი ფოლაბის თქმით, ქადაგებასთან ერთად, მნიშვნელოვანი გახდა მორწმუნეების ინფორმირება COVID-19-ის გავრცელების პრევენციის შესახებ. ეკლესია საკვებით და სხვა საჭირო ნივთებით ეხმარებოდა მათ, ვისაც სახლიდან გასვლის და ყიდვის შესაძლებლობა არ ჰქონდა.

პასტორი ფოლაბის თქმით, ეკლესია საქართველოს მთავრობის მიერ გაცემულ ყველა რეკომენდაციას მკაცრად იცავს. პასტორი ფიქრობს, რომ საიდანაც არ უნდა იყო წარმოშობით, პატივი უნდა სცე იმ ქვეყნის ისტორიას, კულტურასა და კანონებს, რომელშიც ცხოვრობ.  

ფოლაბის თქმით, პანდემია საფრთხეს ყველას თანაბრად უქმნის, ადამიანის კანის ფერის, თუ წარმომავლობის მიუხედავად, ამიტომ ნებისმიერ პრობლემასთან გამკლავება მხოლოდ ერთობლივი ძალებით, საზოგადოების თითოეული წევრის მხრიდან პასუხისმგებლობის გამოჩენით და თანადგომით არის შესაძლებელი

ის დარწმუნებულია, რომ ურთიერთგაგება აუცილებელია ისეთ პრობლემების დასაძლევად, როგორიც არის რასიზმი. შეუძლებელია, განსჯიდე ან აფასებდე ადამიანებს ისე, რომ არ იცნობდე მათ. თუ ქართველები აფრიკელებს კარგად გაიცნობენ, სხვა წარმოდგენა შეექმნებათ მათზე. ფოლაბის თქმით, ეკლესიის კარი ყველასთვის ღიაა.

კორონავირუსის პანდემია პირველ რიგში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კრიზისია. საფრთხე არც ადამიანებში და არც მიგრანტებში, არამედ თვითონ ვირუსშია. პანდემიას საზღვრები არ აქვს, ის თანაბრად ეხება ყველა ადამიანს, ეროვნების, ეთიკურობის, რელიგიის თუ რაიმე სხვა სტატუსის მიუხედავად.

მიგრანტები არ არიან ვირუსის წინაშე უფრო დაუცველნი და არც ინფექციის მაღალ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ. ხშირად რისკის შემცველია მათი გადაადგილების, ცხოვრების და მუშაობის პირობები და შეზღუდული წვდომა ჯანდაცვაზე.

მიგრანტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და უმეტესად წარმოდგენილნი არიან ისეთ ძირითად სექტორებში, როგორიცაა ჯანდაცვა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა, ტურიზმი, სატრანსპორტო მომსახურება, ვაჭრობა და კიდევ ბევრ სხვა სექტორში, რომელიც განსაკუთრებით დააზარალა პანდემიასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა. ამავდროულად COVID-19 თან ბრძოლაში მიგრანტები წარმოადგენენ უმნიშვნელოვანეს ძალას ექიმების, ექთნების, მომვლელების და სხვა სახის დამხმარე პერსონალის სახით. საქტორები, სადაც მიგრანტები წარმოადგენენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამუშაო ძალას, განიცდიან დიდ პრობლემებს წარმოებაში. მაგალითად ხეხილის დაკრეფა ვერ ესწრება და ლპება, რაც ზრდის კვების პროდუქტების წარმოების კრიზისის რისკებს გლობალურ დონეზე.

ზოგადად, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ხელს უწყობს მიგრანტთა სოციალურ ინკლუზიას და ჩართულობას, შიშებისა და სირთულეების გადალახვისთვის ცოდნაზე დაფუძნებული მსჯელობის, კომუნიკაციისა და საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით.

პანდემიამ აჩვენა, რომ არავინ არის დაცული, სანამდე ყველა არ იქნება უსაფრთხოდ. ამისთვის ყველამ უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა საერთო უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

 

ფოტო:ერიკ გურლანი

ინტერვიუს ავტორი - NGO უფლებები საქართველო