ელენა, ირინა, კარინა და იულია განსხვავებული წარსულის მქონე ახალგაზრდები არიან, რომლებმაც ერთმანეთი საქართველოში გაიცნეს. ცხოველთა გადარჩენის შესახებ დოკუმენტური ფილმებით შთაგონებულმა მეგობრებმა, მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად საქველმოქმედო ფონდის - “Dogcat_Batumi”-ს შექმნა გადაწყვიტეს. ორგანიზაციის ირგვლივ ბევრი მიმდევარი და მოხალისე გაერთიანდა და მათი მთავარი მიზანი როგორც ბათუმში, ისე მთლიანად საქართველოში მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვაა. “Dogcat_Batumi”-ს დამაარსებლები ცხოველთა მონიტორინგს მთელი ქალაქის მასშტაბით ახორციელებენ. მათ თავშესაფარი არ აქვთ, თუმცა შემოწირულობების დახმარებით, ისინი ცხოველებზე ზრუნავენ, მათ კვებავენ და საზოგადოებაში აღნიშნულ საკითხზე ცნობიერების ამაღლებაზეც მუშაობენ.

ელენა რუსეთიდან საქართველოში 2018 წელს ტურისტად ჩამოვიდა, მაგრამ ბათუმი ძალიან შეუყვარდა და მოგზაურობის გახანგრძლივება გადაწყვიტა. ელენას ახალ გარემოსთან შესაგუებლად 6 თვე დასჭირდა. ირინას, კარინასა და იულიას გაცნობის შემდეგ კი „Dogcat_Batumi”-ს დაარსება გადაწყვიტა.

ირინა უკრაინაში DJ იყო და საქართველოში 2012 წელს ტურისტად ჩამოვიდა. ირინას საქართველო „ღარიბ, დანგრეულ პოსტ-საბჭოთა ქვეყანად“ წარმოედგინა, მაგრამ მისი შეხედულებები ბათუმში ჩამოსვლისთანავე შეიცვალა. საქართველოში ჩამოსვლის პირველივე დღიდან თავს კომფორტულად გრძნობს და ქვეყნის დატოვებას არ აპირებს. ელენა, მისი მეუღლე და მათი სამი წლის კატა სახელად ეპა საქართველოში ბედნიერად ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართულად ვერ საუბრობენ, რუსულ ენაზე ადგილობრივებთან ურთიერთობისას დაბრკოლებები არასდროს შექმნიათ.

კარინა რუსეთში გაიზარდა, შემდეგ უკრაინაში იცხოვრა და 6 წლის წინ ბათუმში ჩამოვიდა. მისი მეგობრების - ელენასა და ირინას მსგავსად, საქართველოში კარინაც ტურისტად ჩამოვიდა, თუმცა ქვეყანაში დაგეგმილზე მეტი დროის გატარების შემდეგ, კარინამ მომავალი მეუღლე გაიცნო და ქართულ-უკრაინული ოჯახი შექმნა. კარინას ბათუმთან შესაგუებლად 2 წელი დასჭირდა, მაგრამ ახლა მეუღლესთან და კატასთან ერთად ცხოვრებით ბედნიერია და საქართველოში ბინადრობის უფლების მიღებას ცდილობს. მისი პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა კარინას თქმით, იგი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა.

იულია ბელარუსში ცხოვრობდა, როდესაც ბათუმის ერთ-ერთ კაზინოში მუშაობა შესთავაზეს. ის შემოთავაზებას დათანხმდა და 2018 წელს მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა. სამწუხაროდ, პანდემიის გამო კაზინო დაიხურა. იულიას და მის ბელარუს მეუღლეს სამომავლო ნაბიჯებზე სერიოზული გეგმები ჯერ არ აქვთ, რადგან ბათუმში ქუჩიდან აყვანილ ორ ძაღლთან ერთად ძალიან კომფორტულად ცხოვრობენ.

„ვცდილობთ, ხალხს ვაჩვენოთ, რომ მიუსაფარ ცხოველებს ზურგი არ უნდა ვაქციოთ. მათ ბევრი არ სჭირდებათ - ზოგჯერ სიცოცხლის გადასარჩენად პურიც საკმარისია.“ - ამბობენ “Dogcat_Batumi”-ს დამფუძნებლები.
 

ფოტო: ერიკ გურლანი