ჰარმიში 20 წლის ინდოელი სტუდენტია, რომელიც ქუთაისში 2019 წლიდან ცხოვრობს.

ჰარმიშმა საქართველო „აკაკი წერეთლის სახელწმიფო უნივერსიტეტის“ გამო შეარჩია, რადგან უნივერსიტეტის შესახებ ინდოელი სტუდენტებისგან არაერთი კარგი ამბავი ჰქონდა მოსმენილი. ის საქართველოში დიდი მოლოდინებით ჩამოვიდა და უნივერსიტეტმა იმედები გაამართლა. ჰარმიში ლექტორების მადლობელია, რადგან ისინი უცხოელ სტუდენტებს ყოველთვის გვერდით უდგანან. ჰარმიშის თქმით, ის უნივერსიტეტში ონლაინ ინტერვიუს შედეგად ჩაირიცხა, მაგრამ ახლა წესები შეიცვალა და მის ინდოელ მეგობრებს, რომლებსაც ასევე სურთ საქართველოში განათლების მიღება, ჩარიცხვის პროცესში მეტი პროცედურის გავლა უწევთ.

ჰარმიშის გამოცდილებით, ქუთაისში თავის დამკვიდრება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის არცთუ მარტივია, რადგან ადგილობრივების უმრავლესობა, რუსულის მცოდნე უფროსი თაობის გარდა, უცხო ენებზე ვერ საუბრობს. ჰარმიში ქუთაისში გატარებულ პირველ დღეებს იხსენებს, როდესაც ბინის ქირაობასა და მეგობრების შეძენას ცდილობდა და ამბობს, რომ უცხოელ სტუდენტებსა და სახელმწიფოს შორის ოფიციალური შუამავალი ორგანოს არსებობა ინტეგრაციის პროცესს გაამარტივებდა.

საქართველოში გადმოსვლიდან ცოტა ხანში ჰარმიში რასისტული დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა, მაგრამ ამბობს, რომ ქართველები ძალიან მეგობრული და სტუმართმოყვარენი არიან. ადგილობრივები უცხოელ სტუდენტებს ყოველთვის ეხმარებიან მიაგნონ დანიშნულების ადგილს. ჰარმიში ინდოეთში მაგიდის ჩოგბურთს თამაშობდა, ქუთაისში კი ადგილობრივ კლუბში გაწევრიანდა და ზოგჯერ საქართველოს სხვადასხვა ქალაქს გუნდელებთან ერთად ტურნირებზე მონაწილეობის მისაღებად სტუმრობს. ჰარმიშის თქმით, ქუთაისში გასართობი ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ფილმების ყურებაში ატარებს. ჰარმიშის თქმით, „როგორც ქუთაისს, ისე მთლიანად საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს და აქვს და მეტი მრავალფეროვნება მას ძალიან წაადგებოდა“
 

ფოტო: ერიკ გურლანი