ნიკოლაი საქართველოში 5 წლის წინ თავის საცოლესთან, მაგდასთან ერთად ჩამოვიდა, რადგან წყვილს ჯვრის დაწერა ალავერდის მონასტერში სურდა, მაგდას ქართველი მამისა და რუსი დედის მსგავსად. წყვილმა თაფლობის თვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაატარა. ნიკოლაი ამბობს, რომ ბათუმის ქუჩებით გაოცებულმა საქართველოში გადმოსვლის შესაძლებლობებზე დაიწყო ფიქრი. „მაგდას ვუთხარი, რომ ბათუმი არა მოსანახულებელი, არამედ საცხოვრებელი ადგილია“, იხსენებს ნიკოლაი.

ნიკოლაი და მაგდა ბათუმში 2016 წელს გადმოსახლდნენ და პირველი შვილიც მალევე ეყოლათ - მაქსიმუსი 2017 წელს დაიბადა. ამავე წელს ნიკოლაიმ ლუდსახარში დააარსა და შვილის საპატივცემულოდ „მაქსიმუსი“ დაარქვა. COVID-19-მა კომპანიის ბაზარზე დამკვიდრების პროცესი და პროდუქციის რეალიზაცია საგრძნობლად შეაფერხა, მაგრამ ნიკოლაიმ მაღაზიათა ქსელი „ზღვა ლუდი“ მაინც გახსნა და საკუთარ ლუდს თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ზესტაფონის მასშტაბით ყიდის.

ლუდსახარშთან ერთად ნიკოლაიმ საბრძოლო ხელოვნების სტუდია „მაქსიმუსი“ დააფუძნა, რომელიც სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის უფასოა. „მაქსიმუსში“ ამჟამად 100-მდე ადამიანია დასაქმებული, მაგრამ ნიკოლაი გაჩერებას არ აპირებს და დიდი კორპორაციის შექმნა სურს, რომელიც ლუდსახარშთან ერთად, მშენებლობის, ტურიზმისა და სხვა არაერთ სფეროს მოიცავს და რომელშიც 1,000 ადამიანი იმუშავებს. ნიკოლაის თქმით, ბიუროკრატიის მხრივ საქართველოში ბიზნესის კეთება ბევრად მარტივია, ვიდრე რუსეთში.

ნიკოლაი, მაგდა და მათი სამი ვაჟიშვილი - მაქსიმუსი (4 წლის), ალექსი (2 წლის) და მარკუსი (3 თვის) ბათუმში ბედნიერად ცხოვრობენ და საქართველოს დატოვებას ჯერჯერობით არ აპირებენ. ნიკოლაიმ საქართველოში ბინადრობის უფლების მიღება სცადა, მაგრამ ქართული ენის არცოდნის გამო უარი მიიღო. ამის მიუხედავად, ნიკოლაის ადგილობრივებთან კომუნიკაცია არასდროს გასჭირვებია, რადგან ბათუმი რუსულად მოლაპარაკე ადამიანებისთვის ძალიან კომფორტული ქალაქია.
 

ფოტო: ერიკ გურლანი