მირაქლი 28 წლის ნიგერიელი სტუდენტია, რომელიც ქუთაისში 2015 წლიდან ცხოვრობს.

მირაქლმა საქართველოს შესახებ მეგობრისგან შეიტყო. ინფორმაციის მოძიების შემდეგ, როდესაც დარწმუნდა რომ უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრებას შეძლებდა, მირაქლი საქართველოში 2015 წელს ჩამოვიდა. რამდენიმე თვე თბილისში გაატარა - ორ ნიგერიელ მეგობართან ერთად, რომლებიც, მის მსგავსად, საქართველოში მედიცინის შესასწავლად ჩამოვიდნენ, შემდეგ კი სწავლის გაგრძელება ქუთაისში გადაწყვიტა.

„პირველი წელი ნამდვილი გამოწვევა იყო“, ამბობს მირაქლი, როდესაც უნივერსიტეტში ჩარიცხვასთან, ადაპტაციასთან, ენის ბარიერთან და დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ სირთულეებს იხსენებს. თითქმის ყველა გამოწვევა გადალახა, მაგრამ ენის ბარიერი ერთადერთ დაბრკოლებად რჩება. მირაქლმა ყველა უარყოფითი გამოცდილება უკან მოიტოვა. „ქართველები რასისტები ნამდვილად არ არიან. უბრალოდ, ზოგი ქართველი შესახედაობით მის მსგავს მიგრანტს ანიჭებს უპირატესობას, რაც ნორმალურია, მაგრამ არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან - მეც ქრისტიანი ვარ.“, ამბობს მირაქლი, რომელიც ქუთაისში მის მიერ დაარსებულ პროტესტანტულ ეკლესიაში ქადაგებს.

მირაქლი ქუთაისის ცხოვრების სტილს მიეჩვია: ცხოვრების ნებართვა მიიღო, ბევრი ადგილობრივი და უცხოელი მეგობარი შეიძინა და მათთან ერთად სავარჯიშო დარბაზსაც ხშირად სტუმრობს. საკუთარი დროის უკეთ გამოსაყენებლად, სწავლის დასრულების შემდეგ მირაქლმა ბიზნესის მენეჯმენტის განხრით სამაგისტრო პროგრამაზე გადაწყვიტა ჩარიცხვა და ახალი თავგადასავლის დაწყებას მოუთმენლად ელის.

„ის რომ მე საქართველოში ბევრი პრობლემა არ მაქვს, არ ნიშნავს, რომ აქ ცხოვრება სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც მარტივია“, ამბობს მირაქლი, როდესაც საკუთარი მეგობრებისა და სხვა უცხოელი სტუდენტების გამოცდილებას იხსენებს. მირაქლი მიიჩნევს, რომ თუ საქართველოში ჩამოსვლა უცხოელი სტუდენტებისთვის ბევრად მარტივი იქნება, ამით ორივე მხარე ისარგებლებს. „წარმოიდგინეთ, რომ საქართველო ბინადრობის უფლებას გაძლევთ 2 წლით და შემდეგ კიდევ 2 წლით გიხანგრძლივებთ და ამ ხნის განმავლობაში არაფერი დაგიშავებიათ. რატომ გეუბნებიან უარს მესამე ვადაზე?“, ამბობს მირაქლი, როდესაც სხვა მიგრანტების პრობლემებზე საუბრობს.
 

ფოტო: ერიკ გურლანი