ლალიტი 21 წლის ინდოელი სტუდენტია, რომელიც ქუთაისში 2019 წელს ჩამოვიდა და სწავლა „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში“, მედიცინის ფაკულტეტზე დაიწყო.

საქართველოში ჩამოსვლამდე ლალიტმა ქვეყნის შესახებ ბევრი არაფერი იცოდა. მისთვის მთავარი განათლების მიღება და ბავშვობის ოცნების ახდენაა - ლალიტს სურს, ქირურგი გახდეს. ლალიტი ფიქრობდა, რომ ქართველების უმრავლესობა ინგლისურად თავისუფლად საუბრობს, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ქუთაისში ეს ასე არ იყო. ლალიტი ასევე იმედოვნებდა, რომ ქუთაისში სტუდენტების დასაქმების კუთხით პრობლემები არ იქნებოდა, მაგრამ ეკონომიკური სიტუაციისა და პანდემიის გათვალისწინებით, ლალიტი ჯერჯერობით უმუშევარია. შესაბამისად, ის მშობლების ფინანსურ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, რადგან ყოველთვიურად ბინის ქირასა და გადასახადებს იხდის. სწავლის დასრულების შემდეგ ლალიტი ინდოეთში დაბრუნებას გეგმავს.

უცხოელი სტუდენტების ადაპტაციის ხელშეწყობის მიზნით, უნივერსიტეტი მათ ქართული ენის ერთწლიან კურსს სთავაზობს და სხვა სტუდენტების მსგავსად, ამ შესაძლებლობით ლალიტმაც ისარგებლა, რათა ენის საწყისები მინიმალურ დროში აეთვისებინა. სამწუხაროდ, პანდემიის დაწყებასთან და მსოფლიოს ცხოვრების დისტანციურ სტილზე გადაწყობასთან ერთად, ლალიტმა უცხო ენის შესწავლა ონლაინ ლექციებით გააგრძელა, რაც მას ძალიან უჭირს.

„უნივერსიტეტი თავს ადგილობრივი საზოგადოების ნაწილად მაგრძნობინებს, რადგან ლექტორები მეგობრულად გვეპყრობიან და სტუმრადაც გვეპატიჟებიან“, ამბობს ლალიტი. სამწუხაროდ, ენობრივი ბარიერის გამო ლალიტს ადგილობრივი მეგობრები არ ჰყავს და კონტაქტში შესვლას ხშირად ბავშვებთან უფრო ახერხებს, რადგან, როგორც თავად ამბობს, ისინი უცხო ენების შესწავლით ყველაზე მეტად ინტერესდებიან. ლალიტმა ქუთაისში იაპონელი და ისრაელელი მეგობრები შეიძინა.

ლალიტი სწავლის პროცესში ძალისხმევას არ იშურებს, მაგრამ თავისუფალი დროის მეგობრებთან გატარება, მათთან ერთად ბაზარში, მაღაზიებში, სკვერებსა და ქალაქში სიარული ძალიან უყვარს, კვირაობით კი ქუთაისის კათოლიკურ ეკლესიაში წირვას ესწრება. არაერთი დაბრკოლების მიუხედავად, ლალიტი საქართველოში ცხოვრებით სიამოვნებას იღებს - მას ძალიან მოსწონს ადგილობრივი ბუნება და დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ლაშქრობებსაც ხშირად აწყობს.

ლალიტის თქმით, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სიახლეების მიღება რთულია, რადგან რამდენიმე გამონაკლისის გარდა, საინფორმაციო საშუალებები მხოლოდ ქართულ ენაზე მუშაობს. ლალიტისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა პანდემიის საწყისი ეტაპი იყო, როდესაც ის და მისი მეგობრები გარე სამყაროს სრულიად მოწყდნენ და ინფორმაციულ ვაკუუმში აღმოჩნდნენ, რა დროსაც, ლალიტის თქმით, ინგლისურენოვანი სიახლეები მათ ძალიან დაეხმარებოდა.
 

ფოტო:ერიკ გურლანი