ლიას მოსკოვში წარმატებული ბიზნეს-კარიერა ჰქონდა და მეუღლე ალექსანდრთან და ორ შვილთან - ალისასთან და ალექსანდრასთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდა. ლია ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ რუსეთის დატოვება და სხვა ქვეყანაში ცხოვრება მოუწევდა, თუმცა მე-3 ბავშვის დაბადებამ ლიას ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. სერაფიმი ფიზიკური განვითარების სერიოზული შეფერხებით დაიბადა და ამან ლიასა და ალექსანდრს მთელი ყურადღება მის რეაბილიტაციაზე გადაატანინა. ოჯახმა რუსეთისა და ევროპის მასშტაბით არაერთ ექიმს მიმართა, მაგრამ დანაზოგის სრულად დახარჯვის მიუხედავად, პროგრესი შეუმჩნეველი იყო.

ლიას და ალექსანდრს ქართველმა მეგობრებმა შვებულებისას საქართველოში წასვლა ურჩიეს. ლია საქართველოში 2016 წელს ჩამოვიდა და ადგილობრივებისგან ურეკის მაგნიტური სანაპირო ქვიშების შესახებ არაერთი ისტორია მოისმინა. ლია სერაფიმთან ერთად ურეკს ესტუმრა და გაოცდა, როდესაც შვილის მდგომარეობას აშკარა გაუმჯობესება შეამჩნია. ურეკში ხანმოკლე ვიზიტის დროს ლიამ ქეთევანი გაიცნო - ოზურგეთელი ექიმი, რომელმაც სერაფიმთან სრულიად უფასოდ იმუშავა.

სერაფიმის რეაბილიტაციის გასაგრძელებლად ლიამ ურეკში სარეაბილიტაციო ცენტრების ძიება დაიწყო, მაგრამ მხოლოდ ორი იპოვა - ერთი საბჭოთა, მოძველებული ტექნიკით აღჭურვილი, მეორე კი ძალიან ძვირი. ლიამ და მისმა მეუღლემ ურეკში საქველმოქმედო სარეაბილიტაციო ცენტრ „სერაფიმის“ დაარსება გადაწყვიტეს იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც სპეციალური მკურნალობა სჭირდებათ. 2017 წელს ურეკში ძველი სახლი შეიძინეს და 3.5 წლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ დირექტორად ქეთევანი დანიშნეს.

რესტავრაციას 3.5 წელი დასჭირდა. ამ პერიოდში, ლია სახლს ტურისტებისთვისაც აქირავებდა და ყველას იმდენის გადახდას სთავაზობდა, რამდენის გამეტებაც სამომავლო პროექტისთვის შეეძლოთ. „სერაფიმი“ 2021 წელს დაარსდა და ამავე წლის ზაფხულში ხანმოკლე კურსებისთვის 60 პაციენტი მიიღო, რომელთა მკურნალობის შედეგები ძალიან დამაიმედებელია. ლია და ქეთევანი ოფიციალური ლიცენზიის მიღებას ჯერ კიდევ ელიან, შემდეგ კი „სერაფიმს“ პაციენტების მიღება მთელი წლის განმავლობაში შეეძლება. მსოფლიოს მასშტაბით გავრცელებული საქველმოქმედო კამპანიითა და სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოსული შემოწირულობებით ლიამ „სერაფიმი“ თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვა და 10 ადგილობრივი დაასაქმა, რომლებმაც ტექნიკის სწორად გამოყენებისა და თანამედროვე მეთოდების შესახებ ხანგრძლივი ტრენინგები გაიარეს.

ცენტრის ხელმისაწვდომობა ლიასთვის უმნიშვნელოვანესია: „ჩვენს ცენტრში რეაბილიტაცია ყოველთვის უფასო იქნება, რადგან დედებს, რომლებსაც ისეთივე პრობლემები აქვთ, როგორიც მე, ფულს არასდროს გამოვართმევ“, ამბობს ლია. სარეაბილიტაციო ცენტრის გარდა, ლიამ ფონდი „სერაფიმის“ დაარსებაც მოახერხა - მას უკვე 500-მდე ბენეფიციარი ჰყავს და სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობასაც ახორციელებს. ფონდის დახმარებით გურიის მასშტაბით 25 მონასტერს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და სარეაბილიტაციო ცენტრის პირდაპირ წმინდა სერაფიმის სახელობის ეკლესიის აშენებაც იგეგმება. ლიას და ქეთევანს ცენტრის გაფართოება და ანალოგიური სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა ზრდასრულებისთვისაც სურთ.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ლიას მე-4 შვილი გაბრიელი შეეძინა და ოჯახი ერთად თბილისში ცხოვრობს. ალექსანდრი დისტანციურად მუშაობს, ალისა და ალექსანდრა საჯარო სკოლაში დადიან, ლია კი ცენტრს ხელმძღვანელობს და ურეკს ხშირად სტუმრობს. სერაფიმი ახლა 6 წლისაა და მართალია, სიარული არ შეუძლია, ის თავს უკეთ გრძნობს და მომავალს მშობლებიც და ექიმებიც ოპტიმისტურად უყურებენ.
 

ფოტო: ერიკ გურლანი