სოგდიანამ უზბეკეთი წლების წინ დატოვა და თურქეთსა და რუსეთში დამლაგებლად მუშაობდა, თუმცა თავი უსაფრთხოდ ვერც ერთ ქვეყანაში იგრძნო, რადგან ადგილობრივ მოსახლეობასთან და სამართალდამცავებთან კონფლიქტი არაერთხელ ჰქონდა. მეგობრების რჩევის საფუძველზე, სოგდიანამ საქართველოში გადმოსვლა გადაწყვიტა და 2017 წელს ბათუმში ჩამოვიდა.

პირველი ნაბიჯები საქართველოში სოგდიანასთვის დიდი გამოწვევა იყო, რადგან უზბეკეთსა და საქართველოს შორის კულტურული მსგავსებების ნაკლებობასთან ერთად, ის უცხო ქვეყანაში თავს მარტოსულად გრძნობდა. სოგდიანას ბათუმის ცხოვრების სტილთან შესაგუებლად ერთი წელი დასჭირდა და ახლა თავს კომფორტულად გრძნობს. მისი თქმით, ადგილობრივებთან კომუნიკაცია არასდროს გასჭირვებია, რადგან ბათუმელთა უმრავლესობას რუსულად საუბარი შეუძლია.

საქართველოში COVIDპანდემიის დაწყებასთან ერთად, სოგდიანამ თავი დაუცველად იგრძნო, თუმცა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ახალ რეალობასაც მიეჩვია. 2020 წელს სოგდიანას სამედიცინო დახმარება დასჭირდა, რა დროსაც მას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) დაეხმარა. სოგდიანამ საქართველოში ქართველი მეგობრებიც შეიძინა და საქართველოში გადმოსვლა საკუთარ მეგობარს - შამსიასაც შესთავაზა, რომელიც ბათუმში 2018 წელს ჩამოვიდა. სოგდიანას მსგავსად, შამსიაც დამლაგებლად მუშაობდა რუსეთსა და თურქეთში, მაგრამ სოგდიანას დაუჯერა და ბათუმში გადმოსახლდა.

შამსიას ძალიან მოსწონს ქართველების სტუმართმოყვარეობა. შამსიას თქმით, მას და თავის შვილს ყველაფერი აქვთ, რაც საქართველოში ბედნიერად საცხოვრებლად სჭირდებათ. შამსიასთვის საქართველოში მუშაობა უფრო კომფორტული და იოლია, ვიდრე მის მეზობელ ქვეყნებში და საუკეთესო მეგობართან ერთად სტუმართმოყვარე ქალაქში ცხოვრება მის ცხოვრებას კიდევ უფრო ახალისებს.

სოგდიანასა და შამსიას თქმით, საქართველოში უზბეკეთის საელჩოს გახსნა მათთვის ძალიან მოსახერხებელი იქნებოდა, რადგან ახლა ამ მოვალეობებს ბაქოში უზბეკეთის დიპლომატიური მისია ახორციელებს. მართალია, სოგდიანასა და შამსიას ადგილობრივებთან კომუნიკაციის პრობლემები არ აქვთ, მაგრამ ქართულის სწავლას მაინც ცდილობენ: „ადგილობრივებთან კომუნიკაციისას პრობლემები არასდროს გვქონია, მაგრამ ჩემს შვილთან ერთად ქართულ ანბანს ვსწავლობ და ლექსიკონს ყოველდღე რამდენიმე სიტყვასაც ვამატებ.“
 

ფოტო: ერიკ გურლანი