მეგანა (21), ჰარიქა (21) და ჰარშინი (20) ინდოელი სტუდენტები არიან, რომლებიც ქუთაისში 2019 წლიდან ცხოვრობენ.

მეგანამ, ჰარიქამ და ჰარშინიმ ქუთაისის „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტზე სწავლა ერთად გადაწყვიტეს. გოგოები ერთმანეთს ინდოეთშიც იცნობდნენ. ქუთაისმა ისინი განათლების მაღალი ხარისხითა და ხელმისაწვდომობით მოხიბლა. გოგოების თქმით, სამედიცინო განათლების მიღება საქართველოში ბევრად იაფია, ვიდრე ინდოეთში. მეგანა, ჰარიქა და ჰარშინი ფიქრობდნენ, რომ ქართველების უმრავლესობა ინგლისურად თავისუფლად საუბრობდა, რაც მათ ახალ გარემოსთან ადაპტაციას დააჩქარებდა, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ რეალობა მოლოდინისგან განსხვავდებოდა.

საქართველოში ჩამოსვლისთანავე, მეგანამ, ჰარიქამ და ჰარშინიმ ქართულის სწავლა დაიწყეს - გოგოებმა უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული 6 თვიანი ონლაინ კურსი გაიარეს და ქართული ენის საწყისებს დაეუფლნენ. მათ ქართულად წერა-კითხვა იციან და როდესაც ადგილობრივებთან კომუნიკაციისას პრობლემები აქვთ, შესაბამის მობილურ აპლიკაციებს იყენებენ. გოგოებისთვის სწორედ ენის ბარიერია მთავარი გამოწვევა, რომელიც საქართველოში შეხვდათ და მათ ინტეგრაციასთან ერთად სწავლაზეც იმოქმედა, რადგან უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ძირითადად ქართულენოვანია. თუმცა, მეგანას, ჰარიქასა და ჰარშინის თქმით, მხარდაჭერა, რომელსაც ადგილობრივებისაგან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან გრძნობენ, ყველა სირთულეს ამსუბუქებს. პანდემიის რთულ პერიოდშიც კი, ინდოელ სტუდენტებს ინფორმაციისა და მომსახურების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონიათ და ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მისაღებადაც მარტივად შეძლეს რეგისტრაცია, როგორც კი იმუნიზაციის პროგრამა უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებზეც გავრცელდა.

მეგანას, ჰარიქასა და ჰარშინისთვის ერთადერთ გადაულახავ გამოწვევად ნახევარ განაკვეთზე დასაქმებაა. მათი თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქუთაისში სამსახურის პოვნა რთულია. გოგოებმა გასაუბრება არაერთ სწრაფი კვების ობიექტსა და მაღაზიაში გაიარეს, მაგრამ უშედეგოდ. თუმცა, მათი თქმით, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდნენ.

მეგანა, ჰარიქა და ჰარშინი საქართველოში უსაფრთხოდ და კომფორტულად ცხოვრობენ და აქაურ ბუნებას, სამზარეულოს და სტუმართმოყვარეობას ძალიან აფასებენ. სხვა უცხოელი სტუდენტების მსგავსად, მათაც სურთ, რომ ქუთაისი უფრო თანამედროვე და მრავალფეროვანი ქალაქი იყოს: „ქუთაისი რომ ახალგაზრდებისთვის საცხოვრებლად მიმზიდველი ქალაქი იყოს და ისინი დედაქალაქში ან საზღვარგარეთ არ მიდიოდნენ, აქ ცხოვრება სულ სხვანაირი იქნებოდა. მეტი ახალგაზრდა ქუთაისს უფრო დინამიურს და მხიარულს გახდის.“
 

ფოტო: ერიკ გურლანი