„ამჟამად მე და ჩემი პარტნიორი კეთილშობილურ საქმეს ვემსახურებით, რაც უდიდეს კმაყოფილებლას მგვრის და ემიგრაციაზე აღარ ვფიქრობ,“ - ზაზა ინწკირველი.

ზაზა ინწკირველი და მისი ოჯახი სამშობლოს,  30 წლიანი ემიგრაციის შემდგომ, 2019 წელს დაუბრუნდა. ოჯახი 1989 წლიდან 2019 წლამდე რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ სამარაში ცხოვრობდა და საკუთარი ბიზნესი ჰქონდა და - ხორცის, ყველისა და კარტოფილის ფარშირებით „პელმენებსა“ და „ვარენიკებს“ აწარმოებდა. ზაზამ და მისმა მეუღლემ ნახევარფაბრიკატების წარმოების მიმართულებით დიდი გამოცდილება დააგროვეს და რუსეთში მათ მიერ წარმოებული პროდუქცია საკმაოდ წარმატებულად იყიდებოდა, თუცა ოჯახს სამშობლოში დაბრუნება მოუხდა. საქართველოში ჩამოსულებს, ყველაფერი თავიდან უნდა დაეწყოთ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ საკუთარი დანადგარები და ინვენტარი ჰქონდათ, მაღალი საბაჟო ტარიფების გამო, მათი წამოღება ვერ შეძლეს. სწორედ ამ დროს შეიტყო ზაზამ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტის „მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება, პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების შერჩეულ თემებში“ ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო ინიციატივის შესახებ, რომელიც სამშბლოში უკან დაბრუნებული მიგრანტებისა და თემის არამიგრანტი მოსახლეობის ერთობლივ ბიზნეს-ინიციატივების განხორციელებას უწყობდა ხელს.

ზაზამ, მის ადგილობრივ არა-მიგრანტ პარტნიორთან, კახაბერ ლომაძესთან ერთად ბიზნეს-იდეა მოამზადა, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელი ქვედა ბახვში გურული პელმენის „გემრიელია“-ს დამზადება-რეალიზაციას გულისმობდა. იდეამ საგრანტო კომისიის მოწონება დაიმსახურა, რის შემდეგაც პოტენციურ ბენეფიციარებთან წარიმართა ინდივიდუალური კონსულტაციები, ჩაუტარდათ ბიზნეს ტრენინგები, რამაც პარტნიორებს საშუალება მისცა სრულფასოვნად დაეგეგმათ საკუთარი ბიზნეს-საქმიანობა.

„საგულისხმოა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდგომ, ჩემი უცხოეთში დაგროვილი გამოცდილება ძალიან დამეხმარა, თუმცა შესაბამისი ფინანსების უქონლობის გამო, ვერ ვახერხებდი საჭირო ინვენტარის შეძენას და საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელებას. IOM-ის პროექტი დამეხმარა, ჩემი მრავალწლიანი საქმე კვლავ წამომეწყო და მიმეღო როგორც ფინანსური სარგებელი, ასევე დავხმარებოდი ჩემს სოფელს და თემს და დამესაქმებინა ადგილობრივები. ამჟამად მე და ჩემი პარტნიორი კეთილშობილურ საქმეს ვემსახურებით, რაც უდიდეს კმაყოფილებლას მგვრის და ემიგრაციაზე აღარ ვფიქრობ,“ განაცხადა ზაზა ინწკირველმა.

საწარმოში ამჟამად სოფლის ორი მაცხოვრებელი არის დასაქმებული, თუმცა წარმოების გაზრდასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მოიმატებს, რაც თემს სასიკეთოდ წაადგება.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), 2002-2023 წლებში, ახორციელებდა პროექტს „მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება, პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების შერჩეულ თემებში“, რომელიც დაფინანსებული იყო მიგრაციის განვითარების ფონდის (IDF) და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ.

 

ფოტო: IOM საქართველო