პროფტექნიკუმი ერქვა მაშინ და იქ ვსწავლობდი, რომ მერე ფოსტაში მემუშავა. მერე რეზინის ქარხანაში ვიმუშავე 13 წელი, დეტალებს ვახარისხებდი, მაგრამ ესეც დაიხურა და დავრჩი უმუშევარი. ნათესავები მყავდა საბერძნეთში და მათი დახმარებით სამსახურიც ვიპოვე. თითქმის 7 წელი ათენში გავატარე, ხან ერთ ბებიას ვუვლიდი, ხან მეორეს. საზღვარგარეთაც პირველად ვიყავი, ძალიან გამიჭირდა ოჯახისგან ასე შორს ყოფნა, უცხო ქალაქში, უცხოენოვანი ადამიანების გარემოცვაში, მაგრამ რა უნდა მექნა, ხომ უნდა გვეცხოვრა?

საბერძნეთში ძალიან ბევრი ქართველია და ყველა ცდილობს ერთმანეთს გვერდში დაუდგეს. კვირა დღე დასვენებისა გვქონდა და ერთად გავდიოდით ყავის დასალევად, სალაპარაკოდ და ხან უბრალოდ ერთად ვტიროდით. ახლა ქუთაისში მეორეული სამოსის ბიზნესი მაქვს და წასვლაზე ნამდვილად აღარ ვფიქრობ.