მასწავლებელი ვარ, ქართული ენის და ვმუშაობდი კიდევაც ჩემი პროფესიით, მაგრამ მერე ჩემი სკოლა დაიშალა. 5 წელი ჯერ თელავში, სამკერვალოში ვმუშაობდი და ესეც დაიხურა. მერე ცოტახანს მაღაზია გვქონდა, მაგრამ დავკეტეთ და უკვე ძალიან გაგვიჭირდა. იძულებული გავხდი, რომ წავსულიყავი საბერძნეთში. 9 წელი ვიყავი ზუსტად. 2018 წელს ჩამოვედი დეკემბერში, წასვლაზე აღარ მიფიქრია, აღარც შემიძლია და აღარც ჩემი მეუღლის დატოვება მინდა მარტო. ვფიქრობ, დარჩენილი ცხოვრება ერთად გავატაროთ.

ჩემი მეუღლე ძალიან ყოჩაღია, სულ შრომობს. ფუტკარი შევიძინეთ ახლა და მაგაში ჩვენი გოგო გვეხმარება. ვენახი გვაქვს დიდი, საფერავის და ქინძმარაულის. გვაქვს 200 ძირი ატამი, საზამთრო, ნესვი, კიტრი, პომიდორი. დიდი ფერმა გვაქვს. რაც ჩამოვედი, კიდევ IOM-ის პროგრამის დახმარებით შევიძინეთ ქათმები, წიწილებიც გვყავს და ძროხებიც. სოფლის ხალხი ვართ და სოფლის მეურნეობას ვეწევით. დაუღლელი ადამიანია ჩემი მეუღლე, იმდენს შრომობს, თან მხოლოდ ერთი შვილი გვყავს, მაგრამ არ ჩერდება და სამომავლოდაც ფუტკრის გამრავლება გვინდა, რადგან წელს კარგი შემოსავალი მივიღეთ.
 

ფოტო: დინა ოგანოვა