პროფესიით ისტორიკოსი ვარ, უფრო სწორად, უკვე ყოფილი ისტორიკოსი. ამჟამად საოჯახო სასტუმროს ბიზნესი მაქვს და ეს საქმე ძალიან მიყვარს, რადგან სულ სიახლეა გარშემო, ახალი ადამიანები ჩამოდიან, ახალი ისტორიებით. მიყვარს ადამიანები და მათთან ურთიერთობა, ჩემს სახლშიც რომ მოსწონთ ყოფნა, ეს დიდი ბედნიერებაა.ორი ზედმეტი ოთახი მქონდა სახლში და გადავწყვიტე, რაღაც ახალი დამეწყო. საქართველოში რომ დავბრუნდი და სამსახურის პოვნა გადავწყვიტე, ასაკის გამო ყველამ უარით გამისტუმრა. ათენში ვცხოვრობდი 10 წელი და, როგორც აქედან წასული ყველა ემიგრანტი, ბევრს ვმუშაობდი. თავიდან ფრანგების ოჯახში მოვხვდი და ორ პატარას ვუვლიდი, მერე მათივე მეგობრების ოჯახში აღმოვჩნდი. სულ ვამბობ, რომ ორი სამშობლო მაქვს. ძალიან მიყვარს საბერძნეთი, უამრავი რამ მასწავლა, თან ძალიან გამიმართლა, სულ კარგი ადამიანები მხვდებოდნენ.