პროფესიით ფილოლოგი ვარ და ახლა ვემზადები კვალიფიკაციის ასამაღლებელი გამოცდებისთვის. მყავს მეუღლე და ორი შვილი - 7 და 8 წლის, ბიჭები. მეუღლე, სამწუხაროდ, უმუშევარია. დაცვის პოლიციაში მუშაობდა, მაგრამ შეამცირეს. ზაფხულობით დადის თურქეთში ჩაის საკრეფად. ჩვენი მანდარინი გვაქვს, რაც ასევე შემოსავლის წყაროა, მე სკოლაში ვარ. ჩემს მეუღლეს რომ გავყევი, მერე შევიძინეთ ეს სახლი. რთული იყო ამხელა თანხის გადახდა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე საბერძნეთში წასვლა, რომ მემუშავა, დამეგროვებინა ფული და ჩამოვსულიყავი. 2017 წელს წავედი წელიწადნახევრით. თავიდან ბებიას ვუვლიდი, რომელიც ლოგინად იყო ჩავარდნილი, მერე ბავშვს - ალბათ შვილების მონატრებას ამით ვინაზღაურებდი, მაგრამ მაინც ვერ გავუძელი და ჩამოვედი. მინდოდა ჩემს ოჯახთან ყოფნა.
 

ფოტო: დინა ოგანოვა