შვილიშვილის ოპერაციისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად საბერძნეთში წავედი. თავიდან იტალიას ვფიქრობდი. ლექსიკონიც კი მქონდა ნაყიდი და რაღაც სიტყვებს ვსწავლობდი, მაგრამ საბოლოოდ საბერძნეთი გადაწყდა. ახლა რომ ვიხსენებ, როგორ წავედი ტყე-ტყე და გადაპარვებით, ხანდახან არც კი მჯერა, რომ ეს მართლა გადამხდა თავს. არავინ იცოდა, რომ ამას ვგეგმავდი, არავისთვის მქონდა ნათქვამი. ჩემმა შვილმაც კი არ იცოდა. მინდოდა, ვინმე ისეთს წავეყვანე, ვინც გადაიხდიდა ყველაფერს და მერე, იქ რომ ვიმუშავებდი, გადავუხდიდი. წასვლის ფულიც კი არ მქონდა.