დიასახლისი ვარ, ქვრივი. სამი შვილი და შვილიშვილი მყავს და ყველანი ერთად ვცხოვრობთ. პენსიონერი ვარ. ათენში ვიყავი და მოხუცს ვუვლიდი, სულ 8 თვე ვიყავი იქ, ენა რომ არ ვიცოდი, ეს დიდ დისკომფორტს მიქმნიდა, არ მესმოდა, რა უნდოდა, რა უნდა მეკეთებინა, თან არც მე ვიყავი ახალგაზრდა, ჯანმრთელობის პრობლემები დამეწყო, შაქარი, წნევა, ვეღარ გავჩერდი და წამოვედი. რასაც ვმუშაობდი, ცოტას ვეხმარებოდი ჩემს დიდ ოჯახს. იქ ყოფნის დროსაც ყველაზე კარგად ის მახსენდება, თვე რომ მთავრდებოდა და ხელფასს მაძლევდნენ, რომ მე ოჯახში გადმომეგზავნა. აქამდე საზღვარგარეთაც კი არ ვყოფილვარ, ამ სიბერეში მაინტერესებდა, როგორ ცხოვრობენ ჩემს სოფელს იქით და ესეც ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, თუმცა, სადაც მე დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ, მაგაზე კარგი ადგილი არ მეგულება საერთოდ. 2019 წლის აგვისტოში ჩამოვედი. სოფელში საქონელი თუ არ არის ოჯახში, ის ოჯახი მშიერია - ასე ამბობენ. IOM პროგრამის საშუალებით ძროხები შევიძინე, მერე ერთი გავყიდე და ვიყიდე ღორი. ახლა კიდევ რვა გოჭი მყავს, ხბოც მყავს და 200-მდე წიწილაც, ხან კვერცხი, ხან რძე, ხან ყველი და ვატრიალებ ასე ყველაფერს. ამ დახმარებამ ჩემს ოჯახზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა და, რაც ჩამოვედი, ცოტა უკეთ ვართ ოჯახშიც ფინანსურად, ერთადერთი, რასაც ვისურვებდი, რომ ჩემს შვილებს სამომავლოდ ჰქონდეთ სამსახური, რომ ოჯახის შენახვა შეძლონ.

ფოტო: დინა ოგანოვა