ვიშალი მომავალი კარდიოლოგია. მან სკოლა ინდოეთში დაამთავრა და 2019 წელს საქართველოში ჩამოვიდა. ვიშალმა საქართველოს უნივერსიტეტის ინგლისურენოვან პროგრამაზე ჩააბარა. ის უნივერსიტეტის თვითმართველობის ხელმძღვანელია. ვიშალი თვლის, რომ საქართველოში ჩამოსვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. მას მოსწონს აქაური ცხოვრების სტილი, ქვეყანა და მისი ბუნება. მას თბილისის ღამის ცხოვრებაც მოსწონს.

მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის გამო ვიშალის ცხოვრება ამ ეტაპზე ნელი ტემპით მიდის, იგი მაინც ახერხებს მისთვის საინტერესო საქმით დაკავდეს. იგი საქართველოში პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას იყენებს მისი ახალი თეზისისთვის - „კორონავირუსის გავლენა საზოგადოებაზე და ჯანმრთელობაზე“. მას სურს თეზისი ახლო მომავალში სოციალურ ჯანმრთელობაზე პანდემიის გავლენის შესახებ კონფერენციაზე წარადგინოს. ვიშალი გეგმავს საქართველოში დარჩეს პანდემიის პერიოდში. იგი თვლის, რომ საქართველოს მიერ გატარებული ღონისძიებები COVID-19-ის წინააღმდეგ ბევრად ეფექტიანია, ვიდრე ის, რაც მის სამშობლოში ხდება. ვიშალი ხუთ სხვა სტუდენტთან ერთად ცხოვრობს, მაგრამ თავს მაინც კომფორტულად გრძნობს თბილისში. იგი თვლის, რომ პანდემიამ ადამიანები აიძულა მეტი ყურადღბა გამოიჩინონ საკუთარი და სხვების ჯანმრთელობის და კეთილდღეობის მიმართ.

კორონავირუსის პანდემია პირველ რიგში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კრიზისია. საფრთხე არც ადამიანებში და არც მიგრანტებში, არამედ თვითონ ვირუსშია. პანდემიას საზღვრები არ აქვს, ის თანაბრად ეხება ყველა ადამიანს, ეროვნების, ეთიკურობის, რელიგიის თუ რაიმე სხვა სტატუსის მიუხედავად.

მიგრანტები არ არიან ვირუსის წინაშე უფრო დაუცველნი და არც ინფექციის მაღალ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ. ხშირად რისკის შემცველია მათი გადაადგილების, ცხოვრების და მუშაობის პირობები და შეზღუდული წვდომა ჯანდაცვაზე.

მგზავრობაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა და საზღვრების ჩაკეტვამ პირდაპირი გავლენა მოახდინა ათასობით მიგრანტზე, შრომით მიგრანტებზე და საერთაშორისო სტუდენტებზე, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩარჩნენ, დახმარებას საჭიროებენ და ხშირად გაურკვეველ სიტუაციაში იმყოფებიან.

COVID-19-ის პანდემიამ შეძრა საერთაშორისო ვაჭრობა და მოგზაურობა. ეს მხოლოდ მიგრანტ მუშაკებს კი არა, ტურისტებს, ბიზნესში ჩართულ პირებს, სტუდენტებს, ქვეყნებს შორის ვაჭრობას, თავისუფალ გადაადგილებას და რეგიონული ინტეგრაციის რეჟიმებსაც შეეხო. საზღვრების ჩაკეტვას ფართო გავლენა აქვს, რაც მოიცავს გავლენას მიგრაციის დინამიკაზე გრძელვადიან პერსპექტივაში. სადაც და როცა აღდგება მოგზაურობა და მობილობა, წარმოშობის, ტრანზიტის და დანიშნულების ქვეყნები დააწესებენ ჯანმრთლობასთან დაკავშირებულ დამატებით მოთხოვნებს, რაც მიგრანტების ბევრად უფრო დიდ და მრავალფეროვან ჯგუფზე გავრცელდება, ვიდრე ეს COVID-19-ის პანდემიამდე იყო.

ზოგადად, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ხელს უწყობს მიგრანტთა სოციალურ ინკლუზიას და ჩართულობას, შიშებისა და სირთულეების გადალახვისთვის ცოდნაზე დაფუძნებული მსჯელობის, კომუნიკაციისა და საინფორმაციო კამპანიების მეშვეობით.

პანდემიამ აჩვენა, რომ არავინ არის დაცული, სანამდე ყველა არ იქნება უსაფრთხოდ. ამისთვის ყველამ უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა საერთო უსაფრთხოების და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად..
 

ფოტო: ერიკ გურლანი

ინტერვიუს ავტორი - NGO მიგრაციის ცენტრი