უახლესი ამბები
Local

ბავშვთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში IOM Frontex-ის ოპერაციას შეუერთდა

„VEGA ბავშვები“ Frontex-ის აქტივობაა, რომელიც საჰაერო საზღვრებზე ბავშვთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად. IOM საქართველოს გუნდის წევრი „ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს“ თანამშრომლებთან ერთად ერთი თვის განმავლობაში (5 ოქტომბერი - 3 ნოემბერი) კიშინიოვის აეროპორტში მესაზღვრეებს ბავშვთა ტრეფიკინგის შემთხვევების გამოვლენაში ეხმარებოდა. აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავდა საჰაერო სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ბავშვებით ვაჭრობის ფენომენზე ყურადღების გამახვილებას. რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების იდენტიფიკაცია დაკვირვებას, საკითხის სიღრმისეულ ცოდნასა და ექსპლუატაციის ახალი ფორმების შესახებ ინფორმაციაზე წვდომას მოითხოვს.

ბავშვთა ტრეფიკინგთან ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტია Frontex VEGA საბავშვო სახელმძღვანელო, რომელიც სამართალდამცავებს ეხმარება გადაადგილებისას ბავშვების იდენტიფიცირებაში, მათი უფლებების დაცვაში და მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად კრიმინალური საფრთხის წინააღმდეგ ქმედებების გაძლიერებაში. ერთობლივი ძალისხმევით VEGA Children და IOM ეხმარებიან მესაზღვრეებს ადამიანით ვაჭრობის ნიშნების ამოცნობაში. ეს თანამშრომლობა ხაზს უსვამს აღნიშნული საფრთხის წინააღმდეგ ძალების გაერთიანების და ეფექტიანი რეაგირების მნიშვნელობას.

„საჰაერო სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე ადამიანით ვაჭრობის სავარაუდო მსხვერპლთა იდენტიფიცირება რთულია. შემომავალი ფრენების მიღება და მგზავრების უსაფრთხოების შემოწმება ზეწოლას ახდენს მესაზღვრეებზე და შესაბამისი ყურადღების დათმობა ტრეფიკინგის შესაძლო მსხვერპლის ყველა ნიშნის იდენტიფიცირებისთვის მათთვის დიდი გამოწვევაა. მნიშვნელოვანია, გაძლიერდეს შესაძლებლობები და ძალისხმევა საეჭვო ფაქტორების შესამჩნევად, რომლებიც დაკავშირებულია არა მხოლოდ სამგზავრო და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებთან, არამედ მგზავრების ქცევასთან. განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო ბავშვების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც შესაძლოა იყვნენ ტრეფიკინგის მსხვერპლნი და სასაზღვრო პუნქტები შეიძლება იყოს მათი ერთადერთი შანსი, შეხვდნენ სამართალდამცავ ორგანოებს, სანამ მიუწვდომელი და უხილავი გახდებიან.“ - განაცხადა მარიამ თოქმაზიშვილმა, IOM საქართველოს მიგრანტთა რესურს ცენტრის კოორდინატორმა.