უახლესი ამბები
Local

სამართალდამცავი ორგანოებისა და შრომის ინსპექტორების შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლაში

Counter Trafficking Network ექსპერტი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს და სოციალურ მუშაკებს მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის საკითხებზე ტრეინინგს უტარებს თბილისში. Photo: IOM Georgia

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) წარმოადგენს ორგანიზებულ დანაშაულს, რომელიც მუდმივად ვითარდება და მისი მიზანია სარგებლის მისაღებად ადამიანების ექსპლუატაცია. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) ტრეფიკინგით დაზარალებულთა პროაქტიული გამოვლენისა და მათი დაცვის გადაუდებელი საჭიროების გათვალისწინებით, ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების, სოციალური მუშაკებისა და შრომის ინსპექტორებისთვის ტრენინგების სერია დაიწყო. სასწავლო კურსები მიზნად ისახავს ტრეფიკინგის მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის შესახებ ცოდნის გაუმჯობესებას და მის პრაქტიკაში დანერგვას. 

მიმდინარე წლის ივლისში, Counter Trafficking Network-ის, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში სპეციალიზებული ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტებმა მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომის საკითხებზე ტრეინინგები ჩაატარეს. სასწავლო კურსის ფარგლებში ხაზი გაესვა დანაშაულის მიმართ პროაქტიული მიდგომის მნიშვნელობას, რომელიც ფოკუსირებულია მსხვერპლის გამოვლენასა და მხარდაჭერაზე. ტრენინგის დროს განსახილველი საკითხები მოიცავდა ტრავმის შესახებ ინფორმირებულ მიდგომას, ქუჩაში მათხოვრობის პოტენციურ ტრეფიკინგის შემთხვევად იდენტიფიცირებას, ტრეფიკინგის ორგანიზებულ დანაშაულებრივი საქმიანობის მოდელს და ექსპლუატაციის სხვადასხვა ფორმებს. 

"ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვატარებთ ერთობლივ სესიებს პროკურორების, სამართალდამცავი პირებისა და სოციალური მუშაკებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მონაწილეები გაიზიარებენ ჩვენს მოწოდებას მჭიდრო თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ და იმუშავებენ ერთად, რასაც ჩვენ ავღწერთ როგორც პარალელური ან ორ-სვლიანი პროცესი“, - განაცხადა კოლინ კარსველმა, ერთ-ერთმა მოწვეულ ტრენერმა.

ტრენინგის ფარგლებში დამატებით ყურადღება გამახვილდა ფარული ექსპლუატაციის აღმოჩენის პროფესიული მიდგომის აუცილებლობაზე. IOM იმედოვნებს, რომ სასწავლო კურსი ხელს შეუწყობს სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებას.

ბოლო წლებში შრომის ინსპექციის სამსახური შრომითი ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლაში მთავარ მოთამაშედ ჩამოყალიბდა. იძულებითი შრომის შემთხვევების აღმოსაფხვრელად შეიქმნა ინსპექტორთა სპეციალიზებული გუნდი. მათი უნარების გაძლიერების მიზნით, IOM საქართველომ მიმდინარე წლის აგვისტოში ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა, რომელიც შრომის ექსპლუატაციის მსხვერპლთა იდენტიფიცირებაზე იყო ორიენტირებული.

ადგილობრივმა ექსპერტებმა ჩაატარეს დეტალური ტრენინგი პოტენციურ მსხვერპლებთან ურთიერთობის ფსიქო-სოციალურ ასპექტებზე, შრომის ინსპექტორები გაეცნენ ემპათიური ინტერვიუების ჩატარების ტექნიკებს, აგრეთვე გენდერის და ასაკის ნიშნით მგრძნობიარე მიდგომის გამოყენებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს. აღნიშნული ტრენინგი მიზნად ისახავდა მსხვერპლთა ნდობის ამაღლებას სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, რაც სისხლის სამართლის საქმეებში ექსპლუატატორის წინააღმდეგ ხარისხიანი ჩვენებებს მიცემის საწინდარია.

IOM გააგრძელებს ძალისხმევას შემუშავდეს შრომის ინსპექციის სამსახურისთვის ყოვლისმომცველი სასწავლო მოდული, რომელიც ამ და სხვა კრიტიკული მნიშვნელობის მქონე საკითხებს მოიცავს.

ზემოაღნიშნული აქტივობები განხორციელდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს მიერ დაფინანსებული პროექტის “ერთობლივი ძალისხმევით ბრძოლა ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ” და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ დაფინანსებული პროექტის “გაუმჯობესებული სპეციალიზაცია მიგრაციის მმართველობისა და საზღვრის ინტეგრირებული მართვის სფეროში“ ფარგლებში.