უახლესი ამბები
Global

დღე, რომელმაც დედამიწა შეძრა

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები ასობით ათასი ადამიანის მსგავსად, მეც მეძინა, როდესაც მსოფლიომ რყევა დაიწყო. არ ვიცი, ეს გრძნობა როგორ გადმოვცე მათ, ვისაც მიწისძვრა არასდროს უგრძვნია - ეს ამ რეგიონში დაფიქსირებულ მიწისძვრებს შორის ერთ-ერთი უძლიერესი იყო.

ეს ყველაფერი უბრალოდ დაუჯერებელია - იატაკისა და კედლების ზანზარისა და გადახრის პარალელურად, კიბეებით სამი სართულის ჩარბენას ვცდილობდით და მხოლოდ ის გვსურდა, როგორმე შენობებს მოვშორებოდით.

ყველაზე საშინელი ტერორის სამოცი წამი,  რომელიც ოდესმე განმიცდია. როდესაც ოდნავ დავმშვიდდით და გავიაზრეთ, რომ რყევებს გადავურჩით, მივხვდით, რომ წვიმდა, გვციოდა და ფეხები არ გვემორჩილებოდა - თითქოს, ის ჩვენი სხეულის ნაწილი სულაც არ იყოს. ირგვლივ ყველა ყვიროდა და სხვებისთვის ხმის მიწვდენას ცდილობდა.

მიწისძვრის შემდეგი დღე გაზიანთეფში, რომელმაც 5 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ფოტოს ავტორი: ოლგა ბორჟენკოვა/IOM

გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც განმეორებითი ბიძგებიც დაფიქსირდა, თავი სკოლის შენობას შევაფარეთ. სკოლის საკალათბურთო დარბაზში ასობით სხვა ადამიანთან ერთად ვიმყოფებოდით და საკუთარ ოჯახებთან დაკავშირებას ვცდილობდით, რათა გვეთქვა, რომ უსაფრთოდ ვიყავით და არ ენერვიულათ.

აღნიშნულის შესახებ სამსახურს შევატყობინე და იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ რა ფორმით შემეძლო დახმარება - როგორ მომეყოლა ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა? როგორ გამომეხატა პატივისცემა იმ საოცარი ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩემს და სხვა ათასობით ადამიანის დასახმარებლად ყველაფერს აკეთებდნენ?

ორშაბათს სახელმწიფოს მიერ მოწყობილ თავშესაფარში დავრჩით. განმეორებითი რხევების მიუხედავად, იქ თავს კომფორტულად ვგრძნობდით და, ღამის გასათევთან ერთად, ცხელი სასმელი და ცოტაოდენი საკვებიც გვქონდა. ახლა ოფისში ვარ და ინფორმაციას უწყვეტად ვიღებ, მათ შორის, შევიტყვე ჩვენი კოლეგის დაღუპვის შესახებ. ზოგიერთი მათგანი დაშავდა, ოჯახის წევრი და, ცალკეულ შემთხვევებში, საცხოვრებელიც დაკარგა. ჰათაის პროვინციაში მყოფთა თქმით კი, ისინი სტიქიას სასწაულებრივად გადაურჩნენ.

სტიქიის ზონაში ათობით შენობისაგან მხოლოდ ნანგრევები დარჩა. ფოტოს ავტორი: ოლგა ბერჟენკოვა/IOM

მწუხარების გამოსახატად სიტყვები არ მყოფნის -  გვეძინა, ერთი წუთის შემდეგ კი პლანეტაზე ერთ-ერთი უდიდესი სტიქიური უბედურების ნაწილი გავხდით.

გულახდილი ვიქნები და გეტყვით, რომ შინაგან სასოწარკვეთას, მწუხარებასა და შიშს მუდმივად ვგრძნობ, მაგრამ შემდეგ ჩემს კოლეგებს, მეზობლებსა და მეგობრებს ვუყურებ - ამ ადამიანებს სტიქია ჩემზე მეტად შეეხოთ, თუმცა ჩემს გამხნევებას სწორედ ისინი ცდილობენ.

სპეციფიკური რელიეფიდან გამომდინარე, თურქეთში მიწისძვრები ძალიან ხშირია, ამიტომ სახელმწიფომ მასზე საპასუხოდ მსოფლიო დონის მექანიზმი შეიმუშავა. 30 წელიწადზე მეტია, მათთან ვთანამშრომლობთ და ისინი ფენომალური პარტნიორები არიან. თუმცა, ასეთი მასშტაბის სტიქია თურქეთისთვისაც დიდი დარტყმაა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სირიიდან ომს გამოქცეული მილიონზე მეტი ადამიანი დროებითი დაცვის ქვეშ სწორედ იმ რეგიონში იმყოფება, რომელიც მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა.

 

მაშველებს წინ დიდი სამუშაო ელით. ფოტოს ავტორი: ოლგა ბორჟენკოვა/IOM

ვესაუბრებით მთავრობას იმის დასადგენად, თუ როგორ შეგვიძლია ყველაზე ეფექტური დახმარების გაწევა. მსგავს სიტუაციებში ყველაზე მნიშვნელოვანი დაკარგული ადამიანების მოძებნა და მათი გადარჩენაა და ვიცი, რომ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან თურქეთში დასახმარებლად ჩამოსული ადამიანების რაოდენობა მუდმივად იზრდება. ცხადია, გაჩნდება თავშესაფრით უზრუნველყოფის აუცილებლობა ათასობით და, შესაძლოა, ასობით ათასობით ადამიანისთვის, რომლებიც ყინვაში საცხოვრებლის გარეშე არიან დარჩენილი. ხანმოკლე პერსპექტივაში, აუცილებელია ღამის გასათევი სივრცეების მოწყობა და ადამიანების თბილი სამოსით, წყლით, საკვებითა და გათბობით უზრუნველყოფა. მრავლად შევხვდებით ტრავმირებულ და დაშავებულ ადამიანებს და მოგვიწევს არაერთი ადამიანების ფსიქოლოგიურ ტრავმასთან გამკლავება. 

ადგილობრივი თემები მნიშვნელოვან ზარალს ნახავენ: დაზარალდება სკოლები და საავადმყოფოები და დაინგრევა სამუშაო სივრცეები. დახმარების პროცესის მართვა ძალიან რთული იქნება, გზები და მაგისტრალები კი - შესაკეთებელი. წინ უზარმაზარი სამაშველო და აღდგენითი ოპერაცია გველის და მზად ვართ, ნებისმიერ გამოწვევას გავუმკლავდეთ და მთავრობას იმდენი ხნის განმავლობაში დავეხმაროთ, რამდენიც საჭირო იქნება.

IOM-ის წარმომადგენელი გაზიანთეფში, ოლგა ბორჟენკოვა ემზადება IOM-ის ოფისში ღამის გასათევად. მოსალოდნელია ბიძგების განმეორება და ქალაქში მდებარე ბევრი შენობა თავშესაფრად გამოუსადეგარია.