უახლესი ამბები
Local

ევროკავშირი და IOM ხელს უწყობენ საქართველოს სასაზღვრო დაკვირვების შესაძლებლობების გაძლიერებას

სასაზღვრო დაკვირვების აღჭურვილობა, შესაბამის ინფრასქტრუქტურასთან და  ავტომანქანებთან ერთად, ევროკავშირის დახმარებით, IOM-ის მიერ იქნა შესყიდული. გადაცემული ნივთების საერთო ღირებულება 3.5 მილიონი ლარია და ისინი საქართველოს მთავრობას კიდევ უფრო დაეხმარება უკანონო მიგრაციასთან და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლაში.

ვახტანგისი, 11 აპრილი 2023 - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ შარაძემ ვახტანგისის სასაზღვრო სექტორზე ფორმალური ცერემონიის ფარგლებში საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და IOM-ის მისიის ხელმძღვანელს, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს უმასპინძლეს.

უახლესი სასაზღვრო დაკვირვების სისტემები, რომელიც დამონტაჟდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, მნიშნელოვნად გააძლიერებს სასაზღვრო პოლიციის მიერ უკანონო აქტივობების გამოვლენის შესაძლებლობებს და დაეხმარება არსებული ადამიანური და ტექნიკური რესურსების ეფექტიანად დაგეგმვაში. დამატებით, გადაცემული 10 მაღალი გამავლობის ავტომანქანა მესაზღვრეებს დაეხმარება პატრულირებისას რთული რელიეფის მონაკვეთებზე გადაადგილებაში, რაც საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს მათ საზღვრის დაცვის შესაძლებლობებს. ავტობუსები კი, თავის მხრივ აამაღლებს სასაზღვრო პოლიციის პერსონალის რეგიონულ დანაყოფებში როტაციის განხორციელების უნარებს და ხელს შეუწყობს ლოჯისტიკური ხარჯების შემცირებას.

ღონისძიებისას, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა: „მოხარული ვარ, რომ ევროკავშირმა წვლილი შეიტანა სასაზღვრო სექტორების ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში, რაც გაზრდის საქართველოს საზღვრის უსაფრთხოებას და საბოლოო ჯამში, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს უფრო დაცულს და უსაფრთხოს გახდის. ჩვენმა ერთობლივმა თანამშრომლობამ უკვე განაპირობა უფრო ეფექტური რეაგირება უკანონო ქმედებებზე, გააუმჯობესა სანაპირო დაცვის ძებნა-გადარჩენის ოპერაციები და სასაზღვრო და საპატრულო პოლიცია მოამზადა ნებისმიერი გამოწვევისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა საზღვრის მართვისა და უსაფრთხოების სფეროში აქ არ დასრულდება!”

IOM-ის მოცემული პროექტი სახელწოდებით - „საზღვრის ინტეგრირებული მართვის მხარდაჭერა საქართველოში“ ხორციელდება „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (SAFE)” პროგრამის ფარგლებში და მისი სრული ბიუჯეტი 8.2 მილიონი ევროა. პროექტის მთავარი მიზანია საზღვრის ინტეგრირებული მართვის საკვანძო კომპონენტების კონსოლიდაცია საქართველოში.

პროექტს „საზღვრისა და მიგრაციის მართვის ხელშეწყობისკენ მიმართული ქმედება საქართველოსთვის (BMMAG)“ IOM, ევროკავშირის მდგრადობის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, 2022 წლიდან ახორციელებს.  პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების ხელშეწყობას მიგრაციის და საზღვრის მართვის ეფექტიანობის ასამაღლებლად.

აღნიშნული პროექტები უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ევროკავშირის მიერ განხორციელებული ფართო მხარდაჭერის გაგრძელებაა და მიზნად ისახავს საქართველოს საზღვრის მართვის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას ევროკავშირთან საქართველოს შესაბამისი ხელშეკრულებებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულების შესაბამისად.