უახლესი ამბები
Local

ევროკავშირი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ეხმარება საქართველოს საზღვრების ეფექტიანად დაცვაში

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, 790,000 ევროს (2.25 მილიონი ლარი) ღირებულების სატვირთო ავტომანქანები შეისყიდა. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობას, საჭირო მასალებით და აღჭურვილობით მოამარაგოს მესაზღვრეები, რომლებიც მიუვალ ადგილებში მდებარე სასაზღვრო სამმართველოებში და სექტორებზე მსახურობენ.

სასაზღვრო სამმართველო წითელი ხიდი, 29 სექტემბერი 2023 - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ შარაძემ ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის მიმართულების ხელმძღვანელს  ნიკოლას სენდროვიჩს და IOM-ის მისიის ხელმძღვანელს, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს უმასპინძლეს.

 

 

მოკლე შასის მქონე 10 სატვირთო ავტომანქანის გადაცემა, რომელსაც შეუძლია რთულად მისასვლელ ადგილებამდე მიღწევა, დადებითად აისახება სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობებზე მწვანე საზღვარზე მყოფი მესაზღვრეების მომარაგების კუთხით. საბოლოო ჯამში, აღნიშნული ავტომანქანების გამოყენება შეამცირებს მომარაგების ხარჯებს და გაზრდის მწვანე საზღვარზე არსებული სასაზღვრო დანაყოფების ლოჯისტიკურ გამართულობას და ეფექტიანობას.

პროექტს „საზღვრისა და მიგრაციის მართვის ხელშეწყობისკენ მიმართული ქმედება საქართველოსთვის (BMMAG)“ IOM, ევროკავშირის მდგრადობის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, 2022 წლიდან ახორციელებს.  პროექტი ფოკუსირებულია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების ხელშეწყობაზე მიგრაციის და საზღვრის მართვის სფეროში.

აღნიშნული პროექტი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ევროკავშირის მიერ განხორციელებული ფართო მხარდაჭერის გაგრძელებაა და მიზნად ისახავს საქართველოს მიგრაციის და საზღვრის მართვის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას ევროკავშირთან საქართველოს შესაბამისი ხელშეკრულებებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულების შესაბამისად.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

  • თამრიკო მიქაძე, პრესისა და ინფორმაციის ოფიცერი, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu
  • ზეზვა მესხი, საზღვრის მართვის პროგრამების ოფიცერი, IOM-ის მისია საქართველოში, zmeskhi@iom.int