უახლესი ამბები
Local

ფინანსური დაგეგმვისა და ბიუჯეტირების ტრენინგი იმერეთის მოსახლეობისთვის

IOM -ის კონსულტანტი ნანა მიქაშავიძე ატარებს ფინანსური დაგეგმვისა და ბიუჯეტირების ტრენინგს ქუთაისში, იმერეთის მოსახლეობისთვის. 

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) აგრძელებს ემიგრაციისა და დაბრუნებითი მიგრაციის მაჩვენებლებით გამორჩეული მუნიციპალიტეტების მოსახლეობის მხარდაჭერას. 4 და 5 ივლისს, IOM-მა ფინანსური დაგეგმვისა და ბიუჯეტირების ტრენინგი ქუთაისში ჩაატარა, რომლის მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის, ფულადი გზავნილების მიმღებთა ფინანსური ცოდნისა და უნარების გაძლიერება წარმოადგენდა. 

ემიგრაციის ზრდასთან ერთად საქართველოში საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების რაოდენობაც გაიზარდა. ფულადი გზავნილები კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სიღარიბის შესამცირებლად და ფულადი გზავნილების მიმღებთა ეკონომიკური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. თუმცა, ფულადი გზავნილების მიმღებებს არ აქვთ საკმარისი ფინანსური ცოდნა, რათა მართონ და გაანაწილონ თავიანთი ფინანსური შემოსავალი ისე, რომ მიაღწიონ უფრო გრძელვადიან ფინანსურ სტაბილურობას. 

ტრენინგზე, რომელსაც IOM -ის კონსულტანტი ნანა მიქაშავიძე უძღვებოდა, მონაწილეებმა გაიგეს თუ რა სარგებლობა მოაქვს ფინანსური გეგმისა და ბიუჯეტის შემუშავებას. ძირითადი თემები მოიცავდა ფინანსურ კეთილდღეობას, აუცილებელ და სასურველ ხარჯებს შორის განსხვავებას და ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ფულის დაზოგვის ჩვევის ჩამოყალიბებასა და შესაბამისი ფინანსური მიზნების სწორად დასახვაზე. 

ქართველი მიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრების ფულად გზავნილებთან დაკავშირებული ქცევის კვლევები ცხადყოფს, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა ვერ ახერხებს დანაზოგის გაკეთებას. ამასთან ერთად, ფულადი გზავნილების ძირითადი ნაწილი, მდგრადი მიზნების ნაცვლად, ყოველდღიურ ხარჯებსა და ვალების დაფარვას ხმარდება. IOM მომავალშიც აპირებს ფინანსური დაგეგმვისა და ბიუჯეტირების ტრენინგების ჩატარებას შრომითი მიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, ასევე დაბრუნებული მიგრანტებისათვის.  

ტრენინგის დადებითი შედეგი მალევე გამოვლინდა. მონაწილეთა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ახლა უფრო მზად არიან დაიწყონ დანაზოგის გაკეთება და გამოიყენონ საბანკო პროდუქტები, მათი პრიორიტეტული საჭიროებების მიხედვით. მიგრანტების ფინანსური ჩართულობის ხელშეწყობა და ფინანსური განათლების გაძლიერება IOM-ის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. 

ტრენინგი ჩატარდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების შესაძლებლობების გაძლიერება“, ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განვითარების ფონდის თანადაფინანსებით (IDF).