უახლესი ამბები
Local

ევროკავშირი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ხელს უწყობენ საბაჟო კონტროლის გაძლიერებას საქართველოს სასაზღვრო გამტარპუნქტებზე

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი, საბაჟო დეპარტამენტის უფროსთან, ზურაბ სიჭინავასთან ერთად შემოსავლების სამსახურისათვის 53 000 ლარის ღირებულების თანამედროვე აღჭურვილობის   გადაცემის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო

5 ივლისს, 2023, თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი, საბაჟო დეპარტამენტის უფროსთან, ზურაბ სიჭინავასთან ერთად შემოსავლების სამსახურისათვის 53 000 ლარის ღირებულების თანამედროვე აღჭურვილობის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო.

ევროკავშირის მხარდაჭერით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, შემოსავლების სამსახურისათვის შეძენილი 10  საბაჟო შემოწმების მოწყობილობების კომპლექტი  და 50 პლანშეტი ქვეყნის საკვანძო გამტარ პუნქტებზე გადანაწილდება. გადაცემული აღჭურვილობა ხელს შეუწყობს საბაჟო პროცედურების ეფექტიანად განხორციელებას, ისე როგორც ტრანსსასაზღვრო დანაშაულის გამოვლენასა და აღკვეთას.

პროექტს სახელწოდებით „საზღვრის ინტეგრირებული მართვის მხარდაჭერა საქართველოში“ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (SAFE)” პროგრამის ფარგლებში ახორციელებს და მისი მთავარი მიზანია მხარი დაუჭიროს საზღვრის ინტეგრირებული მართვის ეფექტიან უზრუნველყოფას საქართველოში. შემოსავლების სამსახური არის პროექტის ერთ-ერთი საკვანძო ბენეფიციარი, რომლისთვისაც ხორციელდება როგორც ტრენინგები, ისე ტექნიკური აღჭურვილობის შესყიდვა, რაც მიმართულია  სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე საბაჟო კონტროლის გაძლიერებისკენ.

აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი 8,2 მილიონ ევროს შედაგენს და უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ევროკავშირის მიერ განხორციელებული ფართო მხარდაჭერის გაგრძელებაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საზღვრის მართვის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას ევროკავშირთან საქართველოს შესაბამისი ხელშეკრულებებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულების შესაბამისად.