უახლესი ამბები
Local

ევროკავშირი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს სასაზღვრო კონტროლის შესაძლებლობების გაზრდაში ეხმარებიან

უახლესი პასპორტის წამკითხველი მოწყობილობები, რომელთა საერთო ბიუჯეტია 125,500 ევრო (360,000 ლარი), ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიერ იქნა შესყიდული. მოწყობილობების გამოყენება ხელს შეუწყობს სასაზღვრო კონტროლის პროცესების ეფექტიანობის გაძლიერებას, უკანონო მიგრაციასთან და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის ჭრილში.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, 28 სექტემბერი 2023 - საქართველოს შინაგან საქმეთა (შსს) მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა, ზურაბ სიჭინავამ ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესის და ინფორმაციის სექციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს ევია კოტანს და IOM-ის მისიის ხელმძღვანელს, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს უმასპინძლეს.

ღონისძიებაზე, ევროკავშირმა და IOM-მა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს (60) და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს (45) სულ 105 პასპორტის წამკითხველი მოწყობილობა ოფიციალურად გადასცეს. თანამედროვე აღჭურვილობა დამონტაჟდება საქართველოს სხვადასხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტზე. დანადგარების გამოყენება აამაღლებს სასაზღვრო შემოწმებების ეფექტიანობას და გააძლიერებს საზღვრებზე ყალბი დოკუმენტების აღმოჩენის უნარს, რაც გამოიწვევს უკანონო მიგრაციის და ტრანსასაზღვრო დანაშაულის შემთხვევების გამოვლენას და აღკვეთას. აღნიშნული მოწყობილობა ავტომატურად კითხულობს და ინახავს მგზავრის მონაცემებს. ამასთან, მას შესაძლებლობა აქვს დაასკანეროს პასპორტის და სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტების სრული მონაცემების გვერდი და გააჩნია ელექტრონული ჩიპების წამკითველი, გადამოწმების პროცესის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად.

აქტივობა შესრულდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და IOM-ის მიერ განხორციელებული ორი პროექტის ფარგლებში:

  • პროექტი სახელწოდებით - „SAFE - საზღვრის ინტეგრირებული მართვის მხარდაჭერა საქართველოში“, რომლის ბიუჯეტია 8.2 მილიონი ევრო 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და ითვალისწინებს მნიშვნელოვან შესყიდვებს და ტექნიკური დახმარების კომპონენტებს, რომლებიც მიმართულია სასაზღვრო უწყებების სამართლებრივი, ინსტიტუციური და ოპერაციული შესაძლებლობების გაძლიერებისკენ.  პროექტი წარმოადგენს უფრო ფართო - „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (SAFE)” პროგრამის ნაწილს.
  • პროექტს სახელწოდებით „საზღვრისა და მიგრაციის მართვის ხელშეწყობისკენ მიმართული ქმედება საქართველოსთვის (BMMAG)“ IOM, ევროკავშირის მდგრადობის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, 2022 წლიდან ახორციელებს.  პროექტი ფოკუსირებულია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების ხელშეწყობაზე მიგრაციის და საზღვრის მართვის სფეროში.

აღნიშნული პროექტები უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ევროკავშირის მიერ განხორციელებული ფართო მხარდაჭერის გაგრძელებაა და მიზნად ისახავს საქართველოს მიგრაციის და საზღვრის მართვის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას ევროკავშირთან საქართველოს შესაბამისი ხელშეკრულებებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულების შესაბამისად.