უახლესი ამბები
Local

ევროკავშირმა შინაგან საქმეთა სამინისტროს პასპორტის წამკითხველები გადასცა

22,000 ევროს (90,000 ლარის) ღირებულების მოწყობილობები კიდევ უფრო გააუმჯობესებს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობებს უკანონო მიგრაციასთან ბრძოლაში და გააძლიერებს სასაზღვრო უსაფრთხოებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 20 ცალი უახლესი მოწყობილობა გადასცა. ეს პასპორტის წამკითხველები განთავსდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში და გამოყენებულ იქნება მესაზღვრე-კონტროლიორების მომზადებისთვის.

“ევროკავშირი და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობენ საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. ევროკავშირის მიერ დღეს გადაცემული აღჭურვილობა საშუალებას მისცემს საქართველოს ხელისუფლებას კიდევ უფრო ეფექტიანად გაუმკლავდეს უკანონო მიგრაციას და დანაშაულს. აღნიშნული წარმოადგენს ევროკავშირის ფართო მხარდაჭერის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში საზღვრების თანამედროვე სტანდარტებით მართვის და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, განაცხადა ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანმა.

აღნიშნული პროექტი, რომლის ბიუჯეტია 6 მილიონი ევრო (24 მილიონი ლარი), წარმოადგენს უფრო ფართო - ევროკავშირის უსაფრთხოების, ანაგრიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (SAFE) პროგრამის ნაწილს. უკანასკნელ წლებში, ევროკავშირის მიერ დიდი დახმარება იქნა გაწეული საქართველოსთვის მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროში და აღნიშნული საშუალებების გადაცემას ასევე მოყვება მნიშვნელოვანი შესყიდვები და სასწავლო აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვრის დაცვის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას.