უახლესი ამბები
Local

გაეროს მიგრაციის ქსელი მხარს უჭერს საქართველოს ჩართულობას გლობალური მიგრაციის კომპაქტის (GCM) პროცესებში

IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა - სანია ჩელებიჩ. ფოტო: IOM

2021 წლის 22 აპრილს IOM საქართველომ და გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისმა გაეროს მიგრაციის ქსელის სამდივნოსთან ერთად მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის (მსსკ) თანამშროლმლებისათვის „გლობალური მიგრაციის კომპაქტის (GCM) განსახორციელებლად გამოცდილების, კარგი პრაქტიკისა და მიგრაციის ქსელის რესურსების შესახებ ინფორმაციის გაზიარება“ ვებინარი ჩაატარეს.

ვებინარზე საუბარი იყო 2020 წლის გლობალური მიგრაციის კომპაქტის რეგიონული მიმოხილვის პროცესებზე,  მიგრაციის ქსელის ჰაბზე, ჩემპიონი ქვეყნების ინიციატივასა და მიგრაციის მულტი-პარტნიორიან ნდობის ფონდზე, მომხსენებლები კი მოლდოვას, შვედეთისა და პორტუგალიის მთავრობების, გაეროს სააგენტოებისა და მიგრაციის მულტი-პარტნიორული ნდობის ფონდის (M-MPTF)  წარმომადგენლები და გაეროს მიგრაციის ქსელის სამდივნოს ექსპერტები იყვნენ. ღონისძიების მსვლელობისას გაიმართა დისკუსია გლობალური მიგრაციის კომპაქტის გამოცდილებისა და სხვადასხვა ეტაპების შესახებ. ვებინარის მიზანი გლობალური მიგრაციის კომპაქტის პროცესებში საქართველოს აქტიური და შედეგიანი მონაწილეობის ხელშეწყობა და დამატებითი რესურსებისა და ინფორმაციის მიწოდებაა.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყით მიმართეს საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა - დოქტორმა საბინე მახლმა, IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს აღმასრულებელმა მდივანმა - გიორგი ჯაშმა.

გაეროს მიგრაციის ქსელი საქართველოში 2020 წლის 30 ივნისს დაარსდა და მისი მიზანი მიგრაციის მართვაში საქართველოს დასახმარებლად და საზოგადოების ჩართულობის გასაზრდელად გაეროს მხარდაჭერის სისტემის მაქსიმალურად გაძლიერება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი მექანიზმების შეთავაზებაა. 22 აპრილის შეხვედრა მეორეა გლობალური მიგრაციის კომპაქტის ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებებიდან, რომლებსაც IOM საქართველო და საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისი მიგრაციის საკითხების შესახებ კოორდინაციის გასაუმჯობესებლად და გაეროს მიგრაციის ქსელის სრულად ასამოქმედებლად გეგმავენ.  2020 წლის 30 დეკემბერს დამტკიცებული საქართველოს მიგრაციის 2021-2030 სტრატეგიის თანახმად „... მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია გაეროს მიგრაციის ქსელს, რათა ადგილზე ხელი შეუწყოს გაეროს სააგენტოებს შორის შიდა ეფექტიან კოორდინაციას და ამგვარად გამართული გარე კომუნიკაცია აწარმოოს მსსკ-სთან.“