უახლესი ამბები
Local

გაეროს მიგრაციის ქსელის დახმარებით, გაერომ ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გლობალური მიგრაციის კომპაქტის შესახებ დისკუსიაში ჩართო

გაეროს მიგრაციის ქსელის დახმარებით, გაერომ ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გლობალური მიგრაციის კომპაქტის შესახებ დისკუსიაში ჩართო

16 მარტს გაეროს სააგენტოებმა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ონლაინ სემინარი „გაეროს მიგრაციის ქსელის და ქართული სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა უსაფრთხო, მოწესრიგებული და კანონიერი გლობალური მიგრაციის კომპაქტის პროცესში“

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყით მიმართეს საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა - საბინე მახლმა, IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს უფროსმა - ნინო შეყრილაძემ და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს აღმასრულებელმა მდივანმა - გიორგი ჯაშმა.

მისასალმებელ სიტყვაში საბინე მახლმა განაცხადა: „უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში საქართველომ მიგრაციასთან დაკავშირებული არაერთი გამოწვევა მიიღო. საქართველო იმ ათასობით მიგრანტის სამშობლოა, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ და ცხოვრობენ, აქ ბევრი ოჯახი ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. თუმცა, საქართველო დღეს უკვე მიგრანტებისთვის სატრანზიტო დანიშნულების მქონე ქვეყანა გახდა, რომელიც, ამავდროულად, აქ მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის, რომელთა რაოდენობა მუდმივად იზრდება, იმედისმომცემი და უსაფრთხო ნავსაყუდელია.“

მისასალმებელი გამოსვლების შემდეგ, სემინარის მონაწილეებს გაეროს მიგრაციის ქსელის სამდივნოს წარმომადგენლებმა მიმართეს. სამოქალაქო საზოგადოების მეკავშირე  ოფიცერმა - მონამი მაულიკმა და პოლიტიკის ოფიცერმა - აბდელ დიოპმა ქსელის სტრუქტურაზე, რეგიონული განხილვის პროცესზე, საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის შესახებ დამსწრეებს ინფორმაცია მიაწოდეს. მათ ასევე წარმოადგინეს“ ჩემპიონი ქვეყნების ინიციატივა“, რომელიც მიზნად ისახავს საუკეთესო პრაქტიკის წარმოჩენას გლობალური მიგრაციის კომპაქტის დანერგვაში და რეგიონულ და ქვეყნის დონეზე მისი ქსელების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ სემინარში მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წევრებს საშუალება ჰქონდათ, დისკუსიის ფორმატში მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.

„2021 წელი ქსელის ამოქმედების წელი იქნება: ამ წლის ამბიციური გეგმა გლობალური მიგრაციის კომპაქტთან დაკავშირებული ღონისძიებებისა და ინიციატივების სერიებს მოიცავს.“ - განაცხადა IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია მზადაა განაგრძოს მუშაობა გლობალური მიგრაციის კომპაქტის დანერგვასა და საქართველოში გაეროს მიგრაციის ქსელის აქტივობებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მეტი ჩართულობის ხელშესაწყობად.. გაეროს მიგრაციის ქსელი კოორდინაციას უწევს საქართველოში გაეროს ერთობლივ ძალისხმევას მიგრაციის მართვის ხელშეწყობის მიმართულებით, რაც ქვეყნის 2021-2030 წლების მიგრაციის სტრატეგიის გლობალური მიგრაციის კომპაქტის დებულებების გათვალისწინებით  განხორციელებას გულისხმობს.