უახლესი ამბები
Global

გრეტა ტუნბერგი და IOM-ის გენერალური დირექტორი - ანტონიო ვიტორინო კლიმატური მიგრაციის მიმართულებით სასწრაფო მოქმედებისკენ მოგვიწოდებენ

ჟენევა / სტოკჰოლმი - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) გენერალური დირექტორის - ანტონიო ვიტორინოსა და კლიმატის დამცველი აქტივისტის - გრეტა ტუნბერგის თქმით, ადამიანთა გადაადგილებაზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედების დასაძლევად, სასწრაფო ზომების მიღებაა საჭირო.

გრეტა ტუნბერგმა და ანტონიო ვიტორინომ გლობალური კლიმატის ცვლილებისა და ადამიანთა გადაადგილებაზე მისი გავლენის შესახებ ისაუბრეს. პაკისტანში მომხდარი ისტორიული მასშტაბის წყალდიდობასთან და სომალიში გვალვასთან საბრძოლველად „გრეტა ტუნბერგის ფონდმა“ IOM-სთვის 275 000 ევრო გამოყო.

„ანტონიო, როგორც უკვე აღნიშნეთ, ადამიანებს, რომლებიც საცხოვრებელი გარემოს შეცვლას ფიქრობენ, ჩვენი დახმარება მუდმივად სჭირდებათ - გადაადგილებამდე, გადაადგილების პროცესში და შემდგომ პერიოდშიც. ეს მოვლენათა ჯაჭვია და, როგორც სხვა კრიზისულ სიტუაციაში, ამ შემთხვევაშიც ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ.“ - განაცხადა გრეტა ტუნბერგმა

„სრულად ვეთანხმები გრეტას ნათქვამს. ვფიქრობ, მომავალი თაობები შთაგონებისა და გამძლეობის წყაროა, რომელიც ამ უზარმაზარ გამოწვევას არ უშინდება.“ - განაცხადა IOM-ის გენერალურმა დირექტორმა, ანტონიო ვიტორინომ.

ადამიანთა ცხოვრებაზე კლიმატის ცვლილების გავლენის გამო ყოველწლიურად 20 მილიონი ადამიანი იძულებული ხდება, საცხოვრებელი გარემო შეიცვალოს. გარემოს გლობალური კრიზისის თავიდან არიდება და კლიმატური მიგრაციის გავლენებზე რეაგირება სასიცოცხლოდ აუცილებელია.

„ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია უამრავი ადამიანისთვის, რომლებიც კლიმატის ცვლილების გამო იძულებით გადაადგილდებიან.“ - განაცხადა გრეტამ.

კლიმატური მიგრაცია სინამდვილეა და სასწრაფოდ უნდა ვიზრუნოთ ადამიანებზე, რომლებიც ადგილზე რჩებიან, გადაადგილდებიან ან გადაადგილებას გეგმავენ.

„ყველაზე მძიმედ კლიმატის ცვლილება იმ მოსახლეობაზე აისახება, რომელმაც დღეს არსებული გამოწვევების მიმართ წარსულში არასათანადო ყურადღება გამოიჩინა. შესაბამისად, უნდა გაგვაჩნდეს სოლიდარობისა და პასუხისმგებლობის გაზიარების გრძნობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც კლიმატის ცვლილებას ყოველდღიურად საკუთარ თავზე გრძნობენ.“ - განაცხადა ანტონიო ვიტორინომ.

მხოლოდ სომალისა და პაკისტანში, ამინდის ექსტრემალური ცვლილების გამო, ჰუმანიტარული დახმარება 15 მილიონ ადამიანზე მეტს ესაჭიროება. შემოწირულობა „გრეტა ტუნბერგის ფონდისგან“ IOM-ს ორივე ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე სწრაფ რეაგირებაში ეხმარება.

„IOM მადლობას უხდის ფონდს გულუხვი შემოწირულობისთვის და ვამაყობთ, რომ მიგრაციაზე კლიმატის ცვლილების გავლენის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად გრეტასთან ვთანამშრომლობთ.“ - განაცხადა ვიტორინომ.

IOM-ის და კლიმატის ახალგაზრდა აქტივისტების ძალისხმევას გრეტამაც გაუსვა ხაზი.

„ყველას განსხვავებული როლი აქვს. IOM-ის მსგავსი ორგანიზაციები ძალიან მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებით დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად. ყველა, ვისაც თქვენი მხარდაჭერა შეუძლია, სამუშაოს შესრულებაში უნდა დაგეხმაროთ. თითოეული ჩვენგანი, რომელსაც მიგრანტებისა და კლიმატის დაცვა და მათი საჭიროებების შესახებ საუბარი შეუძლია, ასე უნდა მოიქცეს. “ - განაცხადა გრეტამ.

IOM მოწადინებულია პაკისტანისა და სომალის მოსახლეობებისთვის სასიცოცხლო დახმარების გასაწევად, მაგრამ ამას დამოუკიდებლად ვერ გავუმკლავდებით - დაგვეხმარეთ, რომ დავეხმაროთ.

გაიგეთ მეტი IOM-ის აქტივობების შესახებ მიგრაციის, გარემოს, კლიმატის ცვლილებისა და რისკების შემცირების კუთხით. 

გააკეთე შემოწირულობა

„გრეტა ტუნბერგის ფონდის“ შესახებ    

„გრეტა ტუნბერგის ფონდი“ მუშაობს მდგრადობის მხარდასაჭერად გლობალური გადმოსახედიდან და ხელს უწყობს ეკოლოგიურ, კლიმატურ და სოციალურ მდგრადობას. ფონდი 2019 წელს დაარსდა, ჯილდოებიდან და შემოწირულობებიდან შემოსული თანხის განაწილების მიზნით იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც სამართლიანი და მდგრადი სამყაროს შესაქმნელად მუშაობს. იხილეთ დამატებითი ინფორმაცია ფონდის შესახებ.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის შესახებ

IOM 72 წლის წინ, 1951 წელს დაარსდა და მიგრაციის სფეროში დღემდე წამყვან მთავრობათაშორის ორგანიზაციად მიიჩნევა. 174 წევრი სახელმწიფოთი და ოფიციალური წარმომადგენლობით 100-ზე მეტ ქვეყანაში, IOM თავისი პრინციპების ერთგული რჩება - ჰუმანური და მოწესრიგებული მიგრაცია სარგებლის მომტანია არამხოლოდ მიგრანტებისთვის, არამედ მასპინძელი საზოგადოებისთვისაც. ორგანიზაცია საკუთარ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს მიგრაციის გამოწვევების დაძლევაზე, მიგრაციის საკითხების უკეთ გააზრებაზე, მიგრაციის მეშვეობით სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებასა და თითოეული მიგრანტის კეთილდღეობისა და ადამიანის უფლებების დასაცავად.