უახლესი ამბები
Local

IOM-ის წარმატებული შედეგები კახეთის რეგიონში

სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი, ბარბარა ბონი და პარტნიორი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრაზე, თელავის მუნიციპალიტეტში.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) პარტნიორებთან ერთად, კახეთის რეგიონის ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ვიზიტის ფარგლებში, მიმოიხილა პროექტის - „საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების შესაძლებლობების გაძლიერება“, შედეგები. აღნიშნული ინიციატივა, რომელიც ხორციელდება შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განვითარების ფონდის თანადაფინანსებით (IDF), ადასტურებს IOM-ის ინტეგრირებული მიდგომის წარმატებულ შედეგებს, რაც მიმართულია დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მდგრადობისა და ადგილობრივი თემების გასაძლიერებლად.  

დელეგაციაში შედიოდნენ IOM-ის საქართველოს მისიის უფროსი, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი, აგრეთვე სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი ბარბარა ბონი და პარტნიორი სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნო.

დელეგაციის წევრები შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერს - ალექსი ფიცხელაურს და თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს - ფიქრია ყუშიტაშვილს, აგრეთვე, მუნიციპალური სერვის ჰაბების კონსულტანტებს, რომლებიც დაბრუნებულ მიგრანტებს მათ საჭიროებებზე მორგებულ დახმარებას სთავაზობენ. მუნიციპალური სერვის ჰაბები, რომლებიც შექმნილია IOM-ის ინიციატივით, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, წარმოადგენენ საინფორმაციო - საკონსულტაციო ცენტრებს, რომლებიც ემსახურებიან, როგორც დაბრუნებულ მიგრანტებსა ისე საზღვარგარეთ მყოფ, დაბრუნებით დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებს და აწვდიან მუდმივად განახლებულ ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ სახელმწიფოსა თუ დონორი ორგანიზაციების მიერ მხარადჭერილ სოცილურ და ეკონომიკურ პროგრამებზე.

სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა ხაზი გაუსვა ახმეტის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და შვეიცარიის ფინანსური მხარდაჭერით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. “IOM ახმეტის მუნიციპალიტეტთან 2020 წლიდან თანამშრომლობს, როგორც ინდივიდუალურ, ისე  სათემო და სტრუქტურულ დონეზე. ვამაყობთ იმ შედეგებით, რომელსაც ერთობლივად მივაღწიეთ ჩვენი შვეიცარიელი პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით. ძლიერი ადგილობრივი მუნიციპალიტეტი არის აუცილებელი პირობა ქვეყანაში მიგრაციის ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად. IOM მომავალშიც გააგრძელებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას მიგრაციის სფეროში მათი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რათა რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისას, დაბრუნების თემების ინტერესებიც იყოს გათვალისწინებული“.

ვიზიტის შეფასებისას, ბარბარა ბონიმ აღნიშნა სანდო ინფორმაციასა და შესაბამის კონსულტაციაზე წვდომის აუცილებლობა და მიესალმა IOM-ის, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობების ეფექტურ თანამშრომლობას. „შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო მიიჩნევს, რომ დაბრუნებული მიგრანტებისთვის გადამწყვეტია ჰქონდეთ წვდომა სანდო ინფორმაციასა და მათ საჭიროებებზე მორგებულ კონსულტაციაზე, რაც ხელს შეუწყობს მათ რეინტეგრაციას. მოხარული ვართ, რომ მხარს ვუჭერთ IOM-ის ინიციატივას, რომელიც ეფექტურად თანამშრომლობს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ამ საჭიროებების უზრუნველსაყოფად. მივესალმებით ახმეტის მუნიციპალური მომსახურების ცენტრის მუშაობას, რომელსაც მნიშვნელოვან მხარდაჭერას უჭერს ახმეტის ადგილობრივი ხელისუფლება. მხოლოდ 2024 წელს, მუნიციპალური მომსახურების ცენტრმა დახმარება 100-ზე მეტ დაბრუნებულ მიგრანტს გაუწია“.

ვიზიტის დროს, დელეგაციის წევრებმა უშუალოდ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისაგან მოისმინეს ადგილობრივ მოსახლეობაზე პროექტის პოზიტიური გავლენის მაგალითები, ისეთი როგორიცაა სოფელ ქისტაურის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია, რომელიც ადგილობრივ ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესს უწევს პოპულარიზებას. ახმეტის მუნიციპალიტეტმა, მნიშვნელოვანი თანადაფინანსება გამოყო ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სპორტული დარბაზისთვის გამოყოფილი შენობის რეკონსტრუქციისთვის. საუბარი ასევე შეეხო მუნიციპალური სერვის ჰაბების ფუნქციების გაციფრულებასა და სტრუქტურის ინსტიტუციონალიზაციას. 

ვიზიტი პროექტის ბენეფიციართან, მარინა რაიდტ-ალთუნაშვილთან შეხვედრით დასრულდა, რომელმაც  20 წელი  გერმანიაში იცხოვრა, სადაც  მუსიკალური თერაპიის მიმართულებით მუშაობდა. ამჟამად, მარინა საკუთარ მუსიკალური თერაპიის ცენტრს „ლეგატო“-ს მართავს თელავში და სხვადასხვა ჯგუფებს, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს/სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს, ონკოლოგიურ პაციენტებს და ა.შ. უტარებს მუსიკალური თერაპიის სეანსებს. ამ სერვისის განვრცობა ახმეტისა და შემდეგ ყვარლის მუნიციპალიტეტებშიცაა დაგეგმილი. პროექტმა ამ მიზნით ცენტრს შესაბამისი პროფესიული ინსტრუმენტები, აგრეთვე, აღჭურვილობა და ავეჯი შეუძინა. ცენტრი, რომელიც თემის გაძლიერების ინიციატივის ფარგლებში ჩამოყალიბდა, ადგილობრივ საზოგადოებაზე წარმატებული ინიციატივის დადებითი გავლენის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია.