უახლესი ამბები
Local

IOM-ის დახმარებით სოფელ ბიკუსციხეში მულტიფინქციური სათემო ცენტრი გაიხსნა

IOM-ის დახმარებით სოფელ ბიკუსციხეში მულტიფინქციური სათემო ცენტრი გაიხსნა 

გურიის რეგიონში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი მიგრაციის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. სწორედ ამ მუნიციპალიტეტმა გამოავლინა განსაკუთრებული ინტერესი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტის „მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება, პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების შერჩეულ თემებში“  ფარგლებში, მდგრადი რეინტეგრაციისა და თემების ჩართულობის მიმართულებით შემუშავებული მიდგომების მუნიციპალიტეტის მასშტაბით პილოტირების შესახებ, შესაბამისად ერთ-ერთ სამიზნე მუნიციპალიტეტად შეირჩა კიდეც.

ჩოხატაურის მერიასთან მჭიდრო თანამშრომლობით, მიგრაციის მაჩვენებლისა და უკან დაბრუნებული მიგრანტების სიმრავლის გათვალისწინებით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი ბუკისციხე შეარჩია სადაც თემის განვითარების პრიორიტეტული პროექტის განხორციელება გადაწყდა.

2021 წელს, ბუკისციხეში, შერჩევითი პრინციპით ჩატარებულმა გამოკითხვამ მოსახლეობას შორის, რომელიც სოფელში სათემო პროექტის განსახორციელებლად პრიორიტეტების გამოვლენას ემსახურებოდა ცხადყო, რომ სასოფლო ინფრასტრუქტურის მოწყობა ხელს შეუწყობდა ადგილობრივებს თავიანთი საცხოვრებლები არ დაეტვებინათ, რაც თავის მხრივ მიგრაციულ პროცესებს შეაჩერებდა. 

მუნიციპალიტეტთან კონსულტაციებისა და ერთობლივი შეთანხმების შედეგად, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ხელი შეუწყო სოფელში მულტიფუნქციური სათემო ცენტრის შექმნას, რომელიც სრულად პასუხობს კვლევის მონაწილე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ჩამოყალიბებულ პრიორიტეტებსა და მოთხოვნებს. ცენტრში არის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სივრცე ტრენინგებისათვის, საინფორმაციო შეხვედრაბისათვის, სათემო შეკრებებისათვის, ასევე სპორტული აქტივობებისათვის, რაც თემის განვითარებაზე დადებითად აისახება.

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი მუშაობა საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა სოფელ ბუკისციხისთვის. შევქმენით სათემო ცენტრი, საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც სოფელში მცხოვრებ ნებიმსიერ ასაკობრივ ჯგუფს აძლევს შანსს უმასპინძლონ სხვადასხვა ტიპის აქტივობებს, ჰქონდეთ მეტი სოციალიზაცია და განავითარონ თემი. ცენტრის არსებობა დადებითად წაადგება ყველას, მათ შორის სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს, მათ ოჯახებს, ასევე არამიგრანტ მოსახლეობას, რაც საბოლოო ჯამში მიმართულია იმისკენ, რომ გადავდგათ ნაბიჯი წინ მდგრადი და მედეგი რეინტეგრაციული პროცესებისკენ,“ განაცხადა ჩოხატაურის მერმა, დავით შარაშიძემ.   

აღსანიშნავია, რომ გარდა სოციალური ასპექტებისა, ცენტრი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ხშირად იმართება შეხვედრები მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შექმნილი, საინფორმაციო-რეფერალური ცენტრის „სერვის ჰაბის“ წარმომადგენლებთან, რომლებიც მოსახლეობას, მათ შორის საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს, აწვდიან სასარგებლო ინფორმაციას რეგიონში მიმდინარე სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების შესახებ.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), 2002-2023 წლებში, ახორციელებდა პროექტს „მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება, პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების შერჩეულ თემებში“, რომელიც დაფინანსებული იყო მიგრაციის განვითარების ფონდის (IDF) და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ.

 

ფოტო: IOM საქართველო