უახლესი ამბები
Local

IOM ეხმარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის რისკების ანალიზის შესაძლებლობების განვითარებაში

2022 წლის 5-7 დეკემბერს, IOM-მა საზღვრის რისკების ანალიზის საკითხზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ანალიტიკოსებისთვის ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგი მიზნად ისახავდა საზღვრის მართვაში ჩართული შსს დანაყოფების (საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი, სასაზღვრო პოლიცია, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და მიგრაციის დეპარტამენტი) ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარებას.

თბილისში ჩატარებულ 3 დღიან ტრენინგს ლიეტუვიდან მოწვეული ტრენერი უძღვებოდა. სესიების მსვლელობისას ანალიტიკოსებმა მიიღეს ინფორმაცია საზღვრის რისკების ანალიზის არსის და მისი დონეების, ანალიზის პრაქტიკაში განხორციელების, მონაცემების წყაროების გამოყენების, ინფორმაციის დამუშავების და გაცვლის საშუალებების, ანალიტიკური პროდუქტების მომზადების შესახებ და ა.შ. ტრენინგი ჩატარდა ინტერაქტიულ გარემოში რამაც თეორიული ცოდნის გარდა მონაწილეებს საშუალება მისცა მიეღოთ გარკვეული პრაქტიკული უნარები, ჯგუფური სავარჯიშოების და გამოცდილების გაზიარების მეშვეობით.

აქტივობა ასევე ითვალისწინებდა კონკრეტული ანალიტიკური ინსტრუმენტების და ტექნიკების გამოყენების ხელშეწყობას, რაც ანალიტიკოსებს დაეხმარება სასაზღვრო დანაშაულის ტენდენციებზე მონაცემების დამუშავების სტრუქტურირებაში, რაც თავის მხრივ აამაღლებს მათ ანალიტიკურ შესაძლებლობებს და ასევე გააძლიერებს უწყების შიგნით და უწყებათაშორის დონეზე კოორდინაციას, უკანონო მიგრაციის აღკვეთის და ყველა ფორმის ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლის კუთხით.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საზღვრის და მიგრაციის მართვის ხელშეწყობისკენ მიმართული ქმედება საქართველოსთვის (BMMAG): საქართველოს მთავრობის ხელშეწყობა საზღვრისა და მიგრაციის მართვის შესაძლებლობების შემდგომ გაძლიერებაში“ ფარგლებში. პროექტი აგრძელებს შესაძლებლობების განვითარების აქტივობების ციკლს, რომელიც წლების მანძილზე IOM-ის მიერ ხორციელდება ევროკავშირის დახმარებით.