უახლესი ამბები
Local

IOM-ის EMERGE პროექტის მე4 საკოორდინაციო შეხვედრა

9 დეკემბერს IOM-მა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „მიგრანტთა უფლებების დაცვა და დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება სომხეთში და საქართველოში (EMERGE)” მეოთხე საკოორდინაციო შეხვედრა გამართა. ღონისძიებას პროექტის პარტნიორი სახელმწიფო უწყებების  - შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის, შემოსავლების სამსახურის, იუსტიციის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები დაესწრნენ.

IOM-მა დამსწრეებს 2021 წლის ივლისი-დეკემბრის პერიოდის მიღწევები წარუდგინა, რომელთა შორისაა სიღრმისეული კვლევები „მიგრანტებისადმი საზოგადოების დამოკიდებულება და მედია დისკურსი იმიგრაციის შესახებ“ და „მიგრანტთა ინტეგრაციის პოლიტიკა და პრაქტიკა საქართველოში - მიღწევები და გამოწვევები“, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება მიგრანტებთან კომუნიკაციის კუთხით ისეთი აქტივობებით, როგორიცაა ინგლისური ენის კურსები საპატრულო და ტურისტული პოლიციის თანამშრომლებისთვის, მიგრაციის საერთაშორისო კანონმდებლობა და ტრენინგ კურსი კულტურათაშორისი კომუნიკაციის შესახებ. ამასთან, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, IOM-მა საკუთარი გლობალური აპლიკაციების - „MigApp“-ისა და „Mita - მიგრაციის სათარგმნი აპლიკაციის“ შესახებ მასშტაბური სარეკლამო ღონისძიებები გამართა.

EMERGE რეგიონალური პროექტია, შესაბამისად მისი აქტივობები სომხეთში და საქართველოში ერთდროულად ხორციელდება და ზოგი ღონისძიება რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. მათ შორისაა 15-16 ნოემბერს გამართული რეგიონული კონფერენცია რეინტეგრაციის, დაბრუნებისა და შრომითი მიგრაციის შესახებ COVID-19 პანდემიის კონტექსტში და პარტნიორობა სამოქალაქო საზოგადოებასთან, რომლის მიზანია ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესწავლა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციამ IOM-ის დახმარებით „მიგრაციის საკითხების ადვოკატირების ქსელი“ დააფუძნა, რომლის ფარგლებშიც მიგრაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან საპასუხოდ ისინი ძალების გაერთიანებას გეგმავენ. IOM-მა ასევე ისაუბრა მიგრანტებისთვის იურიდიული და ინტეგრაციასთან დაკავშირებული დახმარების გაწევისას ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ.

შეხვედრის  ბოლოს IOM-მა მიგრანტთა საერთაშორისო დღისა და ქსენოფობიასთან ბრძოლისადმი მიძღვნილი გამოფენის გეგმა წარმოადგინა. პროექტის მნიშვნელოვანი კომპონენტია მიგრანტების უფლებების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, მრავალფეროვნების ხელშეწყობა, კანონიერი და უსაფრთხო მიგრაციის უპირატესობების და ადგილობრივ თემებზე მიგრანტების პოზიტიური გავლენის ხაზგასმა. IOM-მა ეს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან თანამშრომლობით, მიგრანტთა ისტორიების საშუალებით განახორციელა. გამოფენა „მიგრაციის სახეები 2021“ ამ ძალისხმევის გაგრძელებაა. ფოტო გამოფენა თბილისში, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე 2021 წლის 18 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით გაიმართება და ის საქართველოში მცხოვრები განსხვავებული კულტურის მქონე მიგრანტების შესახებ გვიამბობს, რომლებიც საკუთარი ოცნებების ახდენას ცდილობენ. ფოტო ისტორიები ხელმისაწვდომი იქნება IOM-ის ვებგვერდსა და სოციალური მედიის არხებზე.